''ბუუ'' ჩემი პროფესიის ნაწილია

AutoSharing Option

კარლოს ტევესი შაბათს „ოლდ ტრეფორდზე“ ბრუნდება... რასაკვირველია, „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის რანგში და თავისი ყოფილი გუნდის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში გოლის გატანას შეეცდება. არც იმას უნდა დიდი მიხვედრა, რომ არგენტინელს „იუნაიტედის“ ფანობა ღრიანცელითა და სტვენით შეხვდება და ავსიტყვაობას ტრიბუნებიდან ორი ტაიმის განმავლობაში არ მოაკლებს, მაგრამ ტევესს ეს არ ადარდებს. ოდესღაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდადებული ფორვარდი დღეს რობერტო მანჩინის ტიტულისთვის მებრძოლი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია.

ბოლო ტურში, „ვესტ ბრომვიჩთან“, ისტლენდელმა თავდამსხმელმა პირველივე ტაიმში ჰეთთრიკი შეასრულა და ამ სეზონში, ყველა შეჯიბრებაში გატანილი გოლების რაოდენობა ოცამდე

გაზარდა. იმავე დღეს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ აუტსაიდერ „ვულვერჰემპტონთან“ 2:1 წააგო და ერთი ქალაქის ორ გუნდს შორის სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შაბათის დერბი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჟურნალ ZOO-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტევესმა თქვა:

„სულ არ მადარდებს დამიძახებს თუ არა „ოლდ ტრეფორდზე“ ხალხი „ბუუს“. ტრიბუნიდან ღრიანცელი არც გასულ სეზონში მომკლებია, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ გულშემატკივრებს თავიანთი ცხოვრება და წესი აქვთ. ისინი თავიანთ გუნდს უჭერენ მხარს და სხვა არაფერი აინტერესებთ, მე კი ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე ვარ.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვერც ერთი გულშემატკივარი ვერ იტყვის, რომ მე მათ გუნდში თამაშის დროს გულსა და სულს არ ვტოვებდი მოედანზე. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ბევრ მათგანს დღემდე არ ესმის რატომ გადავედი „იუნაიტედიდან“. ერთი სიტყვით, ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის ტრიბუნიდან „ბუუს“ მოსმენა პროფესიის შემადგენელი ნაწილია და ამას ყურადღებას ვერ მივაქცევ.


დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია. ძალიან მიყვარს არგენტინული და ბრაზილიური დერბები, მაგრამ ინგლისში მათ კიდევ სხვა გემო აქვს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ მრავალმხრივ საინტერესოა, მაგრამ ამ შეხვედრის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება იმიტომ კი არ მაქვს, რომ „იუნაიტედის“ ხალხზე ნაწყენი ვარ და პირადი შურისძიება მამოძრავებს, არამედ იმიტომ, რომ დღეს სამ ქულას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.“

ტევესის ინტერვიუში ყურადღება მიიქცია იმან, რომ ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხებას „სიტის“ უმთავრეს მიზნად სულაც არ მიიჩნევს და ამბობს, რომ სეზონის განმავლობაში უდიდესი მნიშვნელობა მეორეხარისხოვან გუნდებთან ქულების მაქსიმალურად მოპოვებას აქვს.

„ჩვენი დღევანდელი შემადგენლობა ძალიან ძლიერია. ბოლო წლებში ამჟამინდელზე უკეთესი გუნდი არ გვყოლია, მაგრამ, თუნდაც ასეთი შემადგენლობით, მთავარი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხება სულაც არ არის. მთავარი შინ, ისტლენდზე ქულების მოპოვებაა. ჩვენ არ უნდა წავაგოთ ის თამაშები, სადაც თეორიულად ფავორიტებად ვითვლებით. ჩემპიონის ტიტული სწორედ იმ თამაშებში იკარგება და არა უშუალო კონკურენტებთან დაპირისპირებაში.“

საინტერესოა, რომ არგენტინელი ფორვარდი არცთუ დიდი ხნის წინ „მანჩესტერ სიტიდან“ გაქცევას აპირებდა და ამისათვის მისი ბრაზილიელი აგენტი, ცნობილი კია ჯურაბჩანი რა ხერხებს არ მიმართავდა, მაგრამ დღეს ის სულ სხვა ჭკუაზეა და ამბობს, რომ ისტლენდელთა გუნდი მასზე მეტად არავის უყვარს.

„მე ამ კლუბიდან გაქცევა არასდროს მდომებია. „მანჩესტერ სიტის“ საწინააღმდეგოდ არასდროს არაფერს გავაკეთებ. არა მგონია ამქვეყნად ეს გუნდი ვინმეს ჩემზე მეტად უყვარდეს. ამას ყოველ ტურში თავდადებული თამაშით ვამტკიცებ. ჩემთვის მთავარი სწორედ მოედანია, თორემ პრესასთან ხშირი შეხვედრებით ნამდვილად არ გამოვირჩევი.“

 

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული