რობერტო მანჩინი ამბობს, რომ მისმა გუნდმა, „მანჩესტერ სიტიმ“, „სენტ ენდრიუზე“ უპირატესობის ხელიდან ორჯერ გაშვების შემდეგ პრემიერლიგის ჩემპიონობის შანსი საბოლოოდ დაკარგა. „სენტ ენდრიუ“, მოგეხსენებათ, „ბირმინგემ“ სიტის“ სტადიონია, სადაც ისტლენდელები კარლოს ტევესისა და ალექსანდრ კოლაროვის გოლების წყალობით ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ორჯერვე გაუთანაბრეს და შედეგად სიტი ლიდერ „იუნაიტედს“ უკვე 8 ქულით ჩამორჩა. თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ისევე როგორც „არსენალსა“ და „ჩელსის“ „სიტიზე“ თითო თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
განაწყენებულმა მანჩინიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა: „ეს უკვე მეტისმეტია. ახლა ჩვენთვის მთავარია კვლავ
„ბირმინგემის“ მეორე გოლი პენალტით გავიდა. თამაშის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთი რჩებოდა, როდესაც პატრიკ ვიეირამ კევინ ფილიპსი წააქცია და კრეიგ გარდნერმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაქვითა ანგარიში. მანჩინის აზრით, მსაჯს ამ ეპიზოდში პენალტი არ უნდა დაენიშნა, რადგან ფილიპსმა სინამდვილეში ისიმულიანტა, თუმცა იტალიელი მწვრთნელი ყველაზე კრიტიკულად მაინც თავისი ფეხბურთელების მიმართ გახლდათ განწყობილი.
„გაწბილებული დავრჩი, რადგან ორი გოლი გავუშვით - განაგრძო ისტლენდელთა თავკაცმა - როგორ მოვიგებთ თუ ყველა შეხვედრაში ორ-ორ გოლს გავუშვებთ? უკვე ხუთი თუ ექვსი თამაშია ერთიდაიგივე მეორდება. ვარჯიშებზე იცოცხლე, ყველაფერს ვამუშავებთ, მაგრამ თამაშებში ეს მომზადება სადღაც ქრება. დღეს, იანვარ-თებერვალში, როდესაც გუნდი გადაღლილია, 1:0-ების მოგებაზე უნდა ავეწყოთ, მაგრამ ამას ვერ ვახრხებთ. უკეთ რომ გვეთამაშა შესაძლოა ჩემპიონის ტიტულსაც შევჭიდებოდით, მაგრამ ასეთი ფეხბურთით გამორიცხულია“.
ამ შეხვედრაში მანჩინის მოედანზე დიდი შემტევი ძალა ჰყავდა გაშვებული - ედინ ჯეკო და კარლოს ტევესი დავიდ სილვასთან ერთად მოქმედებდნენ, მაგრამ ამან ეფექტი უფრო მეტად შეხვედრის დასაწყისში მოიტანა, შემდეგ კი სტუმართა უპირატესობამ იკლო.
ზემოთ პენალტი ვახსენეთ. მან „სენტ ენდრიუს“ ფანობა გაოცებული დატოვა, რადგენ, მათ არც კი ახსოვთ როდის დანიშნეს „ბირმინგემის“ სასარგებლოდ ბოლოს თერთმეტმეტრიანი დარტყმა. მეორე მხრივ, როგორც მოგახსენეთ, მანჩინიმ თქვა, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, თუმცა მასპინძელთა გუნდის თავკაცმა ალექს მაკლიშმა ასე ბრძანა:
„რობერტო, რასაკვირველია, იტყოდა, რომ პენალტი არ იყო, მე კი იმას მოგახსენებთ, რომ ჩვენს კარში გამუდმებით ინიშნება თერთმეტმეტრიანი დარტყმები და თითქმის ყველა გაცილებით უფრო საკამათოა, ვიდრე ეს იყო. დარწმუნებული ვარ, რომ „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი არ თვალთმაქცობს და გულწრფელად ფიქრობს, რომ იმ ეპიზოდში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ვიეირამ კევინი წააქცია. კევინი „მყვინთავი“ არასდროს ყოფილა“.
და კიდევ ერთი შთამბეჭდავი ეპიზოდი, რომელიც ამ შეხვედრაში იყო: ისტლენდელი მიკა რიჩარდსი თანაგუნდელ ნაიჯელ დე იონგთან შეჯახების შემდეგ გონებადაკარგული დაეცა. 22 წლის მარჯვენა მცველს მოედანზე ჟანგბადის ბალონით ასუნთქეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გააქანეს.