ვიღაც სულელი და უპასუხისმგებლოა

AutoSharing Option

ინგლისური სარტანსფერო ბაზრის ბოლო დღის ყველაზე ხმაურიან ამბავს მისი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, „ლივერპულის“ თავკაცი კენი დალგლიში გამოეხმაურა. „კოპის მეფე კენიმ“ პირდაპირ თქვა, ყველა, ვისაც თავი ამ კლუბზე დიდი ჰგონია სულელი და უპასუხისმგებლოაო - ნეტავ ტორესი თუ იგულისხმა?

ესპანელმა თავდამსხმელმა პარასკევს „ჩელსიში“ გადასვლის მოთხოვნით მერსისაიდელ ფანობას („ევერტონის“ ბოროტად მოქირქილე ქომაგთა ნაწილის გარდა) გაოცებისგან პირი დააღებინა, ხოლო ორშაბათს, როდესაც ტრანსფერმა ხორცი შეისხა, ფეხბურთელი, რომელიც მთელი ოთხი წლის განმავლობაში გმირად მიაჩნდათ ხელის ერთი მოსმით შეაჯავრა. რატომღაც „ენფილდის“ საზოგადოებას ეგონა, რომ უცხოეთიდან ჩამოსული

კაცი, რომელმაც მათი გუნდის სახელით 102 შეხვედრაში 65 გოლი გაიტანა, მაგრამ სხვათა უნიათობის გამო ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო, კვირაში 65 ათასი ფუნტით მეტ გასამრჯელოსა და ტიტულების მოგების პერსპექტივაზე უარს იტყოდა.
დალგლიშმა სიტუაციის საღად დანახვა სცადა: „ასეთი რაღაცები ხდება, თუმცა დრო გადის და ხალხი ყველაფერს ივიწყებს. ფეხბურთელები მოდიან და მიდიან. ამ ბოლო წლებში „ლივერპულში“ უფრო მეტი მოვიდა, ვიდრე წავიდა, მაგრამ ახლა სურათი იცვლება. მოკლედ, ხალხი მიდის კიდეც. ყველასა და ყველაფერზე მთავარი კი, რასაკვირველია, კლუბია. „ლივერპული“ გაცილებით მეტია ვიდრე ნებისმიერი ადამანი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობდა მისი მაისურით წარსულში და ვინ ითამაშებს მომავალში - კლუბი კლუბად რჩება. მე ეს არასდროს მავიწყდება, ხოლო ყველა, ვისაც სხვანაირად ჰგონია სულელი და უპასუხისმგებლოა“.

ასეთი განცხადება დალგლიშისგან სხვანაირად ჟღერს, რადგან ეს ის კაცია, ვინც თავის დროზე, გუნდიდან კევინ კიგანის წასვლის შემდეგ ლიდერის ტვირთი ასწია და „ლივერპული“ ახალ გამარჯვებათა გზებზე დააყენა. მერსისაიდელებმა ის 1977 წელს იყიდეს „სელტიკისგან“ და როგორც შემდეგ გაირკვა „ლივერპულის“ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი შეუძენიათ. დალგლიშმა ტორესის წასვლის გამო აღელვებული ფანების დასაწყნარებლად სწორედ თავისი მაგალითი გაიხსენა:

„მე კარიერა „სელტიკში“ დავიწყე და აქ მერე გადმოვედი. ვინ იცის, კევინი „ლივერპულიდან“ რომ არ წასულიყო „ენფილდზე“ ვერც მოვხვედრილიყავი. კიგანმა გუნდი რომ დატოვა და მის ნაცვლად მე გამოვჩნდი, ბევრს სამყაროს დასასრული ეგონა. ანდა, გაიხსენეთ 1987 წელი, როდესაც იან რაში „იუვენტუსში“ გადავიდა. ისიც გეხსომებათ, რომ რაში იტალიას ვერ შეეწყო, ერთ წელიწადში ისევ აქ დაბრუნდა და 1996 წლამდე დარჩა. მოკლედ, ფეხბურთელები მიდიან, მათ ნაცვლად მოდიან სხვები და ეს კლუბისთვის ძალიან კარგია. ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი კი ის არის, ვისაც „ლივერპულში“ სურს დარჩენა.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლუბის მეპატრონეები ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან დაგვეხმარნენ. ეს ფანებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი თვალნათლივ დაინახავენ, რომ გუნდი ადგილზე არ დგას, ის ვითარდება. მათი დახმარებით ჩვენ შევიძინეთ ლუის სუარესი და ენდი ქეროლი, რომლებიც დღეს ჩვენ სწორედ იმ თვისებებს შეგვძენენ, რომლებიც გვჭირდება“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული