გუუს ჰიდინკი: დამიძახეს და მოვედი

AutoSharing Option
გუუს ჰიდინკმა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შემდეგ პირველი ვრცელი გასაუბრება მოაწყო ჟურნალისტებთან და რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ იგი "ლურჯებს" სათავეში 2008/09 წლების სეზონის მიწურულს, დაახლოებით სამი თვით ედგა, ასევე დროებითი მწვრთნელის სტატუსით, როდესაც ლუიშ ფელიპე სკოლარი ჩაანაცვლა.

ახლა 69 წლის ჰოლანდიელი გაცილებით რთულ მდგომარეობაში იბარებს კლუბს, რაც სატურნირო ცხრილიდანაც ჩანს და ფანების განწყობაც მოგეხსენებათ, ისინი ისევ ჟოზე მოურინიოს უმღერიან.

"ჩელსიში" დაბრუნებაზე
"სეზონის შუაწელს, წესით, აქ არ უნდა ვიყო. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად ვერ მიდის. თუმცა ნებისმიერ
შემთხვევაში მიხარია, რომ დავბრუნდი. "ჩელსიში" რამდენიმე წლის წინაც მსგავს სიტუაციაში მოვედი".

"ჩელსის" პრობლემებზე
"ჩემპიონობის მერე ყოველთვის რთულია. გუნდები ცოტათი მოდუნდებიან ხოლმე და გამომაფხიზლებელი სიგნალი ესაჭიროებათ. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩემი მოსვლა არ ნიშნავს, რომ პრობლემები უკვე მოგვარებულია".

მოურინიოზე
"თუ გადავხედავთ მის მიღწევებს და ბოლო წლების სტატისტიკას... ეს საოცარია, მან უამრავი ტიტული მოიგო. თუმცა მსგავსი რაღაცები ფეხბურთში ხდება. ადამიანები თავიანთ გადაწყვეტილებებს იღებენ. რაც შემეხება მე, მაშინ მოვედი, როდესაც დამიძახეს".

მესიჯი ფეხბურთელებს
"გუნდს უკვე ველაპარაკე. ცოტა წარსულზეც ვთქვით, მიზეზზე, თუ რატომ ვიყავი მაშინ და რატომ ვარ ახლა აქ. ფეხბურთელებს ისიც ვუთხარი, რომ ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ სიტუაციის გამოსწორებაა საჭირო. მინდა, რომ თითოეულმა მათგანმა სარკეში ჩაიხედოს და არა მხოლოდ რამდენიმე წამით, არამედ დიდი ხნით".

იანვრის შესაძლო ტრანსფერებზე
"ჯერ უახლოეს მატჩებს დაველოდოთ და მერე ვნახოთ. პირველ რიგში, საწყისი რამდენიმე მატჩის ჩატარებაზე ვფიქრობ".

ფანებზე
"იმედი მაქვს, ფანები კლუბს მხარს დაუჭერენ. ისევე როგორც, ეს ბოლო მატჩისას გააკეთეს. გუნდმა ინიციატივა უნდა გამოიჩინოს. ვიცი, რომ გულშემატკივრები "ჩელსის" მხარში უდგანან, მაგრამ გუნდიც გვერდზე უნდა დაუდგეს ქომაგებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული