ის, რომ ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" ჩაიბარებდა, თვეების განმავლობაში ლამის ყველასთვის ცნობილი "საიდუმლო" იყო. ორშაბათს ამ საიდუმლოს ფარდა საბოლოოდ აეხადა, რაც ცოტა მოულოდნელი გახლდათ. "სიტის" ჩილელმა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს ტოვებს. ზაფხულში ის "ეტიჰადიდან" სხვაგან გადაინაცვლებს.
ამის შემდეგ გამოცხადდა, რომ "სიტის" ახალი მენეჯერი სწორედ
პელეგრინიმ ორშაბათ დილით ვარჯიშზე განუცხადა ფეხბურთელებს გუნდიდან წასვლის შესახებ, შემდეგ კი მან პრესკონფერენცია მოიწვია. წესით, ეს შეხვედრა მედიასთან წინასამატჩო უნდა ყოფილიყო, "სიტის" "სანდერლენდთან" ელის დაპირისპირება, მაგრამ ჩილელმა იქ "ბომბი ააფეთქა". ბომბი, რომელსაც ყველა ელოდა, მაგრამ ახლა არა.
"სანამ პრესკონფერენციას დავასრულებთ, მინდა ერთი რამ გითხრათ - ზაფხულში ჩემს ხელშეკრულებას "სიტისთან" ვადა გასდის. მე უკვე ვილაპარაკე კლუბის ხელმძღვანელობასთან და, როგორც კი ხელშეკრულება დასრულდება, წავალ გუნდიდან", - განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა. მართალია, მედიის წარმომადგენლები შოკში ჩააგდო ამ განცხადებამ, მაგრამ მალე მათ გაიხსენეს, რომ პელეგრინიმ "სიტისთან" ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა.
მას ამ კითხვაზეც აღმოაჩნდა პასუხი: "დიახ, კლუბთან კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივე ხელშეკრულება, მაგრამ იქ ჩადებული იყო ასეთი პუნქტი - ახალი ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ ამოქმედდებოდა, თუ მე ან კლუბის ხელმძღვანელობა ამას მოვინდომებდით. 30 ივნისს "სიტიში" უკანასკნელად ვიმუშავებ, აღარ არის მეტი სპეკულაცია საჭირო", - განაცხადა პელეგრინიმ.
პელეგრინიმ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ამ ცვლილების შესახებ უკვე ერთი თვის წინათ გააფრთხილა, ხოლო ორი კვირით ადრე მან კლუბს განუცხადა, რომ სპეკულაციების დასასრულებლად ინფორმაციას გაასაჯაროებდა და ასეც მოიქცა.
"სიტიმ" ერთი დიდი ბრძოლა უკვე მოიგო - ესპანელი სპეციალისტი მათ გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" სურდათ. გამოდის, რომ გვარდიოლა არ იყო გულწრფელი, როცა ბოლო ინტერვიუებში ამტკიცებდა, ჯერ არ გადამიწყვეტია, სად გადავალ, მაგრამ ძალების პრემიერლიგაში მოსინჯვა მსურსო. მოკლედ, 62 წლის ჩილელი "სიტის" მეგობრულად ემშვიდობება და ის უკვე ბებერ კონტინენტზე სასურველ მწვრთნელად გამოცხადდა.
"სიტის" ბოსებმა უკვე გამოუცხადეს პელეგრინის, რომ მას მოლაპარაკების დაწყება ნებისმიერ კლუბთან ახლავე შეუძლია.
"სიტის" ერთ-ერთი ბოსი ჩიკი ბეგირისტაინი უკვე სკოლაში პეპის შვილების, 13 წლის მარიუსის, 11 წლის მარიასა და 6 წლის ვალენტინას მოწყობითაა დაკავებული, ის შეამჩნიეს პეპის მეუღლე კრისტინასთან ერთად, სენტ ბედს კოლეჯში.
მესი "მანჩესტერში"?
მართალია, ეს ყველაფერი პელეგრინიმ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად გააკეთა, მაგრამ ამით მან ახალ (ან კარგად დავიწყებულ ძველს) ჭორებს დაუდო სათავე - "დეილი მეილი", რომელიც იმით ამაყობს, რომ უკვე 17 დეკემბერს წერდა პეპის "სიტიში" მისვლაზე, ახალ ინფორმაციას გვთავაზობს - პეპი "ეტიჰადზეა", ახლა ლეო მესის ჯერია?"დეილი მეილი" ამტკიცებს, რომ მესის ინგლისში კვირაში 300 ათას გირვანქას შესთავაზებენ. გვარდიოლას სურს, არგენტინული დუეტი შექმნას შეტევაში - სერხიო აგუეროს ლეო შეუწყვილოს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"