სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა მოწამლული სასმელივით არის და სწორედ ამიტომ თქვა მასზე უარი ორჯერ. ცნობისათვის: ის ამბავი, რომ ფერგიუსონს ინგლისის ნაკრების სათავეში ჩადგომაზე ორჯერ უარი ჰქონდა ნათქვამი ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, ბევრმა არ იცოდა და ამიტომაცაა, გაზეთებში ეს სიტყვები ან დიდი შრიფტითაა გამოყოფილი ან გაშავებული ასოებით. კერძოდ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა ბრძანა:
„ორჯერ მთხოვეს ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გავმხდარიყავი, მაგრამ, ცხადია ერთხელაც არ დავთანხმდი. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა საშინელი სამსახურია, მასზე დათანხმება მოწამული სასმელის დალევას
შემდეგ კი ფერგიუსონი ისევ უეინ რუნის თემას დაუბრუნა და თავისი ფავორიტი ვარსკვლავის დაცვა გაარგძელა, რასაც ყოველ ცისმარე დღე დიდი ენთუზიაზმით აკეთებს გაზეთში, ტელევიზიასა თუ რადიოში:
„რუნი ზღვარგადასული ზეწოლის ქვეშ მოექცა და მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიბრწყინა, სწორედ ეს გახლდათ. არ გახსოვთ, რას წერდნენ და რას ელოდნენ? ამბობდნენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მისი შოუ იქნებოდა, მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ უეინს მუნდიალებზე თამაშის დიდი გამოცდილება არ ჰქონდა. მსოფლიოს ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და მოთამაშეთა დიდი ნაწილი იქ ცხოვრებაში ერთხელ თუ მონაწილეობს, უეინის შემთხვევა კი სხვაა. მას კარიერაში კიდევ ექნება შანსი და მერწმუნეთ, უკეთ ითამაშებს“.
კიდევ, ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ „იუნაიტედის“ ფრანგი ვარსკვლავი პატრის ევრა შეცდა, როდესაც ნაკრების გაფიცვაში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ფრანგთა ეროვნული გუნდისა და ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდმა ნიკოლა ანელკამ მწვრთნელს რაიმონ დომენეკს შეაგინა, რისთვისაც ის გუნდიდან გააგდეს, ფეხბურთელები კი თანაგუნდელს გამოესარჩლენ და გაიფიცნენ, რაშიც ევრამ საკმაოდ დიდი მონაწილეობა მიიღო. ფერგიმ თქვა:
„მე პატრისს ველაპარაკე. ვფიქრობ, ფრანგმა ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისეთი რამ გააკეთეს, რასაც ახლა ძალიან ნანობენ. ვარჯიშის ჩაშლა მართლაც საშინელი გადაწყვეტილება გახლდათ. ის, ცხადია, ინდივიდუალურად არავის მიუღია, მოთამაშეებმა ჯგუფურად გადაწყვიტეს არ ევარჯიშათ, ევრამ კი მის შესახებ მწვრთნელს შეატყობინა, რადგან კაპიტანი იყო. და სწორედ ამის გამო შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს აჯანყება პატრისმა მოაწყო. საბოლოოდ პასუხისმგებლობა ევრას დააწვა“.
და კიდევ, ფერგიუსონმა მუნდიალის ფინალის მსაჯი, ინგლისელი ჰოვარდ ვები დაიცვა:
„ფინალში ფეხბურთელები ისე იქცეოდნენ, რომ ვებს წარმოუდგენელ ამოცანასთან მოუხდა შეჭიდება. პირველ ტაიმში შეიქმნა მდგომარეობა, როდესაც მსაჯს წითელი ბარათი იყო ამოსაღები, მაგრამ რომ ამოეღო, მთელი მსოფლიოს კრიტიკის ობიექტი გახდებოდა. ხალხს არ უნდა ნახოს როგორ აგდებენ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, მითუმეტეს პირველ ტაიმში, ფეხბურთელებმა კი არც ამის მერე მოისვენეს და ვებს მთელი თამაში გაურთულეს საქმე“.