უეინ რუნი - მორჩილი შეგირდი

AutoSharing Option

სერ ალქს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ასტონ ვილას“ შეხვედრის წინ ასეთი რამ თქვა: „ამ სეზონში უეინ რუნისგან 10 გოლი მჭირდება, დიმიტარ ბერბატოვისგან კი 30“.

და რუნი დავალების შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგა: ბირმინგემელებს ორი გოლი შეუგდო - პირველი თამაშის დაწყებისთანავე, 50-ე წამზე, მეორე კი ზედ შესვენების წინ, როდესაც ნანის შესანიშნავი ჩაწოდებით ისარგებლა. ამრიგად რუნიმ გააკეთა ის, რაც ბოლოს 11 თვის წინ მოახერხა - ერთ შეხვედრაში ორჯერ გაიტანა.

ფერგიუსონი: „ჩვენი ორი თავდამსხმელის, რუნისა და ბერბატოვის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია და საბედნიეროდ ის თვალსა და ხელს

შუა აშკარად იხვეწება. თუ სეზონს ისე ჩავამთავრებთ, რომ ბერბატოვი 30 გოლს გაიტანს, რუნი კი ათს, მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები. ასეთ შედეგს წარმატებულ პარტნიორობას ვუწოდებ“.


დღეისათვის ბერბატოვს 19 გოლი აქვს გატანილი, რუნის კი ხუთი. „ასტონ ვილას“ კარში მესამე გოლი ნემანია ვიდიჩმა შეაგდო. მატჩის შემდეგ რუნიმ თქვა:

„ვინ გახდება პრემიერლიგის ჩემპიონი, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული. ძალიან გამიხარდა გოლების გატანა რომ მოვახერხე. იმედი მაქვს ამიერიდან კარგი პერიოდი დამეწყება. ბოლო დროს ცუდად არ ვთამაშობდი, მაგრამ გოლები ვერ გამქონდა, არადა თავდამსხმელისთვის სწორედ ეს არის მთავარი. პირველი გოლი ვან დერ სარის პასით გავიტანე. ამ კომბინაციას მე და ედვინი უკვე რამდენი წელიწადია ვამუშავებთ, მაგრამ აქამდე არ გამოგვდიოდა. ამჯერად ყველაფერი კარგად აეწყო: ედვინმა ჩვენი საჯარიმოს წინიდან დაარყა და პირდაპირ საგოლე პოზიციაზე გამიყვანა. კარგი იყო, მეორე გოლიც, რომელიც ნანის შესანიშნავი პასით შევაგდე“.

 

რუნის ჟურნალისტებმა „ჩელსის“ გაძლიერების შესახებაც ჰკითხეს. მან უპასუხა:

„რასაკვირველია, „ჩელსი“ ტიტულის პრეტენდენტობიდან ერთი წამითაც არ ჩამოგვიწერია. ის ძლიერი გუნდია, რომელსაც შეუძლია ძალები მოიკრიბოს და გამარჯვებას გამარჯვება მოაყოლოს, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“.

 

სტატისტიკოსებმა ყურადღება მიაქციეს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 12 წლის წინანდელ საკუთარს შედეგს გაუტოლდა - 1999 წლის „ტრებლის“ მომგები გუნდი 29 შეხვედრაში დაუმარცხებელი გახლდათ. ყველა შეჯიბრებაში ერთად დღევანდელი „იუნაიტედიც“ ასეა. ფერგიუსონმა თქვა:

„დღეს თამაში დიდებულად დავიწყეთ, რაც უეინის პირველი გოლის დამსახურებაა. მან მთელი შეხვედრა დიდებულად ჩაატარა. რასაკვირველია, აქამდე გოლები რომ ვერ გაჰქონდა, ნაკლი იყო, მაგრამ ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც წარუმატებლობასთან შეგუება არ სჩვევია და როგორც ხედავთ ეს ნაკლიც გამოასწორა“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული