რატომ წავიდა ნევილი?

AutoSharing Option

მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანმა მცველმა გარი ნევილმა გამოაცხადა, რომ ფეხბურთიდან მიდის. ფახბურთელი, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონმა უწოდა „კაცი, რომელიც არასდროს ნებდება“, მაშინ გატყდა, როდესაც შეიტყო, რომ ფერგიმ ჩემპიონთა ლიგის საგაზაფხულო განაცხადში არ შეიყვანა. ფეხბურთელი, რომელიც 18 თებერვალს 36 წლისა ხდება ყველა ღონეს ხმარობდა, რათა თავისი თაობის ვარსკვლავებთან რაიან გიგზთან და პოლ სქოულზთან ერთად მოხვედრილიყო 25 კაციან სიაში და კიდევ ერთხელ შეეტია ევროპის უდიდესი საკლუბო ჯილდოსთვის, მაგრამ სურვილი არ აუხდა. კოჭის ბოლო ტრავმამ ნევილის კარიერა მაინც მიიყვანა დასასრულამდე.

მიმდინარე სეზონში გარი

ნევილი ფერგიუსონმა სულ სამჯერ შეიყვანა სასტარტო შემადგენლობაში და აქედან ორჯერ ის წითელი ბარათსა და მოედნიდან გაგდებას იმსახურებდა. საბოლოოდ ნევილმა გზა რაფაელს, ჯონ ო’შისა და ვეს ბრაუნს დაუთმო.
„მე მთელი ცხოვრება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანი ვიყავი და ამ კლუბთან ერთად ყველა ოცნება ავისრულე - უთხრა ნევილმა ჟურნალისტებს - ძალიან მწყდება გული კარიერას რომ ვამთავრებ, მაგრამ ასეთი დღე ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება. ჩემთვის ეს დღევანდელი დღეა. მინდა ძალიან ბევრ ადამიანს ვუთხრა მადლობა და უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, სერ ალექსს“.


პირღია დარენი


„ასტონ ვილას“ ახალმა შენაძენმა, ბირმინგემში „სანდერლენდიდან“ 24 მილიონ ფუნტად გადასულმა დარენ ბენტმა გულწრფელად აღიარა, რომ როდესაც ახალი გუნდის გასახდელში შევიდა და დაინახა, რომ ჟერარ ულიესა და რობერ პირესის გვერდით დგას, აღტაცებისგან პირი დააღო. მართალია ინგლისელი ფორვარდი თავადაც ვარსკვლავად ითვლება, მაგრამ ფრანგი ვეტერანის დანახვამ მასზე მაინც ძალიან იმოქმედა. ბავშვობიდან „არსენალის“ ფანმა თქვა:

„ბედნიერი კაცი ვარ კარიერაში რამდენიმე დიდებულ მწვრთნელთან რომ მქონია ურთიერთობა, მაგრამ ჟერარ ულიეს დონის სპეციალისტის ხელმძღვანელობით თამაში განსაკუთრებული რამ ყოფილა. ის გაცილებით სრულყოფილია ვიდრე სხვა შეფები და ფეხბურთი მართლა ძალიან კარგად იცის. მართალი გითხრათ, „ასტონ ვილას“ გასახდელში პირველად რომ შევედი და რობერ პირესი დავინახე ცოტა ავღელდი კიდეც. ის წლების განმავლობაში დიდ ფეხბურთს თამაშობდა და დაუმარცხებელი „არსენალის“ წევრი იყო“.


გრანტმა მხსნელი იპოვნა


„ვესტ ჰემის“ თავკაცმა ავრამ გრანტმა თქვა, რომ ახალშეძენილ რობი კინს „ჩაქუჩების“ უსაფრთხო პოზიციაზე გადაყვანა შეუძლია. ლონდონელთა მაისურით ირლანდიელმა ფორვარდმა გააკეთა ის, რაც 2009 წლის ნოემბრის შემდეგ არ გაეკეთებინა - პრემიერლიგის შეხვედრაში გოლი შეაგდო. გრანტმა თქვა:

„ბოლო შეხვედრებში გოლები კი გაგვქონდა, მაგრამ ახლა სულ სხვა დონის თავდამსხმელი გვყავს. რობი ის ფორვარდია, რომელსაც ერთადერთი შესაძლებლობიდან შეუძლია გოლის შეგდება. რობი ფანტასტიკური მოთამაშეა, რომელიც ძალიან დიდ საქმეს გაგვიკეთებს“.
„ვესტ ჰემმა“ „ბლექპულს“ 3:1 მოუგო და ამ შეხვედრაში კნის გარდა ორი გოლი ვიქტორ ობინამ გაიტანა. ამ დამარცხების გამო ზღვისპირელები გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით აღემატებიან. იან ჰოლოუეის გუნდმა პრემიერლიგაში ბოლო 7 შეხვედრიდან 6 წააგო, მაგრამ მწვრთნელი იხტიბარს არ იტეხს:

„საერთოდ არ ვღელავ. ჩვენ ამ სეზონში აუტსაიდერთა შორის ერთხელაც არ ვყოფილვართ“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული