ასოციაციის თასი. 1/8 ფინალის წინ: სათასო ბატალიები კუნძულზე

AutoSharing Option
ზედიზედ მესამე სეზონია, ასოციაციის თასზე "არსენალი" და "ჰალი" ერთმანეთს ხვდებიან. შარშანწინ ეს სულაც ფინალში მოხდა, როდესაც "ვეფხვები" სენსაციურად 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ "არსენალმა" გაჭირვებით გაათანაბრა და დმატებით დროში გამარჯვების გოლიც შეაგდო.

წინა სეზონში "მეთოფეებმა" უფრო მარტივად (2:0) იძალეს და ცხადია, ახლაც ფავორიტები არიან. თუმცა "ჰალს" იმ გუნდის ბირთვი შენარჩუნებული ჰყავს, რომლითაც პრემიერლიგაში ბურთაობდა და სტივ ბრიუსის ბიჭები ამჟამად ჩემპიონშიპს ლიდერობენ.

ასე რომ, ისინი დიდ ბრძოლას გააჩაღებენ, თანაც "არსენალს" მშვენიერი შანსი აქვს, რომ დიდიხნიანი პაუზის მერე, ჩემპიონი გახდეს და სავარაუდოდ, არსენ ვენგერი
რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს.

ქვედალიგელები ასოციაციის თასს მრავლად შემორჩნენ. "მადეისკიზე" "რედინგი" "ვესტ ბრომვიჩს" მასპინძლობს. რედინგელებს ბოლო 4 მატჩიდან 3-ში გოლი არ აქვთ გაშვებული, ხოლო "ალბიონის" მიდრეკილებების შესახებაც კარგად მოგეხსენებათ... ამიტომაც, ჩაკეტილ თამაშს უნდა ველოდოთ.

"ლიდსი" "უოტფორდს" სტუმრობს და ცუდი სეზონის სათასო წინსლით გამართლებას ეცდება. კიდევ უფრო ცუდად მოთამაშე "ბლექბერნი" კი "ვესტ ჰემ იუნაიტედს" დაუხვდება. "ჩაქუჩებმა" წინა ეტაპზე გადათამაშებაში დრამატულად ჩამოიშორეს "ლივერპული" და სლავენ ბილიჩის თქმით, გუნდი ტურნირს ბოლომდე სერიოზულად მოეკიდება, რაც შეიძლება შორს გვინდა წასვლაო.

არის ერთი კიდევ უფრო ქვედალიგელი ანუ პირველი ლიგის ბინადარი "შრიუსბერი", რომელიც წილად "მანჩესტერ იუნაიტედს" ეთამაშება. "წითელ ეშმაკებს" გაუმართლათო ვიტყოდით, მაგრამ ლუი ვან გაალის გუნდი ისეთი არადამაჯერებელია, რომ... "შრიუსბერი" კი ის გუნდია, წინა ეტაპზე "შეფილდ უენსდისთან" 87-ე წუთამდე 1:2-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ მოგება მოახერხა ბოლო 3 წუთში გატანილი 2 გოლით.

რაც შეეხება პრემიერლიგური გუნდების დაპირსიპირებებს, ასეთი სამია. მაგალითად, "ბორნმუთისა" და "ევერტონის" წყვილში წესით ღია ფეხბურთს უნდა ველოდოთ. ორი არასტაბილური და ჭკუამხიარული გუნდის დუელში ფავორიტის გამოვლენა ძნელია, "ალუბლები" შინ თამაშობენ, მაგრამ "კანფეტებს" რეალურად უკეთესი შემადგენლობა ჰყავთ.

"ტოტენჰემი", რომელიც შესაშურ სეზონს ატარებს, "კრისტალ პალასს" "უაით ჰართ ლეინზე" შეებმება. მაურისიო პოჩეტინო სავარაუდოდ, რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს, მაგრამ "ტოტენჰემი" მაინც გამოკვეთილი ფავორიტია, თანაც "არწივების" კრიზისის გათვალისწინებით. ერთიცაა, ალან პარდიუს ბოლო დროს "ტოტენჰემთან" ჭიდილი კარგად აქვს დაცდილი.

მერვედფინალის მთავარი დაპირისპირება კი "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შორის იმართება. "ლურჯები" სეზონს აგდებენ და ფანებს ჩემპიონთა ლიგაზე ან თასზე კარგი გამოსვლით მაინც თუ გაახარებენ.

ცოტა განსხვავებულ სიტუაციაშია "სიტი", მაგრამ "ქალაქელებზეც" მსგავსი რამის თქმა შეიძლება, იმ განსხვავებით, რომ მანჩესტერელები უკვე არიან ლიგის თასის ფინალში და 28-ში "ლივერპულთან" იომებენ.

ჩემპიონთა ლიგის ფაქტორის გათვალისწინებით, "ჩელსისაც" და "სიტისაც" მოუწევთ ფიქრი იმაზე, რომ ძალები დაზოგონ, ეს განსაკუთრებით მეტოქიდან და პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, ლონდონელებზე ითქმის.

20 თებერვალი
არსენალი-ჰალი 16:45
რედინგი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
უოტფორდი-ლიდსი 19:00
ბორნმუთი-ევერტონი 21:15

21 თებერვალი
ბლექბერნი-ვესტ ჰემი 18:00
ტოტენჰემი-კრ. პალასი 19:00
ჩელსი-სიტი 20:00

22 თებერვალი
შრიუსბერი-მანჩესტერი 23:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული