არ გვეშინია!

AutoSharing Option

„არსენალის“ კაპიტანი სესკ ფაბრეგასი ამბობს, რომ მის გუნდს „ბარსელონას“ შიში არ აქვს. მოგეხსენებათ, „მეთოფეები“ „ბარსას“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ხვალ მასპინძლობენ. ლეო მესის და მის მეგობრებს კი მიმდინარე სეზონში მარტო ორი თამაში აქვთ წაგებული. 23 წლის ფაბრეგასი, რომელიც ბავშვობაში თავად „ბარსელონას“ სკოლაში იზრდებოდა ამბობს:

„მათი შიში არ გვარგებს. მოედანზე ჩვეულებრივად უნდა გავიდეთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. „ბარსელონას“ შარშანაც შევხვდით და, ვფიქრობ, ზედმეტი მოწიწებით მოვეპყარით, განსაკუთრებით ლონდონური თამაშის პირველ შეხვედრაში. რასაკვირველია, ვიცით, რომ „ბარსა“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და მასთან შეჯიბრება

ჩვენთვის დიდი ამოცანაა. ჩვენ ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს, მაგრამ უზარმაზარი ენერგია გვაქვს და შეგვიძლია ტოლი არავის დავუდოთ“.

შარშანდელ მეოთხედფინალში „ბარსელონამ“ „არსენალს“ ორი შეხვედრის ჯამში 6:3 მოუგო. პირველი შეხვედრა „ემირეიტ სთედიუმზე“ 2:2 დამთავრდა. თავიდან „ბარსელონა“ იგებდა 2:0-ს. „კამპ ნოუზე“ კი კატალონიელთა უპირატესობა აშკარა იყო: 4:1. სამი გოლი მესიმ შეაგდო. ფაბრეგასი ამბობს:

„შარშანდელიდან რაიმე გაკვეთილის სწავლა ძნელია, რადგან „ბარსელონა“ უძლიერესი გუნდია და მის შესახებ ყველაფერი რომც იცოდე შესაძლოა ვერაფერს გახდე. „ბარსას“ ბევრი დიდი ვარსკვლავი ჰყავს, რომელთაც ერთ წამში შეუძლიათ ყველაფრის თავიანთ სასარგებლოდ შეცვლა“.

თუმცა, ერთი ძალიან დიდი განსხვავება შარშანდელსა და წლევანდელს შორის ის იქნება, რომ შარშან ფაბრეგასი დაშავდა, წლეულს კი ის ჩინებულ ფორმაშია.

„ბარსასთან“ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებმა 19 წლის ჯეკ უილშირსაც ჰკითხეს. მან უპასუხა:
„შარშანდელისგან განსხვავებულად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ბარსელონელებს თვალებში უნდა ჩავხედოთ და, თუ ყურში ცუდად არ მოგხვდებათ, უფრო საძაგლები უნდა გავხდეთ. ბურთისთვის ბრძოლაა საჭირო. როდესაც მას მოვიპოვებთ, უნდა შევინარჩუნოთ, გავაგოროთ, როგორც ისინი აკეთებენ. მე ვუყურებ „ლა ლიგას“ შეხვედრებს, სადაც ჩავის და ინიესტას პარადი მოჰყავთ და მიდა თავად ვისწავლო ასე თამაში“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული