საქმის გარჩევა სამეზობლოში

AutoSharing Option
ერთმანეთზე გადამტერებულ მეზობლებს ბოლო ტურებში მაინცდამაინც არ უხმაურიათ, თავიანთ საქმეს შედარებით მშვიდად აკეთებდნენ და იმასაც ყოველთვის წარმატებულად ვერ ახერხებდნენ, მაგრამ საკმარისია დღეს, „ოლდ ტრეფორდზე“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხოს, რომ ინგლისში სერიოზული ხმაური ატყდება - სერ ალექს ფერგიუსონი და მისი გუნდი ტიტულისკენ ძალიან სერიოზულ ნაბიჯს გადადგამენ. 


წინა ტურში კი „იუნაიტედმა“ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი თამაში წააგო, თან „ვულვერჰემპტონთან“, მაგრამ გადარჩა - იმავე დღეს მდევარმა „არსენალმა“ ნიუკასლში რაღაცნაირად მოახერხა და პირველ ტაიმში ოთხი გოლის გატანის შემდეგ, მეორეში ოთხიც გაუშვა. იმ ტურში “ჩელსიმ“

„ლივერპულთან“ წააგო. ერთი სიტყვით, პრემიერლიგის ცხრილში ბევრი არაფერი გამოცვლილა.

მიაქციეთ ყურადღება, რომ „მანჩესტერ სიტის“ ერთი კვირის წინანდელ შედეგზე არაფერი ვთქვით. ისტლენდელებმა „ვესტ ბრომვიჩთან“ 3:0 გაიმარჯვეს - სამივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა და სამივე კარლოს ტევესმა გაიტანა. 

„იუნაიტედისა“ და „სიტის“ შეხვედრები წლების განმავლობაში განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ მას მერე, რაც ისტლენდზე არაბი მეპატრონე შეიხი მანსური გამოჩნდა, დერბი დერბის დაემსგავსა. 2009 წლის სექტემბერში „სიტის“ მწვრთნელი ჯერ კიდევ მარკ ჰიუზი იყო, მაგრამ უკვე მაშინ შედგა ორ გუნდს შორის დაუვიწყარი დაპირისპირება, რომელიც მაიკლ ოუენის მიერ მსაჯის დამატებულ დროში გატანილი გოლის წყალობით „იუნაიტედმა“ 4:3 მოიგო. მას მერე „სიტიმ“ სატრანსფერო ბაზარზე დიდძალი ფული დახარჯა და მანჩესტერელი მეზობლების ყოველი მორიგი დაპირისპირება სულ უფრო და უფრო ხმაურიანი ხდება.

დაძაბულობა კი დიდია: „მანჩესტერ სიტის“ 1968 წლის შემდეგ არ მოუგია ინგლისის ჩემპიონის ტიტული და წარმოიდგინეთ, დღეს „იუნაიტედს“ რომ აჯობოს, როგორ პერსპექტივას დალანდავს თვალწინ. თავის მხრივ, „იუნაიტედიც“ ისტორიული შედეგის ზღურბლთან დგას - სანამ „ლივერპული“ შედარებით სუსტია, ფერგიუსონის გუნდი მეცხრამეტე ოქროს მედალს მიადგა და თუ მას მოიპოვებს, ინგლისის ყველაზე ტიტულიანი კლუბი გახდება. მაგრამ, ისიც ყველას კარგად ესმის, რომ ჯერ რაიმეზე გადაჭრით ლაპარაკი ნაადრევია. თუნდაც იმავე „იუნაიტედს“ „ჩელსისთან“ ორივე თამაში აქვს დარჩენილი, „არსენალთან“ კი სტუმრობა უწევს.

„დღეს სამკვდრო-სასიცოცხლო თამაში გველის - უთხრა ფერგიუსონმა საკლუბო ტელევიზიის ჟურნალისტს - ამ დიდი შეხვედრის შედეგზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სამწუხაროდ, მაინცდამაინც ამ მატჩის წინ დაგვიმთხვიეს შუა კვირის სანაკრებო შეხვედრები, რაც, მე თუ მკითხავთ, ნამდვილი სიგიჟეა, მაგრამ რა გაეწყობა, რამენაირად გავართმევთ თავს. საბედნიეროდ ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც სანაკრებო შეხვედრებში არ უთამაშიათ და „სიტის“ წინააღმდეგ ისინი გავლენ მოედანზე.“

უეინ რუნიმ, რომელიც ოთხშაბათს, დანიელებთან შეხვედრაში, ფაბიო კაპელომ პირველი ტაიმის მერე შეცვალა, ბოლო დროს თამაშს მოუმატა და თანდათანობით იმ რუნის ემსგავსება, მეტოქეებს შიშის ზარს რომ სცემდა. და მაინც, ფერგიუსონი „მანჩესტერ სიტისთან“ სათამაშოდ შემადგენლობას დაკვირვებით შეარჩევს, რადგან, როგორც თავად თქვა, კოპენჰაგენში და უკან ნამგზავრი ესა თუ ის ფეხბურთელი დაშავებულის გარდა შეიძლება დაღლილიც იყოს.

სხვადასხვა ნაკრებში დაღლილი და დაშავებული ხალხის პრობლემა, რასაკვირველია, „მანჩესტერ სიტისაც“ უდგას, მაგრამ მას ერთი უპირატესობა აქვს - ტევესი დასვენებულია. არგენტინელებმა ის არასერიოზული დამოკიდებულების გამო დასაჯეს და პორტუგალიასთან არ ათამაშეს, რითაც ისტლენდელებს დიდებული საქმე გაუკეთეს.

აი, „ვულვერჰემპტონს“ კი პრემიერლიგის კალენდარი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ ამ გუნდმა ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოუგო 2:1, მაგრამ სიხარული ვინ აცადა - დღეს „არსენალს“ ხვდება. ზემოთ კი „არსენალზეც“ მოგახსენეთ და თუ არსენ ვენგერის გუნდი „ნიუკასლის“ შემდეგ კიდევ მისცემს თავს ქულების დაფანტვის უფლებას, შეუძლია ტიტულისთვის მებრძოლთა რიგებიდან თავი ახლავე ჩამოწეროს.

„ჩელსი“ ორშაბათამდე ისვენებს, ორშაბათ საღამოს კი მეზობელ უბანში „ფულჰემს“ ხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მანამდე „ტოტენჰემი“ სანდერლენდში გაიმარჯვებს ან თუნდაც ფრედ ითამაშებს, ერთი დღით მაინც ისიამოვნებს ცხრილის ცქერით - იქ, მეოთხე ადგილზე იქნება.
„ლივერპულს“ რომელმაც ბოლო ოთხი თამაში მოიგო და გოლი არც ერთში არ გაუშვა, შეუძლია იგივე მეხუთედაც გაიმეოროს - „უიგან ატლეტიკს“ მასპინძლობს.


დღეს
მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი 16:45
ტრავმა: ჰარგრივზი, რ. ფერდინანდი, ვალენსია  - რიჩარდსი. ა. ჯონსონი, ბალოტელი.

 

არსენალი-ვულვერჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: დიაბი (არს)
ტრავმა: ვერმაელენი, ფლიმპონგი, დენილსონი, ფაბიანსკი, ნასრი, სონგი - ჰანტი, მენსიენი, ნაითი, გუედიურა.

 

ბირმინგემი-სტოკი 19:00
ტრავმა: მაკფადენი, დანი - სიდიბე, უილკინსონი, ჰიგინბოტემი

 

ბლექბერნი-ნიუკასლი 19:00
ტრავმა: ჯონსი, სანტა კრუსი, ჟივე - ამეობი, სმიტი, აირლენდი, ს. ტეილორი, გოსლინგი, ბენ არფა. რ. ტეილორი

 

ბლექპული-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: ბეიკერი (ასტ)
ტრავმა: კრეინი, ბეშემი, გილკსი, კლარკი - ლ. იანგი, ბეიკერი, დელფი, უეიმენი

 

ლივერპული-უიგანი 19:00
ტრავმა: ქეროლი, სპირინგი, ჯერარდი - კლივერლი, ალკარასი

 

ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი  19:00
ტრავმა: იბანიესი, დორანსი - ედგარი, და კოსტა, ჰიტცლსპერგერი, კოლისონი, კურუჟი

 

სანდერლენდი-ტოტენჰემი 21:30
ტრავმა: კეტერმოლი, მეილერი, ეილბეკი, ტერნერი, კემპბელი, ზენდენი - კრანჩარი, მოდრიჩი, კინგი, ჰადლსტოუნი, კაბული, ბეილი

 

 

ხვალ
ბოლტონი-ევერტონი 20:00
ტრავმა: ო’ბრეინი, სემუელი, გარდნერი, შ. დევისი - ბარკლი

 

 

ზეგ
ფულჰემი-ჩელსი 24:00
ტრავმა: ბრიგზი, ეტუჰუ, ზამორა, სენდეროსი - ჟირკოვი, ბენაიუნი

 

თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 25 15 9 1 55:24 54
2. არსენალი 25 15 5 5 54:27 50
3. სიტი 26 14 7 5 42:22 49
4. ჩელსი 25 13 5 7 46:22 44
5. ტოტენჰემი 25 12 8 5 35:27 44
6. ლივერპული 26 11 5 10 34:31 38
7. სანდერლენდი 26 9 10 7 32:31 37
8. ბოლტონი 26 8 9 9 36:37 33
9. სტოკი 25 10 3 12 31:32 33
10. ნიუკასლი 25 8 7 10 40:38 31
11. ბლექბერნი 26 9 4 13 34:42 31
12. ფულჰემი 26 6 12 8 28:28 30
13. ევერტონი 25 6 12 7 33:34 30
14. ასტონ ვილა 26 7 8 11 30:45 29
15. ბლექპული 25 8 4 13 38:49 28
16. ბირმინგემი 24 5 12 7 24:33 27
17. ვესტ ბრომვიჩი 25 7 5 13 31:48 26
18. უიგანი 26 5 11 10 26:44 26
19. ვულვზი 25 7 3 15 26:43 24
20. ვესტ ჰემი 26 5 9 12 27:45 24

 

ბომბარდირები: 19 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 18 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 10 - ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ნოლანი (ნიუკასლი), ბენტი (ასტონ ვილა); 9 - კეჰილი (ევერტონი), დემპსი (ფულჰემი), დროგბა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), მალუდა (ჩელსი), ნასრი (არსენალი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ტორესი (ლივერპული/ჩელსი); 8 - კემპბელი (ბლექპული).

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული