როი ჰოჯსონმა თქვა, რომ „ლივერპულიდან“ გაგდებამ მას ძალიან დაწყვიტა გული. მწვრთნელი, რომელიც ახლა „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს“ უდგას სათავეში „ენფილდიდან“ გაშვების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.
ამრიგად, მერსისაიდულ გუნდთან განშორების 37-ე დღეს ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი ახალ სამსახურში მივიდა და ჟურნალისტებთან ძველზე ილაპარაკა. ამ ლაპარაკის დროს მან ისიც გულწრფელად თქვა, რომ „ლივერპულის“ ახალი მეპატრონე, ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ ჰენრი ძალიან ძნელი ამოცანის წინაშე დგას. კერძოდ, 63 წლის ჰოჯსონმა ასე ბრძანა:
„ჩემთვის სულაც არ წარმოადგენდა საიდუმლოს, რომ ძალიან ბევრს „ლივერპულის“ მწვრთნელად ჩემი დანიშვნა იმთავითვე არ
მართალი გითხრათ, ჩემი კარიერის ძალიან დიდი მონაკვეთი წარმატებული იყო და უარყოფითი ემოცია გადავიწყებულიც კი მქონდა. ვერ მოგატყუებთ, რაც „ლივერპულში“ მოხდა ჩემთვის სულერთი არ იყო. მე ფეხბურთისა და საკუთარი რეპუტაციისადმი გულგრილი ვერასდროს ვიქნები. დიდძალი ქების შემდეგ დიდძალ კრიტიკას რომ ეჯახები, რასაკვირველია, ვერ იღებ და ღელავ. ეს საქმეს უარყოფით დაღს ასვამს. გაცილებით კარგად მუშაობ, როდესაც ფანები ამბობენ, რომ გიცნობენ და სწამთ შენი.
ყოველთვის, როდესაც სამსახურიდან გათავისუფლებენ, თავმოყვარეობა გელახება. მე „ლივერპულში“ ენთუზიაზით ჩავედი, მაგრამ ვერაფერს გავხდი, რადგან მეპატრონემ ჩემი შეცვლა გადაწვიტა“.
ჰოჯსონი, რომელიც არ უარყოფს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა ძალიან აინტერესებს, დასძენს, რომ მერსის პირას გადატებულმა ექვსმა თვემ მის რწმენასა და თავდაჯერებულობას ვერაფერი დააკლო. ბოლოს და ბოლოს 2010 წლის მაისში, როდესაც მისი ხელმძღვანელობით „ფულჰემმა“ ევროლიგის ფინალში ითამაშა (სადაც მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 2:1 წააგო), ჰოჯსონი ინგლისის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. სწორედ ამ წარმატების შემდეგ შესთავაზეს „წითლებმა“ მათთან გადასვლა და ისიც დათანხმდა. დღეს უკვე „ვესტ ბრომვიჩის“ თავკაცი ამბობს, რომ მისი „ლივერპულიდან“ მოხსნის შემდეგ აღარ ისმის კრიტიკა, რომელიც რამდენიმე თვის წინ „წითლების“ ფეხბურთელებმა რაიან ბაბელმა და დანიელ აგერმა წამოიწყეს.
„ზოგი ფეხბურთელი მესიჯებს მიგზავნის და თანადგომას მაგრძნობინებს. სამწუხაროდ, ძველმა მეპატრონეებმა და დირექტორატის წევრებმა, რომელთაც ჩემთან თანამშრომლობა სურდათ, თავად ვერ გაძლეს „ლივერპულში“ დიდხანს. ახალმა მეპატრონემ კი თავი ურთულეს მდგომარეობაში ამოჰყო. ჩვენ წარმატებულად ვერ ვთამაშობდით და ხალხიც ზეწოლას ახდენდა. ტრიბუნები ჩემს გაშვებას მოითხოვდნენ. ამან საკუთარი თავის რწმენა ვერ შემირყია, რადგან შეუძლებელია კარგად იმუშაო, როდესაც სანახევროდ სხვა რაღაცებზე გიწევს ფიქრი. თუ არ გაცლიან შედეგსაც ვერ მიაღწევ. თავდადება? თავდადება რა შუაშია. იმაზე მეტი თავდადებით მუშაობა, მე „ლივერპულში“ რომ ვაკეთებდი შეუძლებელია. მოკლედ, მე არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი, უბრალოდ იქ სხვისი დანიშვნა უნდოდათ და ამის გამო მებრძოდნენ“.
კიდევ, ჰოჯსონმა თქვა, რომ ასე მალე პრემიერლიგაში დაბრუნებას არ აპირებდა, მაგრამ ახლა „ვესტ ბრომვიჩშია“ და სურს აქაც ისეთ წარმატებას მიაღწიოს, როგორსაც „ფულჰემში“ მიაღწია. მან ხომ „ფულჰემი“ 2008 წელს ჩაიბარა, 2010-ის გაზაფხულზე კი, როგორც მოგახსენეთ, ევროლიგის ფინალში ათამაშა. ჯერჯერობით მისი კონტრაქტი „ვესტ ბრომვიჩთან“ მხოლოდ წელიწადნახევრიანია, მაგრამ მწვრთნელი ამბობს:
„ამ ეტაპზე წელიწადნახევარი სწორად შერჩეული ხანგრძლივობაა. მართალი გითხრათ, თავმჯდომარის, ჯერემი პისის დაჟინება რომ არა, ასე მალე საქმეში არც დავბრუნდებოდი. ჩემი კარიერის ამ ეტაპზე ხანგრძლივი ხელშეკრულებების გაფორმება არ მინდა“.