დანიელთა კრისტიანული პასები

AutoSharing Option

„ასტონ ვილას“ თავდამსხმელების, დარენ ბენტისა და ეშლი იანგის გოლებით ინგლისის ნაკრებმა, დანიელებზე, ექვსი წლის წინანდელი 4:1-ისთვის შური იძია. ამჯერად, კოპენჰაგენის „პარკენ სტადიონზე“ თამაში სტუმრების გამარჯვებით დამთვარდა - 2:1.

შეხვედრის წინა დღეებში, პრესა-ტელევიზია, განსაკუთრებით 19 წლის ჯეკ უილშირს აქებდა. არსენალელ ყმაწვილკაცს ხოტბას მწვრთნელი ფაბიო კაპელოც ასხამდა, მაგრამ როგორც თამაშმა გვაჩვენა ის მასზე ერთი თვით და ორი კვირით უმცროსმა დანიელმა კრისტიან ერიკსენმა დაჩრდილა. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უილშირმა ცუდად ითამაშა. ის ბურთს კარგად ფლობდა და ყველაფერში ეტყობოდა, რომ დიდი მომავალი ელის,

მაგრამ აიაქსელ ერიკსენს გუნდის თამაშზე მეტი გავლენა ჰქონდა. თუ ვინმე ნახევარდაცვაში ბატონობდა, ეს დანიელი ჭაბუკი გახლდათ. ერთი სიტყვეთ კაპელოს „მომავალმა ფრანკო ბარეზიმ, პაოლო მალდინიმ და რაულმა“ მაინცდამაინც არ გაამართლა (თამაშამდე 24 საათით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე იტალიელმა მწვრთნელმა უილშირი სწორედ ამ ამპლუით განსხვავებულ, თუმცა სიდიადით მსგავს ფიგურებს შეადარა) დანიელთა „მომავალმა მიქაელ ლაუდრუპმა“ კი გულშემატკივარი გაახარა - მაშინ როდესაც ინგლისელის შეტევები მასპინძელთა დაცვას ასკდებოდა, სტუმრების მცველთა ოთხეულს „აიაქსის“ ყმაწვილთან გამკლავება ძალიან უჭირდა. ერიკსენი მოხერხებული გადაადგილებით სამოქმედო სივრცესაც პოულობდა და ამწვავებდა კიდეც შეტევებს.

სწორედ ერიკსენმა მიაწოდა პასი ნიკლას ბენდტნერს, როდესაც მისი დარტყმული ფრენკ ლემპრდს მოხვდა და ჯო ჰარტის კარს აცდა. და რაა გასაკვირი, რომ კვლავ ერიკსენი გახლდათ ის მოთამაშე, რომლის ჩაკიდებულ ბურთსაც დაარტყა თავური დანიელ აგერმა - მასპინძლები მე-8 წუთზე გატანილმა ამ გოლმა დააწინაურა. გოლის ეპიზოდში პასიც ჩინებული იყო და ლივერპულელი მცველის თავურიც, თუმცა თუკი ერიკსენის ჩახვეულ ჩაწოდებულს ძნელად თუ მოუხერხებდა კაცი რამეს, აგერისთვის ხელის შეშლა ლემპარდსა და ჯონ ტერის მართებდათ.
მაგრამ, კაპელოს გასახარად, მისმა ბიჭებმა თავის ხელში აყვანა და მდგომარეობის გამოსწორება მალევე შეძლეს. იტალიელმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაასკვნა, რომ უეინ რუნის თამაში მაშინ სჯობს, როდესაც ის საგოლე მომენტებს სხვებისთვის ქმნის, რაშიც, ალბათ, კიდევ ერთხელ მაშინ დარწმუნდა, როდესაც მანჩესტერელის პასს მარჯვენა ფრთაზე თეო უოლკოტის ეფექტური დრიბლინგი და დაბალი პასი მოჰყვა - დანიელმა მცველებმა უოლკოტის ჩაწოდებულს რატომღაც მხოლოდ თვალი გააყოლეს, რითაც შორეულ ძელთან თავის გემოზე დარჩენილმა დარენ ბენტმა ისარგებლა. სხვათა შორის, პირველივე ტაიმში ბენტმა კიდევ ერთი გოლი შეაგდო, მაგრამ ოფსაიდის გამო არ ჩაუთვალეს.

რუნი ვახსენეთ და, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ჯერ კიდევ 0:0-ის დროს მასაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მატიას იორგენსენმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

შესვენებისას კაპელომ 6 ფეხბურთელი შეცვალა. საინტერესოა, რომ სწორედ მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე კაცი, რომელსაც ნაკრების ფორმა ოთხწელიწადნახევარი არ სცმია - სკოტ პარკერი, პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ გუნდში ოთხი სხვადასხვა გუნდიდან გამოიძახეს. პირველ ტაიმში საკმაოდ უსახური ლემპარდის გასვლამ კი კიდევ ერთი კაპიტანი შვა - ეშლი კოული, რომელიც 87-ე სანაკრებო შეხვედრას ატარებდა.

მეორე ტაიმი საკმაოდ სტერილური გამოდგა. ერთი-ორ ეპიზოდში ნაქებმა ერიკსენმა გაიბრწყინა და აქეთაც ბენტმა სცადა ბედი, მაგრამ გადამწყვეტი გოლი ეშლი იანგმა შეაგდო - გლენ ჯონსონმა ბურთი დანიელთა ნახევარზე იხელთა, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, მეტოქის კარს რომ მიუახლოვდა „ასტონ ვილას“ ფორვარდს მიაწოდა და მანაც დინამიკურ ეპიზოდს დაბალი დარტყმით ჯეროვანი დაბოლოება მოუძებნა.

თამაშის შემდეგ კაპელომ თქვა: „შედეგით და ზოგი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი ვარ. მომეწონა ბენტი, რომელიც „ასტონ ვილასთან“ შედარებით ნაკრებში განსხვავებულ დავალებას ასრულებდა. პირველ ტაიმში საკმაოდ თავდაჯერებით ითამაშა უილშირმა. ეს საინტერესო დებიუტი იყო. ვათამაშებ თუ არა მას მარტში, უელსში, შესარჩევ შეხვედრაში? მართალი გითხრათ, ამაზე ფიქრი ჯერ ცოტა ადრეა. ერთი თვე უნდა დავიცადო და ვნახო როგორ ფორმაში იქნებიან ეს ფეხბურთელები იმ დროისთვის, რადგან ამ ერთი თვის განმავლობაში მათ თავიანთ კლუბებში ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები ელით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული