კაპელოს ნდობის ინდექსი

AutoSharing Option

საოცარი რამ მოხდა ამ უქმეებზე ინგლისში: ფაბიო კაპელოს ინდექსის ამბავი ხომ გახსოვთ? ინგლისის ეროვნული გუნდის იტალიელი მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში საგანგებო ვებ-გვერდზე თავისი გუნდის ფეხბურთელების შეფასებას აპირებდა. მას უნდოდა, ყოველი ტურის შემდეგ დაეწერა ქულები მოთამაშეებისთვის, რითაც, შემდეგ, „ფენტეზი ფუტბოლით“ გატაცებული ადამიანები ისარგებლებდნენ (30-დან 200 ფუნტამდე გადაუხდიდნენ) და ეს კაპელოს დიდძალ კომერციულ მოგებას მოუტანდა. შეგახსენებთ, რომ ამ გეგმამ, რომლის შესახებაც საჯაროდ მაისში გახდა ცნობილი, ინგლისში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ და ფანებმა კაპელოს ერთი ამბავი აუტეხეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ფეხბურთელებისთვის

ქულების საჯაროდ წერა არაპედაგოგიური იქნებოდა და გუნდში ვითარებას არევდა. მაშინ, კაპელომ უკან დაიხია, „ინდექსზე“ უარი თქვა და კონფლიქტიც თითქოსდა ჩაიფარცხა, მაგრამ დახეთ სასწაულს — დღეს, როდესაც გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში შერცხვენილი დააბრუნდა და ამის მიუხედავად მწვრთნელმა სამსახური მაინც შეინარჩუნა, იგი გალაღდა, თავისი საიტი გაიხსენა და მოთამაშეებს ნიშნები ჩამოუწიკწიკა. მოკლედ გეტყვით, რა პრინციპით დაიწერა ნიშნები: თითოეულ თამაშში თითოეულ ფეხბურთელს მაქსიმუმ 100 ქულის მიღება შეეძლო. დანარჩენი, უკვე, საშუალო არითმეტიკულით გამოვიდა. მოგახსენებთ, რომ ყველაზე დაბალი ქულა მეკარე რობერტ გრინმა დაიმსახურა — 51,67. პრესაში დაიწერა, რომ ამაში გასაკვირი არაფერი იყო, გრინი ხომ ამერიკელებთან შეხვედრაში უხეშად შეცდა, მაგრამ ალჟირთან თამაშში უეინ რუნისთვის 53,1 ქულის დაწერა (სულ, 4 მატჩში მანჩესტერელმა 58,87 ქულა დაიმსახურა) ერმა შეურაცხყოფად მიიღო — ინგლისელებს რუნი ძალიან უყვართ. ყველაზე მაღალი შეფასება ჯერმაინ დეფომ დაიმსახურა — 62,47. 60 ქულაზე მეტი გამოუვიდათ ჯონ ტერის, მეტიუ აპსონს, სტივენ ჯერარდსა და ემილ ჰესკის.

შეგახსენებთ, ხოლო ვინ არ იცის მოგახსენებთ, რომ ინგლისში მწვრთნელის შეფასებების გამო სკანდალი პირველად არ ამტყდარა. 1998 წელს „ფენტეზი ფუტბოლი“ და ამ ტიპის ინტერნეტ-კომერცია არ იყო, მაგრამ გლენ ჰოდლს თავისთვის ჰქონდა ჩამოწერილი რომელმა ფეხბურთელმა რა დაიმსახურა და როდესაც ეს „დღიურები“ გამოქვეყნდა, ატყდა, მაგრამ რა ატყდა. რაა გასაკვირი, ყველას ყოველთვის ჰგონია, რომ მეტს იმსახურებდა.

„კაპელოს ინდექსსაც“ დიდი რია-რია მოჰყვა. გაბრაზდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია და, სავარაუდოდ, გაბრაზდნენ ფეხბურთელები, რომლებიც ამიერიდან მწვრთნელს, შესაძლოა ცუდად შეხვდნენ. გაზეთებმა იტალიელს იმწუთას შეახსენეს, რომ ის თანამდებობაზე კარგი შედეგების გამო კი არა, ცუდად შედგენილი კონტრაქტის გამო დატოვეს — კაპელო რომ გაეშვათ, ინგლისელებს მისთვის 12 მილიონი ფუნტის ფუნტის გადახდა მოუწევდათ და სწორედ ამ ხარჯს მოერიდნენ. თუმცა, ახლა მდგომარეობა შეიცვალა: თუ „ ინდექსის“ ამოქმედებით კაპელომ მასა და ფეხბურთის ასოციაციას შორის დადებული პირობა დაარღვია, მაშინ ასოციაცია უჩივლებს და იმ 12 მილიონიდან ერთ პენისაც აღარ გადაუხდის, პირდაპირ გაუშვებს თანამდებობიდან. და საერთოდ, ინგლისური მას მედია გაოგნებულია — რად უნდოდა პროფესიონალს, რომელსაც საყვარელ საქმეში წელიწადში 6 მილიონ ფუნტს უხდიან სიხარბის გამო ასეთ რაღაცებში მონაწილეობა?

ერთი სიტყვით, ინგლისში კაპელოს რეიტინგი საოცრად დაეცა და დიდი შანსია ის მართლაც გაუშვან თანამდებობიდან. თავად მწვრთნელი სიციალეზე, ისვენებს, ფეხბურთის ასოციაციამ კი პირველი, რაც მოსთხოვა, საიტიდან შეფასებების წაშლა იყო. კაპელოს შვილმა პიერფილიპომ, რომელიც მისი აგენტი და მარჯვენა ხელი გახლავთ, განაცხადა:

„უკიდურესად განაწყენებულები ვართ. ვცადეთ, დავკავშირებოდით იმ ადამიანებს, ამ ყველაფერის უკან რომ დგანან და თუ ორშაბათამდე მათგან პასუხს არ მივიღებთ, სასამართლოში ვიჩივლებთ. მამაჩემმა ამ რეიტინგის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა. მისტვის ნიშნების დაწერაში არც პირდაპირ და არც ირიბად, ფული არავის გადაუხდია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის თავიდან ამ პროექტში აპირებდა მონაწილეობას ის გახლდათ, რომ იტალიაში ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა მეცნიერული თვალსაზრისით საინტერესო გეგმები დასახა და მასაც მოუნდა ხელი შეეწყო“.

მომხდარზე თავისი აზრი გამოთქვა ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარემ გორდონ ტეილორმა:
„რეიტინგის გამოქვეყნება ფეხბურთელებსა და მწვრთნელს სორის დიდ ნაპრალს გააჩენს, მითუფრო თუ გავითვალისწინებთ, რა მოხდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. აშკარაა, გუნდში შეიქმნება გარემო, რომელიც ინგლისის მომავალი ნაკრების მშენებლობას ხელს ვერანაირად ვერ შეუწყობს. ამწუთას, „კაპელოს ინდექსმა“ ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ფეხბურთის ასოციაცია ამ ამბავზე აუცილებლად იმსჯელებს. ასე ვერ დარჩება. ყველა, ვისაც ეს ამბავი შეეხო, რაიმე შეთანხმებამდე უნდა მივიდეს. საკითხს ბევრი ასპექტი აქვს, თუმცა უმთავრესი ნდობის ფაქტორია. ასეთი რამ ვინმეს საკლუბო დონეზეც რომ გაეკეთებინა, შეცდომა იქნებოდა, სანაკრებო დონეზე კი ყველაფერი გაცილებით მაღალ დონეზეა. შენ შეგიძლია ფეხბურთელებს ელაპარაკო, მათ შენიშვნები მისცე, თუ აუცილებლად გჭირდება, ნიშნებიც დაუწერო, მაგრამ ეს საჯაროდ არ უნდა მოხდეს“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული