ინგლისელების გაბრაზება და მაიმუნობა ჩეხურად

AutoSharing Option

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, კლუბები დასაჯოს. მიზეზი: იმ მოთამაშეთა რაოდენობამ, რომლებიც ამ კვირაში გამართულ სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობისთვის გამოიძახეს, მაგრამ არ გამოცხადდნენ, შემაშფოთებელ ზღვარს მიაღწია - სამშაბათსა და ოთხშაბათს ინგლისელთა დიდი და ორი ასაკობრივი ნაკრების შეხვედრებს სხვადასხვა მიზეზით 24 ფეხბურთელი დააკლდა. ამათგან 11 კაცი სტიუარტ პირსის ახალგაზრდულ ნაკრებში არ გამოცხადდა.

ასეთმა სტატისტიკამ ფეხბურთის ასოციაციის შეფებს განგაშის ზარი შემოაკვრევინა და სასჯელების შემოღება აფიქრებინა. „განტევების ვაციც“ კი შეარჩიეს: 20 წლამდელთა ნაკრებში არგამოცხადების გამო შემოწმებასა და დასჯას „ნიუკასლის“ თადამსხმელ ნაილ რეინჯერს უპირებენ. დასჯის ფორმაც

მოფიქრებული ჰქონდათ, ფეხბურთელს დღეს „ბლექბერნის“ წინააღმდეგ თამაშს აუკრძალავდნენ, მაგრამ, შემდეგ შეიტყვეს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველ კრის სმოლინგის პირსმა ავადმყოფობის ცნობის გარეშე მისცა შეკრებისა და თამაშის გაცდენის ნება, სხვადასხვა გუნდის ფეხბურთელებს კი სხვადასხვანაირად ვერ მიუდგებოდნენ.

მაგრამ მარტში ასოციაცია გამკაცრდება და შეკრებიდან ისე არავის გაათავისუფლებს, სამედიცინო შემოწმება თუ არ ჩაუტარა. ყველა, ვინც ამ წესს არ დაემორჩილება, დისკვალიფიკაციით დაისჯება. ამის საშუალებას ფეხბურთის ასოციაციას თვით ფიფა აძლევს, რომლის ერთ-ერთ წესში მკაფიოდ წერია, რომ თუ მოთამაშე სანაკრებო შეხვედრას ისე გააცდენს, რომ შეკრებაზე საერთოდ არ გამოცხადდება, ადგილობრივ ფედერაციას უფლება აქვს თავისი მატჩის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში მას კლუბში თამაში აუკრძალოს. როგორც ირკვევა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ამ წესის შესახებ დიდი ხანია იცოდა, მაგრამ მის გამოყენებას თავს არიდებდა, რადგან კლუბებთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდოდა. ახლა, მოთმინების ფიალა აივსო.

ინგლისელთა მთავარი ნაკრების თავკაცმა, ფაბიო კაპელომ, დანიელებთან შეხვედრის წინ კაპიტანი, სტივენ ჯერარდი დაკარგა, მაგრამ ჯერარდმა დღეს „ლივერპულისა“ და „უიგანის“ შეხვედრაში რომც ითამაშოს, მას ასოციაცია საყვედურს ვერ ეტყვის, რადგან ის ეროვნული გუნდის ბაზაზე მივიდა, თავი ასოციაციის ექიმებს გაასინჯინა და მხოლოდ მათი ნებართვით გააცდინა თამაში. „ლივერპულის“ კაპიტანს საზარდული აწუხებდა, რაც ნაკრების სამედიცინო პერსონალმა დაადასტურა.

ერთი სიტყვით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას, ამ ეტაპზე, მიზნად დასახული აქვს ფეხბურთელებს შეკრებაზე მისვლა და იქიდან დათხოვნა აიძულოს. ბანაკში გამოცხადება ყველასთვის სავალდებულო გახდება, რაც სად-სად და ამ ქვეყანაში ძნელი არ უნდა იყოს: ინგლისის ნაკრების ყველა ფეხბურთელი ხომ ინგლისში თამაშობს. უცხოეთიდან არავის მოუწევს ჩასვლა.

ზემოთ „ნიუკასლის“ ფეხბურთელის დასჯის სურვილი ვახსენეთ. „კაჭკაჭები“ ასოციაციას იმიტომ ჰყავს ამოჩემებული, რომ შარშან, საფრანგეთთან შეხვედრის წინ ენდი ქეროლთან დაკავშირებით დაიძაბა ურთიერთობა: ასოციაცია ამტკიცებდა, რომ ქეროლი ჯანმრთელად არის, „ნუკასლს“ კი დაჩემებული ჰქონდა, რომ ის დაშავებულია. ქეროლის გამო ნიუკასლელებსა და ასოციაციას შორის დავა ადრეც ყოფილა, კლუბი თავდამსხმელს 21 წლამდელთა გუნდში არ უშვებდა. მოკლედ, „კაჭკაჭებს“ სახელი აქვთ გატეხილი.

ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა იმიტომაც იყო შემაშფოთებელი, რომ იმ მოთამაშეთა შორის, რომლებმაც ნაკრეში თამაშს თავი აარიდეს, უმეტესობა ახალგაზრდა იყო. ეს ის თაობაა, რომლიც ჩემპიონთა ლიგის ზეობაში გაიზარდა და სანაკრებო ფეხბურთი მეორეხარისხოვან საქმედ მიაჩნია. ამ ახალგაზრდებთან პატრიოტული მუშაობა კაპელოს ერთ-ერთ ასისტენტს, „ლივერპულის“ ლეგენდარულ მეკარე რეი კლემენსს დაევალა. მან უნდა აუხსნას თანამედროვე ეპოქის შვილებს, რომ ნაკრებში თამაში მეორეხარისხოვან შეჯიბრებაში მონაწილეობას კი არა, საკუთარი სამშობლოს წარმოჩენასა და მისი ღირსების დაცვას ნიშნავს.

და თუ ეს შეღავათია, ინგლისელები თავს იმით იმშვიდებენ, რომ ნაკრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება სხვა ქვეყნევბშიც შეინიშნება. მაგალითად, კარლოს ტევესი არგენტინელებმა დასაჯეს და პორტუგალიასთან შეხვედრაში არ ათამაშეს. მიზეზი: ერთი ხნის წინ, მან ბრაზილიასთან თამაში გააცდინა, რამდენიმე დღის მერე კი „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში მოედანზე დაქროდა.
ჩეხებს კი საერთოდ კომიკური რამ შეემთხვათ: პრეღის „სპარტამ“ თავისი სამი ფეხბურთელი ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთან სათამაშოდ არ გაუშვა, სანკტ პეტერბურგის „ზენიტთან“ ამხანაგურ შეხვედრაში კი ათამაშა, ოღონდ... ზურგზე სხვა გვარები დააწერა. ეგონა, ვერავინ იცნობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული