ტორესის მეორე იმედგაცრუება

AutoSharing Option

„ჩელსის“ მიერ „ლივერპულისგან“ 50 მილიონ ფუნტად შეძენილი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი კვლავ უსახური იყო: ორშაბათს „ლურჯებმა“ ლონდონის მეზობელი უბნის გუნდ „ფულჰემთან“ 0:0 ითამაშეს. ეს ესპანელის მეორე წარუმატებელი შეხვედრა გახლდათ „ჩელსის“ შემადგენლობაში. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ტორესის ახალმა გუნდმა ყოფილთან შინ 1:0 წააგო.

„ფულჰემისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაში ყურადსაღები ამბავი მოხდა: „ლურჯების“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სასტარტო შემადგენლობაში არ შეიყვანა დიდიე დროგბა. კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელის ნაცვლად იტალიელმა ტორესი ათამაშა და ამით რაც მოიგო, ზემოთ უკვე მოგახსენეთ. 71-ე წუთზე ტორესი ისევ დროგბათი გახდა შესაცვლელი,

მაგრამ მოედანზე მხოლოდ 20 წუთით შესული სტაჟიანი ჩელსელი უკვე ვეღარაფერს გახდა. მეტიც, მსაჯის წამატებულ წუთებზე „ჩელსიმ“ კინაღამ წააგო: გუნდში ტორესთან ერთად მისულმა ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუიზმა, რომელშიც რომან აბრამოვიჩმა 25 მილიონი ფუნტი გადაიხადა, საჯარიმოში კლინტ დემპსი წააქცია, რის გამოც მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის დარტყმა თავად ამერიკელმა ვარსკვლავმა იკისრა, მაგრამ სტუმრების მეკარე პეტრ ჩეხმა აუღო.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ანჩელოტიმ ტორესის დაცვა სცადა. ეს, რასაკვირველია, საკუთარი პოზიციის დაცვაც იყო - აკი მოგახსენეთ, რომ მან დროგბა არ ათამაშა. მწვრთნელი ცდილობდა ჟურნალისტები დაერწმუნებინა, რომ ტორესმა „ფულჰემთან“ გაცილებით უკეთ ითამაშა ვიდრე „ლივერპულთან“. არადა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ესპანელმა სახიფათოდ ერთხელაც ვერ დაარტყა კარის მიმართულებით. „ჩელსის“ თავკაცმა დაიჩემა:

„ფერნანდომ კარგად ითამაშა. ის ძალიან სასარგებლოდ გადაადგილდებოდა მოედანზე. პირველ ტაიმში რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ჰქონდა, მოედნიდან კი იმიტომ გავიყვანე, რომ დასვენებული დიდიეს ენერგია მჭირდებოდა. მერწმუნეთ, ამ შეხვედრაში ტორესმა გაცილებით უკეთ ითამაშა ვიდრე ერთი კვირის წინ, „ლივერპულთან“. იმაში, რომ როტაციის პრინციპს მივმართავ გასაკვირი არაფერია. დღეს ჩვენ თამაშის კონტროლი გვქონდა მიზნად დასახული, მეორა ტაიმში კი მოედნის მთელი სიგანის გამოყენება გვინდოდა. შემდეგ შეხვედრაში, შეიძლება, დროგბა და ტორესი ერთდროულად ვათამაშო.

გოლის გატანა ყველა თავდამსხმელს სურს, მაგრამ არა მგონია ფერნანდოს გული გატყდომოდა იმის გამო, რომ „ლივერპულს“ და „ფულჰემს“ ვერ შეუგდო. ის ჩვენი გუნდის ახალი წევრია და შესაგუებლად დრო სჭირდება. ერთი რამ კი ფაქტია: დღეს ტორესმა წინა თამაშზე უკეთ ითამაშა“.

როდესაც დიდიე დროგბას დონის ვარსკვლავს სათადარიგოთა სკამზე სვამ, შესაძლოა ურთიერთობა დაგეძაბოს. ამაზე ანჩელოტიმ ბრძანა:
„არ ვიცი დიდიე უკმაყოფილო დარჩა თუ არა, მაგრამ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა იციან, რომ „ჩელსისთვის“ ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ამჯერზე შემადგენლობის შეცვლა იყო საჭირო, ის კი დავასვენეთ, რადგან ენერგია შემდგომი მატჩებისთვის დაეზოგა. ყველამ მაქსიმალური მოტივაცია უნდა შეინარჩუნოს“.

ამრიგად, „ფულჰემისა“ და „ჩელსის“ შეხვედრის შემდეგ „ლურჯები“ მეხუთე ადგილამდე დაქვეითდნენ. ჩემპიონატის დამთავრებამდე 12 ტურით ადრე მათ ორი ქულით უკვე „ტოტენჰემი“ უსწრებს. ნუთუ, დასავლეთ ლონდონელებს ოთხეულში მოხვედრის პრობლემა დაუდგათ?

„რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანი ოთხეულში მოხვედრაა - დაადასტურა ანჩელოტიმ - თუ მომავალშიც დღევანდელივით ვითამაშებთ, ვფიქრობ, ამ მიზანს მივაღწევთ. ერთი სიტყვით, მე ოპტიმიზმი არ დამიკარგავს და ამის რეალური საფუძველი მაქვს“.
„ფულჰემის“ თავკაცმა მარკ ჰიუზმა კი თამაში ასე შეაფასა:

„თუ გავითვალისწინებთ, რომ თამაშის ბოლო წუთზე პენალტი დავარტყით და ვერ გავიტანეთ, რასაკვირველია, ჩვენთვის ეს ფრე გულდასაწყვეტი იყო. როდესაც, ბოლოწამს, დიდი გუნდის დამარცხების შესაძლებლობა გეძლევა, კარგი იქნება თუ გამოიყენებ. მეტიც, მე ვფიქრობ მსაჯს პენალტი ხელახლა უნდა დაერტყმევინებინა, რადგან დროგბა საჯარიმოში ადრე შევარდა. თან, არბიტრმა ეს ძალიან კარგად დაინახა“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული