ერიკ ბაილი - ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი

AutoSharing Option
ვერაფრით გამოიცნობდით, რომ ერიკ ბაილი ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი გახდებოდა "მანჩესტერში", მაგრამ სწორედ ასე მოხდა - "იუნაიტედმა" გუშინ ახალწვეულიც წარადგინა, რომელშიც "ვილიარეალს" 30 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.

ერიკ ბაილის მშვენიერი სეზონი ჰქონდა ვალენსიურ კლუბში, 22 წლის მცველის პროგრესი თვალშისაცემია. "წითელმა ეშმაკებმაც" გადაწყვიტეს, სანამ ვინმე დაგვასწრებს, კოტდვიუარელი ხელიდან არ გავუშვათო.

ბაილი "ვილიარეალში" 2015 წლის იანვარში 4,4 მილიონ გირვანქად "ესპანიოლიდან" გადავიდა. ახლა კი "ყვითელმა წალქვეშა ნავმა" 26 მილიონამდე მოიგო. იგი მანჩესტერში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, კონტრაქტის დეტალებიც შეთანხმდა.

აფრიკელმა ფეხბურთელმა 4-წლიანი ხელშეკრულება
გააფორმდა, კიდევ ორი წლით გახანგრძლივების ფუნქციით. ვინაიდან ბაილი ევროკავშირის ქვეყნიდან არ არის, მას დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლება ესაჭიროება. ასე რომ, ტრანსფერის განხორციელებას ბოლო აკორდი აკლია.

მართალია, "იუნაიტედმა" გასულ სეზონში ცოტა გოლი გაუშვა, მაგრამ გუნდის დაცვაში სრული ქაოსი იყო და ჟოზე მოურინიო ლუი ვან გაალივით ექსპერიმენტატორობას არ აპირებს. მას სურს, "იუნაიტედის" უკანა ხაზი გააძლიეროს.

"მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ოცნების ასრულებაა, ეს ხომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. მე ძალიან მსურდა ასეთ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი ვარ, ის ხომ ძალიან გამოცდილია ინგლისურ ფეხბურთში და კარგად იცის, როგორი ფეხბურთელები გაამართლებენ პრემიერლიგაში.

მას სჯერა ჩემი და ეს დამატებით ძალებს შემმატებს. ესპანურისგან განსხვავებით, ინგლისური ფეხბურთი უფრო სწორხაზოვანი და უფრო ძალისმიერია. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სწორედ ასეთი სტილის ჩემპიონატი შემეფერება", - განაცხადა "მანჩესტერის" ახალწვეულმა. "ერიკს აქვს იმის პოტენციალი, რომ თავის ამპლუაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს", - სიტყვაძუნწი იყო მოურინიო.

ერიკ ბერტრან ბაილი ბინგერვილიდანაა (კოტ დ'ივუარი). 17 წლის ასაკში ის "ესპანიოლის" ახალგაზრდულ გუნდში მივიდა, საიდანაც მოხვდა კიდეც "ყვითელ წყალქვეშა ნავში". მისი დებიუტი კოტ დ'ივუარის ნაკრებში შარშან შედგა და გუნდთან ერთად, აფრიკის ერთა თასი მოიგო. გასულ პრიმერაში ბაილიმ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

* * *
ინგლისური მედიის ცნობით, ჟოზე მოურინიოს მეორე შენაძენი გაცილებით სახელოვანი იქნება - ლაპარაკია ზლატან იბრაჰიმოვიჩზე, რომელიც "პარი სენ-ჟერმენიდან" წავიდა და თავისუფალი აგენტია. იბრას ახლა არ ეტრანსფერება, მისი გუნდი საფრანგეთშია და კარსმომდგარი ევრო 2016-ისთვის ემზადება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მექსიკური "პაჩუკას" ნიჭიერი ფლანგელით, ირვინგ ლოსანოთი დაინტერესდა. 20 წლის ფეხბურთელი ახლა კოპა ამერიკაზე თამაშობს და "წითელი ეშმაკების" სკაუტები მას იქაც აკვირდებიან.

ინგლისური კლუბი ახლა "პაჩუკას" უფროსობას უნდა გაურიგდეს, რადგან როგორც ამბობენ, თავად ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება პრობლემა არ იქნება, მას ევროპაში გადმობარგება ძალიან უნდა.

ჟოზე მოურინიოს სამიზნეები არიან აგრეთვე ნემანია მატიჩი (ჩელსი) და ანდრე გომეში (ვალენსია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული