ფაბიო კაპელო და შემაშფოთებელი სტატისტიკა

AutoSharing Option

დღეს ინგლისის ნაკრები დანიის ეროვნულ გუნდს ხვდება. ინგლისელთა იტალიელ თავკაც ფაბიო კაპელოს, ბოლო დღეებში ოთხი ფეხბურთელის შეცვლა მოუხდა - გუნდს გამოაკლდნენ სტივენ ჯერარდი, ბენ ფოსტერი, პიტერ კრაუჩი და გაბრიელ აგბონლაჰორი. ჯერარდი, ფოსტერი და კრაუჩი ნაკრების ბანაკიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაითხოვეს, აგბონლაჰორმა კი პირადი პრობლემები მოიმიზეზა.

 

ამრიგად, კაპელოს „ვესტ ჰემიდან“ რობერტ გრინისა და კარლტონ კოულის გამოძახება დასჭირდა. პირველად კარიერაში კაპიტნის სამკლავურის შებმა ფრენკ ლემპარდს მოუწევს, კარში კი, სავარაუდოდ, „ფულჰემის“ 25 წლის მეკარე დევიდ სტოკდეილს ჩააყენებენ.

ლემპარდს რატომ უწევს კაპიტნობა? იმიტომ, რომ ჯერ

იყო და, პრემიერლიგის ბოლო ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ვულვზის“ შეხვედრის დაწყების წინ, მოთელვისას, რიო ფერდინანდმა მყესი იტკინა, ამ ამბიდან 24 საათში კი სტივენ ჯერარდმა  „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაში საზარდული დაიჭიმა -ასე დარჩა კაპელო კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის გარეშე დარჩა. ლემპარდის გარდა ერთადერთი ვარიანტად უეინ რუნი რჩებოდა, მაგრამ მწვრთნელმა მას „ჩელსის“ ნახევარმცველი ამჯობინა.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობის შემყურე ყოფილ ვარსკვლავს, „სანის“ მიმომხილველ იან რაიტს კი მსჯელობის საბაბი მიეცა და ვფიქრობთ მისი ნააზრევის გაცნობა „ლელოს“ მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს.

რაიტი ამბობს, რომ როგორც ინგლისელი გულშემატკივარი და ამაყი ადამიანი, თავისი ქვეყნის გუნდისგან ნებისმიერ მეტოქესთან მხოლოდ გამარჯვებას ელის. რასაკვირველია, ეს დანიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრასაც ეხება, მაგრამ, როგორც სპეციალისტი, ის სვამს კითხვას: არის კი ინგლისის დღევანდელი ნაკრები ის გუნდი, რომლისგანაც შეიძლება ქომაგი ბევრს ელოდეს? ამის შემდეგ რაიტს პრემიერლიგის გუნდებში უცხოელ მოთამაშეთა რაოდენობის ამსახველი სტატისტიკა მოჰყავს და მსჯელობასაც სწორედ მასზე დაყრდნობით იწყებს.


„ვის დაავიწყდება რა მწარედ დავმარცხდით შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებთან? რასაკვირველია, არავის. მაშინ, ყველამ დაუყოვნებლივ მოითხოვა ქირურგიული ჩარევა, რათა უახლოეს დიდ შეჯიბრებაში ინგლისის ნაკრებმა ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლოს, მაგრამ შეგვწევს კი ამის ძალა თუ უბრალოდ ბრმა რწმენას ვართ აყოლილები? მე თუ მკითხავთ, თუ ინგლისურ ფეხბურთში არაფერი შეიცვლება, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხეირს არ უნდა ველოდოთ.

 

შეხედეთ ფაბიო კაპელოს გუნდს. ჩვენს წინაშე მოყირჭებული ფეხბურთელები არიან, ისევ და ისევ ძველი გვარები გვესმის. შესაბამისად, ძველებური იმედგაცრუებისთვის უნდა მოვემზადოთ კიდეც. ყველაზე მეტად კი ის მაღიზიანებს, რომ ამას შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგვე ვხვდებოდი. ყველამ თქვა, რომ გერმანიასთან 4:1 წაგება დაუშვებელი იყო, მაგრამ ამ წინადადების იქით საქმე არ წასულა.

ჩახედეთ სტატისტიკას. პრემიერლიგის ფეხბურთელთა ორი მესამედი უცხოელია. „არსენალში“ ინგლისელთა მონაწილეობა 12,4 პროცენტს არ აღემატება. 15 საუკეთესო ბომბარდირიდან ინგლისელი მხოლოდ სამია. როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამას?“

რაიტი ამბობს, რომ სწორედ უცხოელთა ასეთი მოზღვავების გამო აქვს კაპელოს ხელ-ფეხი შეკრული, მოზღვავება კი იმან განაპირობა, რომ პრემიერლიგა უპირველეს ყოვლისა კომერციული შეჯიბრებაა. გამარჯვებასა და ფულს დახარბებულ კლუბებს ინგლისელი მოთამაშის აღზრდაზე დროის ხარჯვა ეზედმეტებათ და პირდაპირ უცხოეთში ყიდულობენ მზა ვარსკვლავებს.

როგორ გინდა რომან აბრამოვიჩის ტიპის ბიზნესმენებს ინგლისელის აღზრდა აიძულო? ეს გამორიცხულია. ამიტომაც, რაიტი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელების „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას მათი პრემიერლიგის სუსტ და ჩემპიონშიპის გუნდებში გაყიდვა და იქ თამაში სჯობია. ამის კარგი მაგალითი დენიელ სტარიჯია.

და კიდევ, რაიტის აზრით ყველაფერს ყმაწვილთათვის უზარმაზარი ხელფასების დანიშვნა აფუჭებს და ითხოვს, 25 წლამდე ახალგაზრდების დიდი ფულით გარყვნას რაიმე ხერხით ბოლო მოეღოს. კაცმა დიდი შემოსავალი ჯერ უნდა დაიმსახუროს.

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული