ინგლისში დატოვებული კბილები

AutoSharing Option

რობერტო მანჩინიმ თავისი ახალი ფორვარდი, ედინ ჯეკო გააკრიტიკა და მისი პრობლემები „ლივერპულიდან“  „ჩელსიში“ გადასული ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის პრობლემებს შეადარა - სალონიკიში „მანჩესტერ სიტიმ“, ევროლიგის შეხვედრაში, „არისთან“ 0:0 ითამაშა, რაც ერთი შეხედვით მისთვის კარგია, რადგან საპასუხო მატჩი შინ ელის და ფავორიტად რჩება, მეორე მხრივ კი გამოამჟღავნა, რომ პერიოდულად ძალიან უკბილოა. გუნდს, რომლის დაკომპლექტებაში ასეულობით მილიონია დახარჯული „არისთან“ ასე არ უნდა გასჭირვებოდაო, წერენ მიმომხილველები.

სალონიკის „არისი“ საბერძნეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა და ასეთ მეტოქესთან პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერი ორ სახიფათო მომენტზე მეტს რომ

ვერ შექმნი, აშკარაა რა ფეხბურთიც ითამაშე. თან, ედინ ჯეკო თავდასხმაში მარტო არ იყო, კარლოს ტევესიც გვერდით ჰყავდა და დავიდ სილვაც უმაგრებდა ზურგს.

ორივე ნახსენები საგოლე მომენტი ბოსნიელს ჰქონდა და მან ორივე ქარს გაატანა - რაც გერმანული „ვოლფსბურგიდან“ ინგლისში გადავიდა ჯეკოს მარტო ერთი გოლი აქვს გატანილი და ისიც პირველი ლიგის „ნოთს ქაუნთის“ კარში, არადა ისტლენდელებმა მასში 27 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. კიდევ, ბოსნიელმა გაღიზიანებული ქცევის გამო ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო, თამაშის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე კი ის პაბლო საბალეტამ შეცვალა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მანჩინის ვარაუდით, ჯეკო და ლივერპულელი ტორესი ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგანან. იტალიელი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ბოსნიელი „სიტის“ სეზონის დასაწყისში რომ შეერთებოდა და მოსამზადებელი პრეიოდი მისი ხელმძღვანელობით გაევლო, დღეს სულ სხვა შედეგი ექნებოდა.

„მე მისგან მეტს ველი და ის ვალდებულია რაც შეიძლება სწრაფად გამოასწოროს თამაში. ყოველ შეხვედრაში კარლოს ტევესი ვერ შეაგდებს, დროა სხვა მოთამაშეებმაც დაიწყონ გოლების გატანა. ჯეკო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ იმავე დღეშია, რა დღეშიცა გახლავთ ტორესი „ლივერპულში“. საქმე ის არის, რომ როდესაც გუნდს იანვარში უერთდები ახალ თანაგუნდელებთან შეგუება და მათი სათამაშო სისტემისთვის ალღოს აღება ძნელია“.

მანჩინიმ არც შონ რაიტ-ფილიპსი დაინდო. მწვრთნელმა ბრძანა, რომ ინგლისელმა გარემარბმა ჯეკოს ფლანგიდან საჭირო მხადაჭერა ვერ გაუწია:

„როდესაც მოედანზე ჯეკოა ფლანგებიდან გაცილებით ხშირად უნდა ჩავაწოდოთ ხოლმე. შონი დღეს მოედანზე კი იყო, მაგრამ მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ჩემმა ბიჭებმა ერთადერთხელ ჩააწოდეს და ისიც გარეთ ბერიმ მოახერხა. 0:0 კარგი შედეგია, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. შესაძლოა ცოტა რისკთან იყოს დამოკიდებული, მაგრამ მანჩესტერში „არისს“ სულ სხვანაირად ვეთამაშებით“.
ამ შეხვედრაზე ლაპარაკისას აუცილებლად უნდა ითქვას გულშემატკივრობის შესახებ. ინგლისელი ჟურნალისტების თქმით, „კლეანტის ვეკილიდისის“ სახელობის 23 ათასიან სტადიონზე გაცილებით დიდი ღრიანცელი იდგა, ვიდრე გასულ შაბათს „ოლდ ტრეფორდზე“ მანჩესტერული დერბის დროს. ზოგმა მიმომხილველმა სიტყვა შემაშინებელიც კი ახსენა. „დეილი მეილი“ წერს, რომ თუკი „არისს“ ტრადიციულად ასე უჭერენ მხარს, მაშინ გასაგებია 43 წლის განმავლობაში, რატომ არ დამარცხებულა ეს გუნდი ევროშეჯიბრებებზე შინ, 26 შეხვედრაში. „სიტის“ მანჩესტერიდან ჩაყოლილი ათასი ქომაგის ხმა საერთოდ არ ისმოდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული