ხოსეპ გვარდიოლა: ინგლისში მინდა!

AutoSharing Option
"მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გავახანგრძლივე კონტრაქტი "ბაიერნთან", მარტივია - ინგლისის პრემიერლიგაში მინდა მუშაობა" - ეს ჩვენ, პრინციპში, ისედაც ვიცოდით, მაგრამ ხოსეპ გვარდიოლას პირით ნათქვამი მაინც უფრო სხვაგვარად ჟღერს და მას სხვა ფასი აქვს.

მიუნხენურ გუნდს კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს. ეს აქამდეც ცნობილი იყო და ახლა პეპიც ალაპარაკდა. "პაპა კარლოს" მან "ბაიერნისთვის" "იდეალური არჩევანი" უწოდა, ხოლო თავად 44 წლის მწვრთნელს ესპანეთისა და გერმანიის მერე ინგლისში სურს ტიტულების შეგროვება.

მას, ძირითადად, მანჩესტერულ გუნდებს უკავშირებენ ხოლმე. თითქოს, "მანჩესტერ სიტისთან" წინასწარი შეთანხმება უკვე გაფორმებულია,
მაგრამ ეს ინფორმაცია არც ერთი მხარის მიერ არ დადასტურებულა და, როგორც ჩანს, გვარდიოლას გადაბირების შანსები ჯერ კიდევ აქვთ სხვებსაც. თავის დროზე, მისი "ოლდ ტრაფორდზე" ხილვა ძალიან სურდა სერ ალექს ფერგიუსონს, საკუთარი თავის ღირსეულ შემცვლელად ესახებოდა, მაგრამ პეპმა არ მომისმინა და "ბაიერნში" წავიდაო.

ახლა "იუნაიტედში" ლუი ვან გაალს არ უწერია დიდი დღე და შესაბამისად, "წითელი ეშმაკებიც" მაქსიმალურად ეცდებიან, გვარდიოლა ხელში ჩაიგდონ. გარდა ამისა, რეალურ ვარიანტებად სახელდება ორი ლონდონური გუნდიც - "ჩელსი" და "არსენალი".

"მინდა ახალ ქვეყანაში და ქალაქში მივიღო გამოცდილება. ინგლისში მუშაობა მსურს. რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, მაგრამ ხელი ჯერ არაფრისთვის მომიწერია. ვფიქრობ, ამ შანსის გამოსაყენებლად კარგი დროა და შესაბამის ასაკშიც ვარ. ჩემი აზრით, ინგლისში გადაბარგება სწორი ნაბიჯი იქნება. თუმცა ახალი კლუბი ჯერ არ ამირჩევია" - თქვა პეპმა.

სანამ გვარდიოლა იფიქრებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. იქამდე თუნდაც სულ ერთი-ორი დღე რომ გავიდეს, დიდი მითქმა-მოთქმა ატყდება. ჩვენ კი შეგვიძლია ვარიანტები განვიხილოთ.

მანჩესტერი
"სუონსისთან" მოგებამ ფანები ცოტა დაამშვიდა და "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელებს მოსაფიქრებლად ცოტა მეტი დრო მისცა.

როგორც გითხარით, გვარდიოლამ ერთხელ უკვე წაუყრუა "მანჩესტერს" შემოთავაზებაზე და გუნდისა თუ კონკრეტულად სერ ალექსის დიდი ინტერესის მიუხედავად, შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგა. ახლა კი "იუნაიტედს" ესმის, რომ შეიძლება პასუხად ისევ "არა" მიიღოს და თანაც, პეპი მეზობლად, მოსისხლე მტერ "სიტიში" წავიდეს და "იუნაიტედს" "ქალაქელები" ამჯობინოს, რაც დიდი დარტყმა იქნება. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ჟოზე მოურინიო, რომელსაც თითქოსდა, ძალიან უნდა "ოლდ ტრაფორდზე" წასვლა. ასე რომ, მოსაფიქრებელი მართლაც ბევრია.

რაც შეეხება "მანჩესტერის" პლუსებს და იმას, რითაც შეიძლება პეპი ამ გუნდმა მიიზიდოს - "იუნაიტედი" განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში, წარმატებული და ფულიანი კლუბია. თანაც, "იუნაიტედი" ახლა ისეთი ქაოსურია, რომ ვარიანტებს შორის, ამ გუნდის ხელახლა აწყობა და თავის თავზე მორგება ყველაზე მარტივი ჩანს, თუ პეპს სრულ კარტბლანშს მისცემენ.

სიტი
"ქალაქელების" რიგებში დირექტორად გვარდიოლას ძველი მეგობარი ჩიკი ბეგირისტაინი მუშაობს და ერთ-ერთი ხელმძღვანელია ფერან სორიანოც. ისინი ერთად დიდი წარმატებით თანამშრომლობდნენ "ბარსელონაში". ეს უპირატესობა "სიტის" ნამდვილად აქვს და ამ ადამიანებს პეპთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ. ისინი შეეცდებიან, პროექტი გვარდიოლას მოაწონონ. "სიტიში" მიმზიდველი კიდევ ბევრი რამ არის...

დავიწყოთ იმით, რომ "სიტის" ამჟამად თანაქალაქელზე არანაკლები ფინანსური რესურსი აქვს. გუნდი უკვე აწყობილია (სხვა საქმეა, რამდენად აკმაყოფილებს ეს პეპს) და უფრო სოლიდურადაც გამოიყურება. ამასთანავე, ვხედავთ, თუ როგორ წვალობს "სიტი" ევროსარბიელზე და როგორ არ გამოსდის იქ წარმატების მიღწევა.

ჩელსი
ამბობენ, პეპი რომან აბრამოვიჩის დიდი ხნის ოცნებაა და რუსი ბიზნესმენი "ჩელსის" მწვრთნელობის იდეალურ კანდიდატატ სწორედ მას მიიჩნევსო. ისიც ითქვა, აბრამოვიჩმა გვარდიოლას შეუთვალა, ოღონდ "სტემფორდ ბრიჯზე" გადმოდი და ხელფასს იმდენს გადავიხდი, რამდენსაც კონტრაქტში თავად ჩაწერ და ტრანსფერების მხრივაც შეუზღუდავი იქნებიო.

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონი და მისი პრესტიჟული უბანი თუ კლუბი მშვენიერი ადგილია, მისტერ რომანმა ნატვრა დიდი შანსია, ვერც ამჯერად აიხდინოს, რადგან გვარდიოლასთვის ფინანსური კეთილდღეობა თითქოს, მთავარი ფაქტორი არ არის და მას თავისი იდეები და ხედვა აქვს.

ალბათ, 44 წლის ქარიზმატული სპეციალისტი ბევრს არც ჟოზე მოურინიოსთან უკვე ელფერდაკარგულ ქიშპობაზე ფიქრობს, მაგრამ აქაც არის პატარა "გამაღიზიანებელი" - "ლურჯების" არჩევის შემთხვევაში მას ექნება შანსი, გააკეთოს ის, რაც "განსაკუთრებულმა" საყვარელ "ჩელსისთან" ერთად ვერაფრით შეძლო და ოცნებადვე დარჩა - მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.

არსენალი
ერთი შეხედვით, ეს ვარიანტი ყველაზე არარეალური და ავანტურულია. მეორე მხრივ, პატივცემული ხოსეპის სტილთან ყველაზე ახლოს, ალბათ, "არსენალი" და მისი ფილოსოფია დგას. ხოლო თუ პეპი "მეთოფეებს" სტაბილურად ძლიერ და დომინანტ გუნდად აქცევს, დიდი წარმატება იქნება.

არსენ ვენგერის გაშვებაზე მცირე ხნით წინა სეზონში კლუბის ფანების ნაწილმაც კი გაბედა და წამოიკნავლა, სადაც ეს დაუშვეს... იცით ისიც, რომ ერთ-ორ "ფულიან კაცს" "არსენალის" აქციონერთა შორის ფრანგი "არ ეპიტნავება" და მიიჩნევენ, რომ თუ გუნდს ახალ საფეხურზე ასვლა უნდა, დიდი პატივისცემის, სიყვარულისა და დამსახურების მიუხედავად, დროა, მუსიე არსენი წავიდეს.

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ვინ იცის, ეს მართლაც მოხდეს, თუ "მეთოფეებს" წარმატებული სეზონი ექნებათ, ჯერჯერობით კი ისინი ცუდად არ მიდიან. ეგებ, ვენგერიც ფიქრობს, რომ მოვიდა დრო და თავაწეულმა წასვლა ისურვოს. იქნებ ლონდონური გუნდის უფროსობამ გვარდიოლას ხიბლსა და ცდუნებას ვერ გაუძლოს... ახალგაზრდა, იდეებით შეპყრობილი ადმიანისთვის, რომელსაც შემტევი ფეხბურთი უყვარს და სრულყოფილებისკენ მიილტვის, "არსენალი" მშვენიერი ადგილია. თუმცა პირველ რიგში, ყველაფერი თავად პეპზეა დამოკიდებული.

რატომ არის გვარდიოლა ასეთი მოთხოვნადი?
* პეპი "ბარსას" ყველაზე წარმატებული მწვრთნელია 4 სეზონში მოპოვებული 13 ტიტულით. აქედან 4-ჯერ მოიგო ლა ლიგა და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

* "კამპ ნოუდან" წასვლის შემდეგ ერთი წელი დაისვენა და 2012 წელს "ბაიერნი" გადაიბარა. იუპ ჰაინკესმა მიუნხენელებს ჰეთ თრიკი შეასრულებინა - მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა. აი, ასეთი მძიმე და მდიდარი მემკვიდრეობა შეხვდა გვარდიოლას.

* "რეკორდმაისტერთან" ერთად მან პირველ ორ სეზონში დამაჯერებლად მოიგო ბუნდესლიგა, მიმდინარეში კი უკვე 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. თუმცა ვერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის მიღწევა, წააგო რა ორივეჯერ ნახევარფინალში.

* ახლა "ბაიერნს" მერვედფინალში მეტოქედ წინა გათამაშების ფინალისტი "იუვენტუსი" ჰყავს. "ჩემპიონთა ლიგის მოგებით, "ბაიერნში" ჩემი საქმიანობა დასრულებული იქნება" - ამბობს პეპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევან,რავიცი,თითქოს ფულზე გადარეული არ ჩანს ზოგიერთი მწვრთნელივით,უფრო სხვა რაღაცეებს აქცევს ყურადღებას :)
papa
17:34 06-01-2016
0
ანუ ძააან დიდი მაყუთი უნდა ბიჭს :)
levan
10:40 06-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული