პრემიერლიგა. XXX ტურის წინ: ნაკლული ტურის ვნებები

AutoSharing Option
"ლესტერთან", "ტოტენჰემთან" და "ლივერპულთან" პრინციპული პრემიერლიგური მატჩების წაგებების მერე, "სიტიმ" "ასტონ ვილას" გადაურბინა და ახლა შეეცდება კიდევ ერთ აუტსაიდერს, "ნორვიჩს" გაუსწორდეს.

ამაში მანუელ პელეგრინის ძალიან გაუმართლა, გონსმოსასვლელად მის გუნდს შედარებით ადვილი მატჩები სჭირდებოდა და ბირმინგემელებისა არ იყოს, "იადონებიც" ადვილად უნდა ჩაყლაპოს, ალექს ნილის გუნდს ხომ 9 ტურია, არ მოუგია და აქედან 8 მატჩი წააგო.

ნორვიჩელები გასავარდნ ზონაში ჩაეშვნენ და მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ჯერჯერობით, არა უიმედო, ამიტომაც ყველა შეხვედრაში ბოლომდე უნდა იბრძოლონ.

"სტოკი" და "საუთჰემპტონი" ერთმანეთს იმაში ძალიან გვანან, რომ
მათი სეზონი პერიოდებად იყოფა. თუ ამ გუნდებს თამაში მისდით ნებისმიერის დამარცხება ძალუძთ და კარგ სერიებსაც აცხობენ ხოლმე, მაგრამ მეორე მხრივ, ჩავარდნებიც აქვთ და წარუმატებლობების გადაბმაც ეხერხებათ. ამჟამად, "სტოკს" უკეთესი პერიოდი აქვს, გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და ამას "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისთან" ფრე დაამატა.

"წმინდანებმა" კი იმავე "ჩელსისთან" და მერე "ბორნმუთთან" მარცხს აუტსაიდერ "სანდერლენდთან" ქულა მიაყოლეს და ისიც მატჩის ბოლო წამებზე გატანილი გოლით. ასე რომ, ფავორიტებად "ბრიტანიას" ბინადრები უნდა მივიჩნიოთ საშინაო პუბლიკის და სათამაშო ფორმის ხათრით, მაგრამ, ვინ იცის, რა მოხდება ამ მატჩ-ამოცანაში, ერთი, რაც სავარაუდოა - თამაში ცუდი სანახავი არ უნდა გამოვიდეს.

ცოტა ხნის წინათ, "ბორნმუთისა" და "სუონსის" დაპირისპირებას 6-ქულიანს დავარქმევდით, მაგრამ ახლა ორივე კლუბი შდარებით დამშვიდაა და მოწყდა გასავარდნ ზონას. ამისდა მიუხედავად, ბოლომდე სამშვიდობოს ჯერ არც ერთი არ არის და ქულები არ აწყენდათ. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, "თეთრი გედები" ალბათ ქულაზეც ყაბულს იქნებიან, მაგრამ "ალუბლები" ისეთ მადაზე მოვიდნენ, თანაც საკუთარ მოედანზე, ალბათ, 3 ქულისთვის იბრძოლებენ და ითამაშებენ.

"ასტონ ვილას" ბანაკში გადარჩენისა, ალბათ, თავადაც აღარ სჯერათ, მაგრამ ბირმინგემელები მაინც იომებენ და ეცდებიან ჩემპიონობისთვის მებრძოლი "ტოტენჰემის" გამწარებით თავიანთი გამწარებული ფანების გულები ოდნავ მაინც მოიგონ. თუმცა თუ "დეზებმა" ამ შეხვედრაშიც დაკარგეს ქულები, მათ საჩემპიონო ამბიციებს დიდი ჩრდილი მიადგება.

ისე მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ცოტა გაბრაზებული კი უნდა იყოს, რადგან "ვესტ ჰემთან" წაგებულ დერბის მერე, ათკაციან "არსენალთან" მოსაგები დერბი ვერ მოიგო, რასაც ევროპალიგაზე, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო მატჩი მოჰყვა "დორტმუნდის" წინააღმდეგ (0:3) და ლონდონელები ახლა საბრალო "ვილაზე" აპირებენ ჯავრის ყრას.

წინა ტურში "ბორნმუთთან" საშინაო მარცხის შემდეგ საკუთარი გუნდისა და ბიჭების კოშმარული თამაშით თავად სტივ მაკლარენი გახლდათ შოკირებული და გაიძახოდა ასე თუ გავაგრძელეთ გავვარდებითო... აი კლაუდიო რანიერის ამალა კი ასე თუ გააგრძელებს ჩემპიონი გახდება.

"მელიებისა" და "კაჭკაჭების" დუელში ფავორიტი ადვილი დასანახია და თუ ჯორდების დაცვაში არსებულ ქაოსსა და შეტევაში გაქცევის სურვილს, "ლესტერის" შედეგიანობას დავუმატებთ, წესით მხიარული და უხვგოლიანი თამაში უნდა ვნახოთ.

იმ დროისთვის ლესტერშირელებს კონკურენტების მატჩების შედეგებიც ეცოდინებათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში მოსაგებად იბრძოლებენ, თანაც მას მერე, რაც ბოლო საშინაო შეხვედრები ცოტა მძიმედ ჩაატარეს და მეტი სილაღე და თავდაჯერება სჭირდებათ.

შაბათი. 12 მარტი
ნორვიჩი-სიტი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბასონგი, უისდომი, ტეტი - დე ბრუინი, დელფი, ნასრი
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +3 =15 -23 (39-85)

სტოკი-საუთჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ვანიამა
ტრავმა: ჯონსონი, შოუკროსი, გივენი, ბერდსლი, უილსონი - ოსტინი, გარდოში, როდრიგესი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +10 =10 -15 (47-57)

ბორნმუთი-სუონსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არტერი, სტანისლასი, უილსონი, მინგსი -
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0 =1 -0 (2-2)

კვირა. 13 მარტი
ასტონ ვილა-ტოტენჰემი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გრილიში, სანჩესი, ადამა ტრაორე, ამავი - ნ’ჟიე
ბოლო 6 მატჩი
+1 =0 -5 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 141 თამაში: +49 =32 -60 (203-234)

ორშაბათი. 14 მარტი
ლესტერი-ნიუკასლი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯეიმსი - ტონი, კოლოჩინი, მბემბა, მბაბუ, სისე, აიდარა, ობერტანი, კრული
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +1 =0 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 77 თამაში: +30 =16 -31 (124-110)

ბომბარდირები: 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 17 - ჰარი კეინი (ლესტერი); 16 - სერხიო აგუერო (სიტი); 15 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 11 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი), დიეგო კოშტა (ჩელსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული