მკაცრი არსენი

AutoSharing Option

აშკარად გაღიზიანებულმა არსენ ვენგერმა „არსენალის“ კაპიტნის სესკ ფაბრეგასის მომავალთან დაკავშირებით კატეგორიული განცხადება გააკეთა. .  ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ ის რომ დარჩეს! — ასეთი გახლდათ ფრანგი მწვრთნელის განცხადების მოკლე შინაარსი.
შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასის გადაბირებას „ბარსელონა“ ცდილობს — მას მერე, რაც 30 მილიონ ფუნტზე „არსენალისგან“ ცივი უარი მიიღო, ესპანეთის ჩემპიონმა ახალი წინადაბე შეუთვალა და ინგლისელებს 40 მილიონი შესთავაზა. დავაზუსტოთ: 40 მილიონი ფუნტი 47,31 მილიონი ევროა. თავად ფეხბურთელმაც ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატამდე უთხრა ვენგერს, რომ კატალონიაში დაბრუნება სურდა.

„დროა ბარსელონელები გაჩერდნენ. ფაბრეგასი ჩვენი

კაპიტანია, ის „არსენალისთვის“ უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მის შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ვიხმართ. სწორედ ამიტომ არ განვიხილავთ მასთან დაკავშირებულ არც ერთ წინადადებას. ფაბრეგასზე „ბარსელონას“ უარს იმიტომ კი არ ვეუბნებით, რომ შემოთავაზებული ფული გვეცოტავება და ვევაჭრებით, არამედ იმიტომ, რომ სესკს არ ვყიდით. ჩვენ სესკს ჩვენი სიყვარული და ზრუნვა პირველივე დღიდანვე ვაგრძნობინეთ და მწამს, მასაც უყვარს „არსენალი“. მჯერა, მისი ტრანსფერის ისტორია აქ დამთავრდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ფაბრეგასი გაისადაც ჩვენი გუნდის ფეხბურთელი იქნება და მოდი, ამაზე ლაპარაკი დავასრულოთ“.

როდესაც ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და მადრიდს დაბრუნებულმა ქუჩაში აურაცხელი ადამიანის წინაშე იზაიმა, — წამყვანის ფუნქცია მიკროფონით ხელში „ლივერპულის“ მეკარემ პეპე რეინამ იკისრა — ბარსელონელები პიკე და პუიოლი ნახევარმცველს უკნიდან მიეპარნენ და თავიანთი გუნდის მაისურა ძალად ჩამოაცვეს თავზე. რეინამ ხალისიანად შემოსძახა, ეს გახლავთ „ბარსას“ და ესპანეთის მომავალი სესკიო, ხოლო გვარი, ფაბრეგასი ხალხს დააქუხებინა. ჩანაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ ამ ეპიზოდში ფაბრეგასი თავს უხერხულად გრძნობს და, სხვათაშორის, მას-მედიამ ამას მიაქცია კიდეც ყურადღება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, „ბარსას“ ახალი პრეზიდენტი სანდრო როსელია, რომელმაც ერთი ხნის წინ განაცხადა, რომ ის ფაბრეგასის გამო სულაც არ „მოიკლავს თავს“. ვენგერმა თქვა:

„ერთადერთი, რაც შეგვიძლია, საკუთარი ქცევის კონტროლია. ჩვენ მკაცრი უარი უნდა ვთქვათ და ყველას ვაგრძნობინოთ, რომ სესკს არ გავყიდით. საკითხს უამრავი უსაგნო ლაპარაკი მოჰყვა. იმედი მაქვს, რომ „ბარსელონელთა“ მხრიდან კვლავ როსელთან გვექნება ურთიერთობა“.

როსელის ასეთ კონტექსტში ხსენება იმას ნიშნავს, რომ მის წინამორბედს, ჟოან ლაპორტას სატრანსფერო ბაზარზე გაცილებით ხისტი მიდგომა ჰქონდა. როსელის სიტყვებია:

„ჩვენს კლუბში საკმაოდ დელიკატური ეკონომიკური მდგომარეობაა. ფაბრეგასში ნებისმიერი ფასის გადახდას ნამდვილად არ ვაპირებთ“.
რაც შეეხება ფაბრეგასს, წესითა და რიგით ის „არსენალში“ ამ თვის ბოლოს უნდა დაბრუნდეს, რათა 31 ივლისსა და 1 აგვისტოს „ემირატების თასზე“ ითამაშოს. მის არყოფნაში „მეთოფეებმა“ ამხანაგურ შეხვედრაში „ბარნეტს“ 4:0 მოუგეს და გუნდს ჩეხმა ტომაშ როსიცკიმ უკაპიტნა. და მაინც, იმ შემთხვევაში თუ „არსენალი“ იძულებული გახდება ფაბრეგასი დათმოს, ვინ ითამაშებს მის ადგილას? ზედაპირული ვარაუდის თანახმად ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების ვარსკვლავი ჯეკ უილშერი, რომელმაც „ბარნეტის“ დონეზე ამოცანას თავი კარგად გაართვა. ამ დღეს იგი ტომაშ კოსციელნისა და მაურან შამაკის მხარდამხარ თამაშობდა.
შემდეგ, ვენგერს ჰკითხეს, კიდევ აპირებს თუ არა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას. „მეთოფეთა“ თავკაცმა მიუგო:
„სხვადასხვა საკითხებზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ, რაღაც რაღაცებს ვაკვირდებით, თუმცა კონკრეტულად ვერავის დაგისახელებთ“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული