ამბობენ, თუ ტორესი "ჩელსიში" გადავა "ენფილ როუდზე" მაინცდამაინც არავინ გამოეტირება. "დეილი მეილმა" ამის თაობაზე ერთ-ერთ ლივერპულელ ფეხბურთელს ჰკითხა და საინტერესო პასუხი მიიღო:
"ჩვენს გუნდში მისი ოსტატობით ყველა აღფრთოვანებული იყო, მაგრამ სიყვარულით ის არასდროს ჰყვარებიათ."
"ლივერპულიდან" გაქცევის საშუალებას ტორესს კონტრაქტის ის მუხლი აძლევს, რომელშიც წერია, რომ თუკი ის 50 მილიონს "შემოიტანს" შეუძლია სადაც უნდა იქ გადავიდეს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ ტრანსფერთა შორის სარეკორდო 2008 წელს "რეალიდან" "მანჩესტერ სიტიში" რობინიოს გადაყვანა იყო. ბრაზილიელი ისტლენდელებს 32,5 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.
ამბობენ, რომ როდესაც დაინახეს როგორ უნდოდა ტორესს "ჩელსიში" გადასვლა, "ლივერპულში" გაკვირვებისგან ყველამ პირი დააღო.
არადა, "წითლები" "აიაქსიდან" 23 მილიონ ფუნტად ურუგვაელ ლუის სუარესს ყიდულობენ და იმედოვნებდნენ, რომ მას "ელ ნინიოსთან" წყვილში ათამაშებდნენ. ცნობისათვის: სუარესმა "ენფილდზე" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
ტორესს "ლივერპულში" თვალსაჩინო კარიერა ჰქონდა, პრემიერლიგის 91 შეხვედრაში 65 გოლი შეაგდო, მაგრამ ინგლისის ჩემპიონი ვერ გახდა. შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" მერსისაიდელებს, თავიდან, ტორესის სანაცვლოდ 38 მილიონი ფუნტი და ახალგაზრდა თავდამსხმელი დენიელ სტარიჯი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. სატრანსფერო ფანჯარა დღეს საღამოს, ინგლისის დროით 23 საათზე იხურება, რაც ჩვენებურად ხვალის 3 საათს ნიშნავს.
ტორესის ამბის ფონზე ფერმკრთალად გამოჩნდა რობი კინის ტრანსფერი: ირლანდიელი "ტოტენჰემიდან" "ვესტ ჰემში" გადავიდა. ის ჯერჯერობით გაქირავებულია, თუმცა, თუ ყველაფერი კარგად იქნა, ზაფხულზე 6 მილიონიან "ნაღდ" კონტრაქტს მოაწერს ხელს.
"ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო კლასის ფორვარდი შევიძინეთ. "ტოტენჰემის" თავმჯდომარე დენიელ ლივიმ მძიმე ვაჭრობა იცის, მაგრამ მთავარია, რომ საბოლოოდ ჩვენ ჩვენთვის სასურველი თავდამსხმელი გადმოვიბირეთ", - ბრძანა "ვესტ ჰემის" თავმჯდომარე დევიდ გოლდმა.
.