მან ფანებს მოთმინებისკენ მოუწოდა.
"ახლა სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქა აღარ არის, ეს წარსულში დარჩა და ყველამ უნდა გავიაზროთ. "მანჩესტერს" რეალობისთვის თვალის გასწორება მართებს. ახლა ლუი ვან გაალის ერაა. მწვრთნელების მუდმივი ცვლა კი გამოსავალი და პრობლემების პასუხი არ გახლავთ" - ამბობს ნევილი.
"ნორვიჩთან" მარცხმა "წითელ ეშმაკებს" მეოთხე ადგილიც დააკარგვინა და ყველა
"ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს "იადონებთან" ბურთის ფლობა 70% ჰქონდათ, მაგრამ მათ შეტევებს სიმწვავე და ფანტაზია ისევ აკლდა. კარში "მანჩესტერმა" ზუსტად პირველად 66-ე წუთზე დაარტყა და ისიც გაიტანა, მაგრამ იქამდე უკვე ორი ჰქონდა გაშვებული და დარჩენილ დროში მეტი ვერაფერი შეძლო.
"ამ გუნდში 9 წელი ვთამაშობდი და ვიცი, თუ როგორი ზეწოლაა ყოველკვირეულად. ახლა ყველა გუნდში შეპყრობილებივით არიან და თუ 4-5 შეხვედრისას შედეგი შესაბამისი და მისაღები არ არის, უმალვე მწვრთნელის შეცვლაზე იწყებენ საუბარს. არადა, გუნდში არის ტალანტი და პოტენციალი.
"იუნაიტედი" მხოლოდ რამდენიმე ქულით ჩამორჩება სამეულს და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ცხადია, თამაშის ხარისხი და შედეგები უნდა გაუმჯობესდეს. თუმცა ცოტა მეტი ნდობა სჭირდება მწვრთნელს, რომელსაც ყველა წამყვან ჩემპიონატში ტიტულები აქვს მოგებული.
"მანჩესტერმა" ვან გაალს ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა სთხოვა და ეს მან გააკეთა. ახლა ტიტულის მოგება დადგა დღის წესრიგში და ვნახოთ, რა მოხდება. მას აქვს გამოცდილება და შეუძლია სირთულეებს გაუმკლავდეს. "ოლდ ტრაფორდზე" კი ცოტათი უნდა მოდუნდნენ და მოთმინებით აღივსონ.
ამ სიხშირით მწვრთნელების მოხსნა-ცვლა გამოსავალი არ არის. არჩევანი "მანჩესტერმა" უნდა გააკეთოს - სურთ ისეთ კლუბს დაემსგავსონ, რომელიც მწვრთნელს ყოველ 12-18 თვეში იცვლის თუ სტაბილურობას ეძებენ?" - ამბობს ნევილი, რომლის პოზიციასაც ჰოლანდიელი სპეციალისტის მისამართით ბევრი არ იზიარებს.
გარის კომენტარი რაიან გიგზის საქციელზეც გააკეთებინეს. მისი ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც ვან გაალის ასისტენტია და დევიდ მოიესის გაშვების მერე გუნდის დროებითი მწვრთნელიც იყო, "ნორვიჩთან" მატჩის ბოლო წუთებზე სარბენ ბილიკებზე ჩავიდა და ფეხბურთელებს გვერდითი ხაზიდან ხელმძღვანელობდა, მან "ბრაზიანი ლუი" ეულად მიატოვა.
ბევრმა ამაში ფარული მესიჯი ამოიკითხა, გიგზი ვან გაალს გამოეყო და ფანებს თავისი განწყობა და პოზიცია უჩვენაო.
"როდესაც მწვრთნელის ასისტენტი ხარ და საშინაო შეხვედრაში მარცხდები, შეიძლება, რომ სიტუაციის შეცვლა სცადო და ასე მოიქცე. ზუსტად ამას ცდილობდა გიგზიც და პუბლიკის აყოლიება სურდა.
რაიანი დიდ მწვრთნელთან ერთად მუშაობს და გამოცდილებას აგროვებს. ის მომავალში ბრწყინვალე მწვრთნელი იქნება" - დასძინა უფროსმა ნევილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ "ვალენსიას" მწვრთნელად დაინიშნა და ასისტენტად უმცროსი ძმა ფილი ჰყავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"