„ბლექპულის“ შოტლანდიელი კაპიტანი ჩარლი ადამი გულდაწყვეტილია, რადგან სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს მას „ლივერპულში“ გადასვლის ნება არ დართეს. ზღვისპირელთა ლიდერი ამბობს, რომ იანვარში, მთელ პრემიერლიგაში, ის იყო ერთადერთი ვარსკვლავი, რომელსაც სხვა გუნდში გადასვლა სურდა, მაგრამ კლუბმა დაუშალა. და რა მოჰყვება ადამის განაწყენებას? არაფერი, რადგან ის, როგორც ნამდვილი პროფესიონალი ამბობს, რომ „ბლექპულის“ მაისურით ძველებური თავდადებით განაგრძობს თამაშს, სეზონის დამთავრების შემდეგ კი ახალ გუნდს მიაშურებს.
„სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ნამდვილი საგიჟეთი გამოვიარე, მაგრამ მე კვლავ „ბლექპულის“ ფეხბურთელად ვრჩები და მინდა ჩემი გუნდის ფანებმა
ადამის აგენტმა, „ევერტონის“ მწვრთნელის დევიდ მოიესის ძმამ კენი მოიესმა კი თქვა, რომ მისი კლიენტის ამ ნათქვამში სრულიად დაფარულია უდიდესი წყენა და იმედგაცრუება. მოიესმა ბრძანა:
„ჩარლის ძალიან უყვარს ბლექპული და ბლექპულის ფანები, მაგრამ მას ძალიან უნდოდა „ლივერპულში“ გადასვლა. ნეტა თუ არსებობს ამქვეყნად ფეხბურთელი, რომელიც „ლივერპულის“ დარეკილს გულგარეთ დატოვებდა და „ენფილდ როუდზე“ გადასვლას არ მოინდომებდა? მაგრამ ადამს პატივი საერთოდ არ სცეს და მისი სურვილი ყურად არ იღეს. „ბლექპულმა“ ის თანხაც კი არ დაასახელა, რომლის მიღებასაც ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ ისერვებდა, რათა აზრიანი მოლაპარაკებები გამართულიყო. სწორედ ამან იმოქმედა ჩარლიზე ძალიან. ემოციური თვალსაზრისით ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობს ადამი თავს, როდესაც ჯერ ერთი შეურაცყოფა მიაყენეს და მეორეც, პრემიერლიგის ვარსკვლავთა შორის დატოვეს ერთადერთ კაცად, ვისაც სურვილი არ შეუსრულეს.
საბედნიეროდ, ჩარლი „რეინჯერსიდან“ ჩამოსული კაცია და „ტყვიაგაუმტარი“ გახლავთ. გარწმუნებთ, დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც მას წყენას შეატყობს და მის ადრინდელ და მომავალ თამაშს შორის რაიმე განსხვავებას იპოვნის. სხვა საქმეა, რომ „ბლექპულს“ მისი პირადი ამბიციის დაკმაყოფილება მართებს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს კლუბი ზაფხულზე ადექვატურად მოიქცევა.
მოგეხსენებათ, ორშაბათს, ბოლოწამს საქმეში „სფურზიც“ ჩაერთო, მაგრამ ლონდონელებმა ძალიან გვიან გამოიღეს ფხა. პრესაში წავიკითხე, თითქოს „ბლექპულმა“ ორი დირექტორი ვერ შეკრიბა საბუთებზე ხელი რომ მოეწერათ, მაგრამ ჩვენ ხომ „ტოტენჰემთან“ ფეხბურთელის გასამრჯელო და სხვა პირადი საკითხებიც არ გვქონდა შეთანხმებული და ასე მოუმზადებლად კონტრაქტზე ხელს როგორ მოვუწერდით? ერთი სიტყვით, ჩარდლი ადამის „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ გადასვლა იმთავითვე განწირული საქმე იყო“.
ხოლო „ბლექპულის“ მწვრთნელმა იან ჰოლოუეიმ, რომელსაც ადამის ტრანსფერიდან წილი ერგება ასე განაცხადა:
„მე რომ ჩარლის ადგილზე ვიყო ყველაფერს, რაც მოხდა შევხედავდი როგორც სასიკეთო ამბავს. ახლა მას შეუძლია ჩვენთან თავის გემოზე ითამაშოს, მერე კი ზაფხული დადგება და ძალიან დიდი არჩევანი გამოუჩნდება“.