თამამი განცხადებაა, „ლივერპულიდან“ უფრო პატარა კლუბში გადავედიო - „ჩელსიზეა“ ლაპარაკი. ალბათ მიხვდით, ფერნანდო ტორესის თემას ვაგრძელებთ. დიახ, ესპანელი თავდამსხმელისთვის ფაქტი ფაქტად რჩება: „ლივერპული“ „ჩელსიზე“ დიდი კლუბია, მაგრამ ალალად მთქმელი ვარსკვლავი არც იმას მალავს, რომ „ენფილდ როუდზე“ კრიტიკოსებმა ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს და ბოლოს უკვე ერთი სული ჰქონდა როდის გამოიქცეოდა იქიდან. 26 წლის „ელ ნინიო“ ამბობს:
ჩემთვის „ლივერპული“ ყოველთვის განსაკუთრებულ გუნდად დარჩება. ბრწყინვალე ისტორიის გამო ის „ჩელსიზე“ დიდ კლუბად რჩება, მაგრამ ამჟამად რთული პერიოდი უდგას. იქ, ზაფხულის არდადეგებიდან ახალი შემართებით დაბრუნებული უცბათ
„ლივერპულში“ სამი დიდებული წელიწადი გავატარე, მაგრამ ბოლო ექვსი თვე განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ამ ნახევარმა წელიწადმა დამაკარგინა სიხარული, ენთუზიაზმი და გოლების გატანის სურვილი“.
არადა ტორესი მერსისაიდელთა კერპი იყო, მაგრამ როგორც კი შეიტყვეს, რომ მან „ლივერპულის“ ბოსებს „ჩელსიში“ გადასვლა სთხოვა, შეიძულეს. როგორც ჩანს თავმოყვარე ლივერპულელებზე, დამატებით, ესპანელი თავდამსხმელის იმ ინტერვიუმ იმოქმედა, სადაც მან თქვა, რომ მსოფლიოში „ჩელსის“ მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე „ლივერპულს“. მოგეხსენებათ, მერსისაიდელები დაჩვეულნი არიან, რომ მათ გუნდზე ყველა მხოლოდ აღმატებით ხარისხში ლაპარაკობს. სამაგიეროდ ამ სიტყვებმა აღაფრთოვანა „ჩელსის“ ქომაგები, რომელთაც „წითლების“ ფანებისგან დღენიადაგ ნიშნისმოგებით ესმოდათ, რომ მათ კლუბს ღარიბი ისტორია აქვს.
ტორესმა თქვა, რომ „ლივერპულში“ დარჩენას განსაკუთრებით ორი ადამიანი სთხოვდა. ესენი გახლდნენ მწვრთნელები სემი ლი და სტივ კლარკი, თავადაც „ჩელსის“ ყოფილი ვარსკვლავი. თავდამსხმელმა განაგრძო:
„როდესაც პირველად გავიგე, რომ „ჩელსის“ ჩემი ყიდვა უნდოდა, ვარჯიშზე ვიყავი. მაშინვე მივაშურე კლუბის სპორტულ დირექტორსა და მწვრთნელს, რათა ეს ამბავი მეთქვა და ჩემი მდგომარეობა ამეხსნა. მეორე და მესამე მწვრთნელები, ლი და კლარკი ახალგაზრდობაში თავადაც ფეხბურთელები იყვნენ, ამიტომ მათ გამიგეს, მაგრამ ძალიან მთხოვეს დავრჩენილიყავი. ისინი მიმტკიცებდნენ, რომ ახლა გადასვლისთვის შესაფერისი მომენტი არ იყო, მაგრამ მე მომენტის შერჩევა აღარ დავიწყე. გარშემო ყველაფერი მუქად მეჩვენებოდა, ცუდი სეზონი უარესისკენ მიექანებოდა. წარმოიდგინეთ: არც პირად და არც გუნდის დონეზე კარგი არაფერი იკვეთებოდა, ჩემპიონატის დასრულებამდე კი რჩებოდა ექვსი თვე რომლის გაძლება ნამდვილი ტანჯვა იქნებოდა. ასეთ დროს, როდესაც ფეხბურთელი ხედავ, რომ შენს წინაშე ისეთი კლუბის კარი გაიღო, როგორიც „ჩელსია“, რასაკვირველია, შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ გინდა. ჩემი მხრიდან „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლა ყველაზე რაციონალური ვარიანტი გახლდათ“.
თავდამსხმელი, რომელსაც ლივერპულში, თუმცა რაღა ლივერპულში, მთელ მსოფლიოში, უამრავი ადამიანი ეთაყვანებოდა და ეთაყვანება კიდეც, საკუთრივ ტრანსფერის ფორმით გახლავთ უკმაყოფილო. იგი ამბობს, რომ გიჟურმა ერთმა თუ ორმა კვირამ გული ატკინა.
იმ დღეებში ინგლისურ პრესას მოედო ფოტოები, როგორ წვავენ მერსისაიდელი ფანები ტორესის მაისურებს. ერთი ასეთი ფოტო „ლელოს“ მკითხველებსაც შევთავაზეთ. „ლივერპულის“ ქომაგთა რისხვის ამსახველი ჩანაწერები მთელ დედამიწას მოედო და რაა გასაკვირი, რომ ესპანელ თავდამსხმელს რეპუტაციის დაცვის სურვილი გაუჩნდა.
როგორი რეაქცია ჰქონდა ტორესის წასვლაზე „ლივერპულის“ მწვრთნელ კენი დალგლიშს? „კოპის მეფე კენი“ აშკარად გაღიზიანებული იყო და ინტერვიუებში „ელ ნინიოს“ მიმართ აგრესიას გამოხატავდა, მაგრამ ფეხბურთელმა მდგომარეობის ჩაცხრობა გადაწყვიტა:
„ფანებზე იმას ვიტყვი, რომ მათ ჩართული კამერები რომ არ დაენახათ ჩემს მაისურებს არ დაწვავდნენ. ეს საჩვენებელი აქცია იყო. რაც შეეხება მწვრთნელს, მას, ისე როგორც ნებისმიერ ადამიანს დედამიწაზე, აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება აქვს.
ლივერპულელებს მიაჩნიათ, რომ ჩემი სხვა გუნდში გადასვლა მათ მიმართ უსამართლო საქციელი იყო. მეტიც, ამ ხალხს ჩემი პირიდან სიმართლის მოსმენა არ უნდოდათ, მაგრამ ფეხბურთი ფეხბურთია და აქ, არავინ იცის როდის რა მოხდება. ჯერჯერობით, მერსისაიდელმა ფანებმა მათთვის მოსახერხებელი მითი შექმნეს და დაიჯერეს, თითქოს მე „ჩელსის“ ფეხბურთელობა მინდოდა. მაგრამ, ეს ტყუილია.
მე სინდისი სუფთა მაქვს. „ლივერპულში“ ყველას პატიოსნად მოვექეცი. ამიტომაც მტკენს გულს ის ინფორმაცია, რომელიც გაზეთებში იწერება. სამწუხაროა. ყველაფერი ხომ შეიძლებოდა სულ სხვანაირად გაგრძელებულიყო“.