ტორესმა დიდი ასპარეზი იგრძნო

AutoSharing Option

ფერნანდო ტორესის ხმაურიან ტრანსფერს რომ არ დავუბრუნდეთ, წარმოუდგენელი იქნება: „ჩელსიმ“ ბრიტანეთის რეკორდი დაამყარა - ესპანელი ფორვარდი „ლივერპულისგან“ 50 მილიონ ფუნტად იყიდა. გარდა ამისა, ინგლისის ჩემპიონმა „ბენფიკადან“ ბრაზილიელი დავიდ ლუიზიც გადაიყვანა და მასში ფულს პლუს 22 წლის სერბი მცველი ნემანია მატიჩი „გადაიხადა“, რამაც ჯამში 75 მილიონი ფუნტი შეადგინა. ეს თანხა ევროებში 88 მილიონამდეა, ხოლო ამერიკულ დოლარებში 120 მილიონს აღემატება. რუსულ საიტებზე „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩის მიერ ერთ დღეში გადახდილმა ამხელა ფულმა ორაზროვანი სათაურები შვა. გამოჩნდა ცნობები, რომელთაც, ალბათ, განზრახ აწერია, რომ

ტორესი და ლუიზი („ჩელსიმ“ კი არა) აბრამოვიჩმა იყიდა. ამის ქვეტექსტი ის გახლავთ, რომ ეს ფული რუსეთიდან არის გატანილი და უკეთესი იქნებოდა ქვეყანაშივე თუ დაიხარჯებოდა, მაგრამ, მოდი ჩვენ რუსეთის თემა აქ შევწყვიტოთ და დავუბრუნდეთ იმას, რაზეც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანმა მცველმა რიო ფერდინანდმა „ტვიტერში“ ასე დაწერა: „ინგლისური ბაზარი გაგიჟდა“.
აბრამოვიჩის ფული „ლივერპულმა“ მუთაქაში კი არ ჩადო, პირდაპირ საქმეში გაუშვა: „ნიუკასლისგან“ 35 მილიონად ენდი ქეროლი შეიძინა, „აიაქსთან“ კი ლუის სუარესის გადაფორმების საქმე მოამთავრა - ურუგვაელი, რომელსაც „ენფილდ როუდზე“ ხუთი წელიწადი და ექვსი თვე მოუწევს ბურთაობა სულ 22,8 მილიონი ფუნტი დაჯდა.

„ჩელსიში“ გადასვლით კმაყოფილმა ტორესმა თქვა: „ბოლო სამი-ოთხი დღე ძალიან მძიმე გამოვიდა. ახლა უკვე „ჩელსის“ ფეხბურთელი ვარ და ეს ძალიან მახარებს. დარწმუნებული გახლავართ „ჩელსი“ ჩემს კარიერაში დიდი წინგადადაგმული ნაბიჯი იქნება. მინდა უმაღლეს დონეზე ვითამაშო. „ჩელსი“ ძალიან დიდი კლუბია. ვიცი, აქ ჩემგან ყველა რაღაც განსაკუთრებულს ელოდება, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ. ერთი სული მაქვს როდის ჩავერთვები საქმეში. უკვე ძალიან მოტივირებული ვარ.

„ჩელსი“ ზუსტად ის კლუბია, როგორშიც მინდოდა თამაში. კერძოდ, ეს არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდი, რომელიც მუდმივად ყველა ჯილდოსთვის იბრძვის. ამაზე მეტი რაღა უნდა ინატრო ფეხბურთელმა? მე სწორედ ახლა, ჩემი კარიერის დღევანდელ ეტაპზე შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში და შანსი რომ მომეცა ბედნიერი ვარ. ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მწამს „ლურჯების“ შემადგენლობაში ამისათვის ბრძოლა შეიძლება. ვფიქრობ, ჩემი ახალი თანაგუნდელებიც ზუსტად ამაზე ოცნებობენ და ერთად მიზანს მივაღწევთ“.

ტორესის დასავლეთ ლონდონში გადაბარგება იმასაც ნიშნავს, რომ მას დიდიე დროგბასა და ნიკოლა ანელკას მხარდამხარ მოუწევს თამაში. რასაკვირველია, ერთი მხრივ ეს დიდ კონკურენციაში მოხვედრაა, მაგრამ თავად ტორესი ცნობილ თავდამსხმელებთან ერთ გუნდში ყოფნას სხვა კუთხით უყურებს - ამბობს მათი პარტნიორობა დიდი სიამოვნებააო. მეტიც, „ელ ნინიომ“ დროგბას მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი უწოდა.

„მე „ჩელსის“ თავდამსხმელების დიდი ფანი ვარ. რა დამავიწყებს, ყმაწვილი რომ ვიყავი, ანელკა „არსენალში“ თამაშობდა და მე აღფრთოვანებული შევყურებდი ეკრანს. ეს სწორედ ის ფეხბურთი იყო, როგორიც მე მომწონს. რაც შეეხება დროგბას, რად უნდა ლაპარაკი, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. ამ ორი ფეხბურთელის მხარდამხარ თამაში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ისინი უმაღლეს დონის სტანდარტებს ამკვიდრებენ“.

კიდევ, ტორესი „ლივერპულის“ დროინდელ თანაგუნდელსა და მეგობარს იოსი ბენაიუნს შეუერთდება.
„ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში ის ჩემთან ერთად განიცდიდა ყველაფერს. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ისევ ერთ გუნდში ვიქნებით. იმედი მაქვს, ზურგის ტკივილიც მალე დაუამდება და მოედანზე დაბრუნდება.ის დიდებული ადამიანია. უნდა იცოდეთ როგორ ენატრება „ლივერპულში“ ყველას“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული