ძველი ბიჭების ახალი სტიმული

AutoSharing Option

„ჩელსის“ ახალწვეულებს ფერნანდო ტორესსა და დავიდ ლუიზს საბუთები დროულად ვერ გაუფორმეს და მათ „სანდერლენდთან“ ამიტომაც ვერ ითამაშეს, მაგრამ ინგლისის ჩემპიონს „ახალი სისხლის“ დახმარება არ დასჭირვებია - ფრენკ ლემპარდის, სალომონ კალუს, ჯონ ტერისა და ნიკოლა ანელკას გოლებით 4:2 მოიგო. ანგარიში „სანდერლენდმა“ გასნა, რასაც ლონდონელებმა ორით უპასუხეს. შემდეგ მასპინძლებმა, რომელთაც, ეტყობა, კარგად ახსოვდათ, როგორ მოუგეს პირველ წრეში „ლურჯებს“ ლონდონში 3:0 წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ ბოლო ნახევარ საათს ვეღარ გაუძლეს.

ამგავარად, ფერნანდო ტორესის დებიუტს ახალი გუნდის შემადგენლობაში კვირას „ლივერპულის“ წინააღმდეგ ვიხილავთ. ბედს ასეთი ხუმრობები

სჩვევია!

„სანდერლენდთან“ თამაშის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ჩელსის“ თავკაც კარლო ანჩელოტის ჰკითხეს, რას ფიქრობს ტორესისა და ძველი ფეხბურთელების შეთამაშებაზე. იტალიელმა უპასუხა:

„ტორესი იმდენად დიდი შესაძლებლობების ფეხბურთელია, რომ ნებისმიერ გუნდში უპრობლემოდ ითამაშებდა. მე კარგად ვიცი ვინ არის ის: არც მეკარეა, არც მცველი და არც ნახევარმცველი, ამიტომ ჩემს გუნდში იმ საქმეს გააკეთებს რაც ძალიან ეხერხება. გარანტიას გაძლევთ, რომ მას არც დიდიე დროგბასთან ექნება პრობლემები“.

ანჩელოტი კენი დალგლიშის გუნდის წინააღმდეგ ლუიზის გამოყენებასაც აპირებს:
„ლუიზი ფანტასტიკური მონაცემების მქონე ფეხბურთელია. ის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებშია გამოცდილი, ასე რომ „ჩელსისთან“ და პრემიერლიგასთან შეჩვევა არ გაუჭირდება. ის ძალიან კარგად ჩაეწერება მცველთა ოთხეულში, თუმცა ნახევარმცველიც არის და საჭიროების შემთხვევაში მოედნის შუაშიც ითამაშებს“.

ინგლისელი მიმომხილველების აზრით სანდერლენდის „სთედიუმ ოფ ლაითზე“ „ლურჯების“ განსაკუთრებული მონდომება ახალი ფეხბურთელების ფაქტორმაც განაპირობა - ადგილის დაკარგვა არავის სურს. ანჩელოტის ჟურნალისტებმა ამის შესახებაც ჰკითხეს. მან უპასუხა:

„ყველამ კარგად იცის რა დონის ფეხბურთელებიც შეგვემატნენ და ყველას უხარია. ახალი ბიჭების დახმარებით ჩვენ ჯილდოების მოგებას შევძლებთ“.

მაგრამ პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლა ახლა უკვე რთულია, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლიდერობა მყარად იგდო ხელთ:

„როგორც ნახეთ, დღეს „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ გაიმარჯვა და ჩვენს შორის სხვაობა უცვლელი დარჩა. რასაკვირველია ყველა ღონეს ვიხმართ, მდგომარეობა ჩვენს სასარგებლოდ რომ შევცვალოთ. სტუმრად ჩატარებულ ბოლო ორ შეხვედრაში გავიმარჯვეთ, მომავალშიც შევეცდებით ასე გავაგრძელოთ, მაგრამ იქნება თუ არა ეს ჩემპიონობისთვის საკმარისი, გამოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. თუ „იუნაიტედი“ მოგებეს განაგრძობს, მისი დაწევა ძნელი იქნება“.

საინტერესო ის გახლავთ, რომ ანჩელოტის თქმით კვირას, „ლივერპულის“ წინააღმდეგ მან შეიძლება ერთბაშად სამი თავდამსხმელი დროგბა, ანეკლა და ტორესი ათამაშოს. ეს იდეა მწვრთნელს თავისი ვარსკვლავების მაქსიმალურად გამოყენების სურვილმა გაუჩინა.

 

„შეიძლება ორი თავდამსხმელით ვითამაშო, მაგრამ შეიძლება ეგრეთწოდებულ ბრილიანტს მივმართო და წინ გაწეულ ტორესსა და დროგბას უკნიდან ანელკა მივახმარო“.

იმ დამთხვევამ, რომ „ელ ნინიოს“ პირველი შეხვედრა მაინცდამაინც „ლივერპულის“ წინააღმდეგ უწევს, გულშემატკივრებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. დაიწყეს ლაპარაკი ჯენტლმენურ მომენტებზე, იმაზე, რომ ტორესისთვის მერსისაიდელების წინააღმდეგ თამაში უხერხულია და ასე შემდეგ. ანჩელოტიმ თქვა:

„ჩვენსა და „ლივერპულს“ შორის არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, ასე რომ, ტორესს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშში ხელს არაფერი უშლის“.

„ჩელსის“ აღმასრულებელმა შეფმა რონ გურლიმ კი თქვა: „კარლო სიხარულისგან ცაში დაფრინავს. ის გვეუბნებოდა, რომ ერთი-ორი ახალი ფეხბურთელი გუნდს ძალიან გადაახალისებდა. მაშინ, ექვსი თვის წინ მე მას ვუთხარი, თუ ახალ ფეხბურთელს მოგიყვანთ, ის უმაღლესი რანგის ვარსკვლავი იქნება, მეთქი. ჩვენ საუცხოო გარიგება შევძელით“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული