რეინა იუნაიტედში?

AutoSharing Option

„ლივერპულის“ ესპანელმა მეკარემ პეპე რეინამ სენსაციური განცხადება გააკეთა. ის, ფაქტობრივად „მანჩესტერ იუნაიტედში“ 20 მილიონ ფუნტად გადასვლას დაყაბულდა. უფრო სწორად, მან, ზაფხულში, „ენფილდიდან“ „ოლდ ტრეფორდზე“ გადასვლა არ გამორიცხა.
მას მერე, რაც „იუნაიტედის“ ჰოლანდიელმა მეკარემ ედვინ ვან დერ სარმა განაცხადა, რომ კარიერას ამთავრებს, ინგლისში დაირხა ხმები, თითქოს ფერგიუსონი „ლივერპულისგან“ რეინას გამოსყიდვას აპირებს. გოლკიპერს კონტრაქტში უწერია, რომ მისი „ენფილდიდან“ გამოსყიდვა 20 მილიონი ფუნტი ღირს. ესპანეთის ნაკრებში გამოძახებულმა რეინამ რადიო Onda Cero-ს მიერ პირდაპირ დასმულ კითხვაზე ასე უპასუხა:

„დიახ, ვან დერ სარი სეზონის დამთავრების

შემდეგ ფეხბურთიდან მიდის და „მანჩესტერ იუნაიტედი“, რასაკვირველია, მის შემცვლელს ეძებს. მე ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემგან, როგორც „ლივერპულთან“ კონტრაქტით შეკრული კაცისგან რაიმეს თქმა ალოგიკურიც იქნებოდა. რასაკვირველია, მეც, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას ძალიან მინდა ვთამაშობდე გუნდში, რომელიც ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის და იმარჯვებს. ჩვენ, „ლივერპულიც“ ვისახავთ მაღალ მიზნებს როგორც ჩემპიონთა ლიგაში ასევე პრემიერლიგაში, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამოგვდის“.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ „წითლები“ ოთხეულში ვერ შევლენ და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლებას ვერ მოიპოვებენ, დატოვებს თუ არა გუნდს, რეინამ უპასუხა:

„ტყუილს არ ვიტყვი, ჩემპიონთა ლიგაში თამაში ძალიან მინდა და თუ „ლივერპული“ პრემიერლიგაში შესაბამის ადგილზე ვერ გავა, შეიძლება დავტოვო კიდეც იქაურობა“.


კლუბთა მეგობარი ფაბიო


ინგლისის ნაკრების თავკაც ფაბიო კაპელოს ძალიან უნდა დანიასთან დღევანდელი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ პრემიერლიგის კლუბების მწვრთნელებთან დაპირისპირება აიცილოს თავიდან. იტალიელს მწარე გამოცდილება აქვს - ნოემბერში, საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრაში „ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი დაშავდა, რასაც საქმის გარჩევები მოჰყვა. ახლა კაპელო ამბობს:
„ბოლო პერიოდში ფეხბურთელებმა ძალიან ბევრი ითამაშეს, მათი კალენდარი გადატვირთული იყო. მე კი, მგონი, ამ ერთ შეხვედრაში ერთბაშად ხუთი გუნდის მომზადება მიხდება. ვალდებულიც ვარ კლუბებს დავეხმარო“.

დანიელებთან შეხვედრაში ინგლისის ნაკრებს 6 ფეხბურთელის შეცვლის უფლება აქვს. ამ ექვს კაცში აუცილებლად მოხვდებიან „არსენალის“ მოთამაშეები ჯეკ უილშირი და თეო უოლკოტი. მიზეზი: „მეთოფეთა“ თავკაცი არსენ ვენგერი სანაკრებო შეხვედრებს გამორჩევით ვერ იტანს.


ავრამის დღეობა


„ვესტ ჰემის“ მწვრთნელმა ავრამ გრანტმა განაცხადა, რომ 56-ე დაბადების დღეს არ გადაიხდის. მოგეხსენებათ, „ჩაქუჩებმა“ პრემიერლიგის ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ „ბირმინგემთან“ 1:0 წააგო, რის შემდეგაც პრეს-კონფერენციაზე ებრაელმა სპეციალისტმა ბრძანა:
„მორჩა, გამორიცხულია. დაბადების დღის აღნიშვის გუნებაზე არ ვარ. დღეს ძალიან მოღუშული დღეობა გამომივიდა“.
თუმცა, ამ სიტყვების მიუხედავად, 12 საათის შემდეგ, გვიან ღამით, პაპარაცებმა „ვესტ ჰემის“ თავკაცს ლონდონის ერთ-ერთ კაზინოსთან გადაუღეს სურათი. ის კაზინოდან გამოდიოდა და, ამბობენ, უკმაყოფილოც არ ჩანდაო.


აი, მიზეზი, გულო ჩემო...


„ბლექპულის“ შოტლანდიელი ვარსკვლავი ჩარლი ადამი ამბობს, რომ გუნდის დატოვება ამბიციის დასაკმაყოფილებლად უნდოდა და არა ფულისთვის. მას მერე, რაც იანვარში მისი „ლივერპულში“, „ტოტენჰემში“ ან „ასტონ ვილაში“ გადასვლიდან არაფერი გამოვიდა, გადაწყდა, რომ ზაფხულში კლუბი მას აუცილებლად გაყიდის. ადამმა თქვა:

„რასაკვირველია, ჩემი შემოსავალი წარმოუდგენელად გაიზრდებოდა, მაგრამ ნამდვილ სპორტსმენს, დიდ გუნდში, უპირველეს ყოვლისა კარგი ფეხბურთის თამაშისთვის უნდა უნდოდეს გადასვლა. ისეთ კლუბში გადასვლა, სადაც დიდ ხელფასს დამინიშნავენ, მაგრამ არ მათამაშებენ, მე არ მაინტერესებს“.
 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული