ორწუთიანი დრამა

AutoSharing Option

სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღის ამბავთა შორის „ბლექპულის“ შოტლანდიელი ნახევარმცველის, ჩარლი ადამის შემთხვევა გახლავთ საინტერესეო. 25 წლის ფეხბურთელი „ლივერპულში“ ვერ გადავიდა! როგორია, „ლივერპულში“ გადასვლის შანსი გქონდეს და ხელიდან გაუშვა?

ზღვისპირელთა კაპიტანს ძალიან უნდოდა „ენფილდ როუდზე“ თამაში. ამბობენ, ის თავს კენი დალგლიშის განახლებული გუნდის წევრად ხედავდა და „კოპის მეფეს“ მთელი ორშაბათის განმავლობაში არეკინა კიდეც „ბლექპულის“ შეფებთან, მაგრამ მათ პასუხს საშველი არა და არ დაადგაო. მოკლედ, „ბლექპულის“ მწვრთნელმა იან ჰოლოუეიმ დალგლიშის ზარებს არ უპასუხა, მაგრამ ადამისთვის ეს მხოლოდ ერთი დასტური იყო იმისა, რომ

ორშაბათი ნავსიანი დღეა. მეორე, თურმე, წინ ელოდა: შოტლანდიელი ვერც „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ გადავიდა. „დეზებთან“ მას ორმა (!) წუთმა შეუშალა ხელი.

დავაზუსტოთ: ჩარლი ადამი „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ იმიტომ ვერ გადავიდა, რომ „ბლექპულის“ შეფებმა საჭირო დოკუმენტებს ხელი თორმეტის ორ წუთზე მოაწერეს, სატრანსფერო ფანჯარა კი თერთმეტზე იხურებოდა. ლონდონელები ზღვისპირელებს ადამში 6,5 მილიონ ფუნტს უხდიდნენ. ეს ამბავი „სფურზის“ მწვრთნელმა ჰარი რედნაპმაც დაადასტურა:
„ყველაფერი სწორად გავაკეთე, რომ იტყვიან, ბოგირს შესაფერის მომენტში დავქაჩე, მაგრამ ვერ მოვასწარი. არადა, ყველაფერი საათივით იყო აწყობილი - ბიჭს ჩვენთან გადმოსვლა უნდოდა, „ბლექპული“ კი მის გაყიდვაზე ყაბულს იყო. ჩვენ მათთან 6,5 მილიონი ფუნტის ფარგლებში შევთანხმდით, მაგრამ იქაურ თავმჯდომარეს ორი მეწილის შეკრება და მათი ხელმოწერები სჭირდებოდა. მან ეს მოახერხა, მაგრამ სამწუხაროდ, ორი წუთით გადააცილა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ადამს ზაფხულზე მაინც ვიყიდით. ასეთი პერსპექტივა ნამდვილად გამოჩნდა“.

ზემოთ „ლივერპული“ ვახსენეთ: მერსისაიდელებმა ადრე ორჯერ სცადეს „ბლექპულთან“ ადამის შესახებ ლაპარაკი. ისინი ზღვისპირელებს
სწორედ იმ თანხას სთავაზობდნენ, რაზეც მათ, ორშაბათს, „ტოტენჰემთან“ საერთო ენა გამონახეს - 6,5 მილიონ ფუნტზე მოგახსენებთ, მაგრამ ჰოლოუეიმ და კომპანიამ დაიჩემეს 10 მილიონიდან ფეხს არ მოვიცვლითო და გარიგება ვერ შედგა.

ჩარლი ადამი, რომლის აგენტიც „ევერტონის“ მწვრთნელის დევიდ მოიესის ძმა ჩარლი მოიესი გახლავთ (მოიესებიც შოტლანდიელები არიან) მთელი დღე „ბლუმფილდ როუდზე“ იჯდა და იქაურობა მხოლოდ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ორსაათნახევრით ადრე დასტოვა. ოფისიდან გამოსული ხმების თანახმად, ადამის წამოსვლას წინ მასა და მოიესს შორის ხმამაღალი ლაპარაკი უსწრებდა.
მაშ ასე, იან ჰოლოუეიმ შოტლანდიელი ნახევარმცველი შეინარჩუნა და ამის გარდა კიდევ ოთხი საქმე გააკეთა: სანკტ პეტერბურგის „ზენიტიდან“ სერგეი კორნილენკო, „რეინჯერსისგან“ ჯეიმს ბიტი, „სანდერლენდიდან“ ენდი რიდი, ხოლო „საუთჰემპტონიდან“ ჯეისონ პენჩიონი იქირავა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული