ფერგიუსონს ბრილიანტი არ მოეწონა

AutoSharing Option

„ჩელსის“ ფეხბურთის ასოციაციის თასისთვის ბრძოლის შანსი სალომონ კალუმ შეუნარჩუნა - არადა, კოტ დ’ივუარელმა ფორვარდმა მოედანზე მხოლოდ ბოლო 20 წუთი დაჰყო.

 

„ევერტონის“ ფრანგი თავდამსხმელის, ლუი საას შედეგიანმა თავურმა ტიტულის ბოლო ორი წლის მფლობელი კინაღამ მეოთხე ეტაპიდანვე გამოთიშა შეჯიბრებას, მაგრამ კალუმ მოედანზე შესვლიდან 5 წუთში „ლურჯების“ კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა და ახლა გუნდები „სტემფორდ ბრიჯზე“ გაარკვევენ მერვედფინალისტის ვინაობას.

 

საგულისხმოა, რომ კალუს გოლამდე წამებით ადრე მასპინძლებს შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა, მაგრამ სიმუს კოულმენს პეტრ ჩეხმა აუღო დიდებულად. თუ ხელიდან გაშვებულ მომენტებს გავიხსენებთ, უპირველეს ყოვლისა დიდიე დროგბა უნდა

ვახსენოთ, რომელმაც მე-5 წუთზე მეკარე ტიმ ჰოვარდს ბრწყინვალე პოზიციიდან უღონოდ დაურტყა. შეხვედრის მიწურულს ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსი: რამირესმა ძელს გაარტყა, ჯერმაინ ბეკფორდმა კი კვლავ ჩეხის ოსტატობა შეამოწმა. კიდევ, ამ შეხვედრაში, საინტერესო ის იყო, რომ სტუმარი გუნდის ფანები მთელი შეხვედრის განმავლობაში ომახიანად ყვიროდნენ „ჩელსის“ მეცხრე ნომერი ფერნანდო ტორესიაო. შეგახსენებთ: შეხვედრა ლივერპულში მიმდინარეობდა, ამ ქალაქს კი ორი ერთმანეთის მოშუღლე გუნდი ჰყავს, „ევერტონი“ (რომელსაც „ჩელსი“ ეთამაშებოდა) და „ლივერპული“, საიდანაც ლონდონელები ტორესის გადაბირებას ცდილობდნენ.

ბირმინგემში, „ვილა პარკზე“, „ასტონ ვილამ“ „ბლექბერნს“ 3:1 მოუგო. ამ ამბავში ყველაზე სახალისო ის არის, რომ მასპინძელთა სამი გოლიდან ერთი რობერ პირესმა გაიტანა.

 

ფრანგული ფეხბურთის ვეტერანი კიდევ რომ თამაშობდა და თან პრემიერლიგის გუნდში რომ იყო ყველას კარგად მოგვეხსენებოდა, მაგრამ 37 წლისა გოლსაც თუ გაიტანდა... თუმცა, ვატყობთ, უკბილო ხუმრობა გამოგვივიდა და ამიტომ ინფორმაციას სერიზული სახე მივცეთ: რობერ პირესმა „ასტონ ვილას“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ, გამარჯვებულთა თავკაცმა ჟერარ ულიემ თანამემამულე შეაქო:

„მთავარია, რომ ის ჯანმრთელად არის და ფიზიკურად ჩინებულ ფორმაშია. წინა ტურში „შეფილდ იუნაიტედთანაც“ ვათამაშე და ვატყობ, რომ საქმეს უკეთ და უკეთ ართმევს თავს.

 

პასის გრძნობას კი, აბა, როგორ დაკარგავდა. გოლი რომ გაიტანა სათადარიგოთა სკამზე ისე გაუხარდათ, რომ აშკარად გამოჩნდა - პირესი გუნდში უყვართ. ის კარგი ადამიანია.“

ადრეც გვიხსებებია, რომ ამ კარგ ადამიანს კონტრაქტის თანახმად მძღოლი ემსახურება.

ბირმინგემის მეორე, ქალაქის მოსახელე გუნდს კი „ჩემპიონშიპის“ წარმომადგენელ „ქოვენთრისთან“ ჰქონდა შეხვედრა და 3:2 მოუგო. მასპინძელთაგან ორი გოლი მივიწყებულმა ფეხბურთელებმა სტიუარტ პერნებიმ და კევინ ფილიპსმა გაიტანეს.

 

მნიშვნელოვანია, რომ თავიდან 2:0-ს „ქოვენთრი“ იგებდა. გამარჯვებულთა თავკაცს ალექს მაკლიშსაც ყველაზე მეტად სწორედ თავისი ბიჭების სულის უტეხობა მოეწონა, მაგრამ დასძინა, რომ იმედი აქვს ასეთ სიხარულს ხშირად არ მიანიჭებენ, თორემ შეიძლება გული გაუსკდეს.

„ბოლტონისა“ და „უიგანის“ თამაში 0:0 დამთავრდა. სტუმრების ესპანელმა თავკაცმა რობერტო მარტინესმა დაამტკიცა, რომ პრემიერლიგის ცხრილში მე-18 ადგილზე ყოფნის მიუხედავად მისი ბიჭები მორალურად არ დაცემულან და თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ: კითხვას, ვინ გავა მერვედფინალში, ახლა, „რიბოკ სთედიუმზე“ გაეცემა პასუხი.

„მანჩესტერ იუნაიტედმაც“ თამაშის შემობრუნების უნარით გამოიჩინა თავი, თუმცა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ამას უკვე ვინ მოთვლის მერამდენედ აკეთებს. „იუნაიტედს“ ჯერ ჩამორჩენა და მერე მოგება როგორც ჩანს ჩვევად ექცა, რაკიღა პირველი ლიგის გუნდთანაც ასე მოიქცა. მანჩესტერელთაგან ვეტერანმა მაიკლ ოუენმა და ხავიერ ერნანდესმა გაიტანეს. ერნანდესის გამარჯვების გოლი ბევრისთვის კიდევ ერთი არგუმენტია, რომ უეინ რუნის „იუნაიტედში“ მთლად კარგად ვეღარ აქვს საქმე. ფერგიუსონმა ინგლისელი ვარსკვლავი ამ შეხვედრაში საერთოდ არ შეიყვანა მოედანზე - სათადარიგოთა სკამზე დატოვა. მატჩის შემდეგ ფერგიმ თქვა:

„ხანდახან ჩვენ თავად ვირთულებთ საქმეს, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ დღეს მეც ზედმეტად გადავასხვაფერე შემადგენლობა და რაც მთავარია სათამაშო სისტემა. მინდოდა ნახევარდაცვის შუაში ეგრეთ წოდებული „ბრილიანტის განლაგება“ მომესინჯა, არადა, მოგეხსენებათ, „იუნაიტედი“ ფლანგებზე გაშლილ თამაშს არის დაჩვეული. „ბრილიანტმა“ არ გაამართლა. ბურთს კი ვფლობდით, მაგრამ მომენტებს ვერ ვქმნიდით.“

„არსენალის“ კაპიტანი სესკ ფაბრეგასი „ემირეიტ სთედიუმზე“ „ჰადერსფილდთან“ შეხვედრაში მოედანზე საფინალო სასტვენამდე 21 წუთით ადრე შევიდა და გამარჯვების პენალტი შეაგდო. ამ შეხვედრაში „მეთოფეებმა“ გასული კვირის შუაში „ქარლინგის თასზე“ „იფსვიჩთან“ ჩატარებულ შეხვედრასთან შედარებით შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისეს, მაგრამ ანგარიშის გახსნა ასეც შეძლეს: ნიკლას ბენდტნერის დარტყმული პიტერ კლარკმა თავის კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ კი მასპინძლებს ცუდი ამბავი შეემთხვათ - ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, სამირ ნასრი დაუშავდათ. ფრანგს ორთავა კუნთი ისე დაუზიანდა, რომ შესაძლოა „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც კი ვერ ითამაშოს. ამას გაძევება მოჰყვა: მსაჯმა მარკ კლეტენბერგმა სებასტიან სკილაჩი ჯეკ ჰანტის წაქცევისთვის წითელი ბარათით დასაჯა. შემდეგ ალან ლიმ თავურით გაქვითა, მაგრამ ჩრდილოლონდონელების გასახარად ფაბრეგასმა პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა - კლეტენბერგმა ჩათვალა, რომ ჯეიმი მაკკომბმა ბენდტნერთან ორთაბრძოლის დროს წესი დაარღვია და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მატჩის შემდეგ „არსენალის“ თავკაცმა არსენ ვენგერმა თქვა:

„როგორც ჩანს ნასრი სერიოზულად დაგვიშავდა. ასეთი ტრავმების დროს ფეხბურთელებს, როგორც წესი, სამი კვირა უცდებათ ხოლმე. იქნებ გაგვიმართლოს და სამირი ორ კვირაში გამოჯანმრთელდეს. მართალი გითხრათ მისი თამაში არც მინდოდა, მაგრამ ტომაშ როსიცკი ძალიან სუსტად იყო და სხვა გზა აღარ მქონდა.“

„სტოკმა“ ვულვერჰემპტონში 1:0 ბოლო 10-15 წუთში გადატანილი ნერვიულობის წყალობით მოიგო. უფრო კონკრეტულად: რობერტ ჰუთმა 81-ე წუთზე თავური გოლი შეაგდო, მსაჯის დამატებულ წუთებზე კი მეკარე ტომას სიორესენმა პენალტი მოიგერია.

 

ჰუთს კუთხურიდან მაღალი პასი მეტიუ ეზერინგტონმა აუწია. ბედის ირონიით იგივე ჰუთი გახლდათ ბოლო, დრამატული ეპიზოდის ერთ-ერთი მთავარი გმირიც: ნენად მილიაში სტუმრების საჯარიმოში სწორედ მისი წინააღმდეგობის შედეგად წაიქცა და სიორენსენის ყოჩაღობა რომ არა მოედანს გაწბილებული დატოვებდა. ცნობისთვის: „ტოკმა“ „ვულვზს“ ფეხბურთის ასოციაციის თასზე ისტორიაში პირველად მოუგო.

 

„მანჩესტერ სიტი“ კი „ვოლფსბურგიდან“ სულ ახლახან გადასულ ბოსნიელ ედინ ჯეკოს უნდა უმადლოდეს თასის გათამაშებას რომ არ გამოეთიშა. ჯეკო რომ არა პირველი ლიგის „ნოთს ქაუნთი“ მოუგებდა. „ქაუნთიმ“ წინა ეტაპზე შეჯიბრებიდან „სანდერლენდი“ მოისროლა და ახლა ნილ ბიშოპის თავურით პრემიერლიგის ერთ-ერთ ლიდერსა და ჩემპიონობის პრეტენდენტს უპირებდა იგივეს. კაცმა რომ თქვას ფეხბურთის ასოციაციის თასზე სენსაციები ისეთივე ძველი ამბავია, როგორც თავად „ქაუნთი“ და 60-დან 80-ე წუთამდე ყველას ეგონა, რომ მორიგი შოკის წინაშე იდგნენ, მაგრამ ბოსნიელს ამ საკითხზე სხვა აზრი აღმოაჩნდა და საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე მიკა რიჩარდსის დაბალი პასი გოლად აქცია. ახლა, მეტოქეები მერვედფინალისტის გასარკვევად  კიდევ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, თანაც მანჩესტერში, ისტლენდზე. შეხვედრის მიწურულს გოლის გატანის შანსი „სიტისაც“ ჰქონდა და „ქაუნთისაც“. სასეიროა, რომ ამ შეხვედრას კვიმატმა ინგლისელმა ჟურნალისტებმა უკვე შეარქვეს მსოფლიოს უძველესი და უმდიდრესი კლუბების დაპირისპირება.

პრემიერლიგის აუტსაიდერი „ვესტ ჰემი“ კი ვიქტორ ობინას ჰეთ-თრიკის წყალობით გავიდა მერვედფინალში. ხუთგოლიანი შეხვედრიდან ოთხი სრულიად გადარეულ პირველ ტაიმში გავიდა. წონასწორობა 23 წლის ნიგერიელმა შესვენების შემდეგ, 52-ე წუთზე პენალტით შეაგდო. ამ შეხვედრაში იღბალმა მონაწილეობა პირდაპირი მნიშვნელობით გადაწყვიტა და პირველი ტაიმის გოლებს თავისი სერიოზული დაღი დაასვა, რასაც სატელევიზიო მიმოხილვებსა და ინტერნეტ საიტებზე, ეჭვი არ არის, თქვენი თვალით ნახავთ.

დაბოლოს, იმის შესახებ თუ როგორ გაანადგურა „ფულჰემმა“ „ტოტენჰემი“ - ლონდონური დერბი „კრეივენ კოტეჯზე“ 4:0 დასრულდა. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

 

პირველი და მეორე გოლი დენი მერფიმ სამწუთიან ინტერვალში დანიშნული ორი პენალტით გაიტანა. მეორე თერთმეტმეტრიანის ეპიზოდი „სფურზის“ კაპიტან მაიკლ დოუსონს წითელ ბარათად დაუჯდა - კლინტ დეპსის წაქცევისთვის მოედანი დაატოვებინეს. მეორე ტაიმი სრული ფორმალობა გახლდათ.


ევერტონი-ჩელსი 1:1
გოლები: 1:0 საა (62), 1:1 კალუ (75)


სუონსი-ლეიტონი 1:2
გოლები: 0:1 სმიტი (35), 1:1 ვან დერ გუნი (45), 1:2 ტეიტი (88 ს.კ.)


ასტონ ვილა-ბლექბერნი 3:1
გოლები: 1:0 კლარკი (11), 1:1 კალინიჩი (18), 2:1 პირესი (35), 3:1 (დელფუენსო (42)


ბირმინგემი-ქივენთრი 3:2
გოლები: 0:1 კინგი (11), 0:2 ვუდი (26), 1:2 ბენტლი (35), 2:2 პერნები (67), 3:2 ფილიპსი (73)


ბოლტონი-უიგანი 0:0


ბარნლი-ბარტონი 3:1
გოლები: 1:0 იგლზი (29), 2:0 იგლზი (70), 2:1 ზოლა (80), 3:1 პეტერსონი (90)


შეფილდი-ჰერეფორდი 4:1
გოლები: 0:1 ფლიტვუდი (9), 1:1 პოტერი (15), 2:1 მორისონი (69), 3:1 ჯონსონი (77), 4:1 მორისონი (79)


სტივენიჯი-რედინგი 1:2
გოლები: 0:1 ლეიგერტვუდი (23), 1:1 ჩარლზი (72), 1:2 ლონგი (87)


თორგუეი-ქროული 0:1
გოლები: 0:1 ტაბსი (39)
ვერ გაიტანა პენალტი: ტაბსი (61)
ვერ გაიტანა პენალტი: მაკალისტერი (68)


უოტფორდი-ბრაიტონი 0:1
გოლები: 0:1 ბერნესი (16)


საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:2
გოლები: 1:0 ჩეპლოუ (45), 1:1 ოუენი (65), 1:2 ერნანდესი (75)


არსენალი-ჰადერსფილდი 2:1
გოლები:  1:0 კლარკი (22 ს.კ.), 1:1 ლი (66), 2:1 ფაბრეგასი (86-პენ)


ვულვერჰემპტონი-სტოკი 0:1
გოლები: 0:1 ჰუთი (81)

 

ნოთს ქაუნთი-მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 0:1 ბიშოპი (59), 1:1 ჯეკო (80)

 

ვესტ ჰემი-ნოტინგემ ფორესტი 3:2
გოლები: 1:0 ობინა (4), 1:1 ადებოლა (18), 1:2 მაკგოლდრიკი (40), 2:2 ობინა (42), 3:2 ობინა (52)


ფულჰემი-ტოტენჰემ ჰოთსპური 4:0
გოლები: 1:0 მერფი (11-პენ), 2:0 მერფი (14-პენ), 3:0 ჰანგელანდი (23), 4:0 დემბელე (45).

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული