ლურჯი ტრეფიკინგი

AutoSharing Option

ჰოლანდიაში „ჩელსის“ საქმეს იძიებენ. უფრო სწორედ, ჰოლანდიელ სამართალდამცველებს აინტერესებთ გამოიკვლიონ, როგორ მოხვდა იმედისმომცემი ფეხბურთელი, 15 წლის ნათან აკე (ალბათ ასე იკითხება სახელი და გვარი Nathan Ake) „ფეიენოორდიდან“ ინგლისის ჩემპიონთა რიგებში. აკეში ლონდონელებს 780 ათასი ევრო აქვთ გადახდილი. ტრანსფერში სააგენტო Forza Fides, კერძოდ კი მისი წარმომადგენელი დან კრამპი მონაწილეობდა.

სკანდალური ამ ისტორიაში ის გახლავთ, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის კანონებით 16 წელზე უმცროსი ფეხბურთელით ვაჭრობა აკრძალულია, კრამპმა კი საშობაოდ ბავშვს ხელი მოჰკიდა და ლონდონში ჩაიყვანა, სადაც გაყიდა კიდეც.
აკე ცენტრალური მცველია, რომელიც

16 წლისა ახლა, პარასკევს ხდება. გამომძიებლებმა მისი „ტვიტერში“ დაწერილი შთაბეჭდილებებიც კი ნახეს, სადაც ჭაბუკი ლონდონის სასტუმროთი და „ჩელსიში“ პირველი შემოწმებით არის კმაყოფილი.
ინგლისურმა ტაბლოიდმა „სანმა“ მოიძია ფოტოები, სადაც ბედნიერი აკე ინგლისის ჩემპიონთა დიდ ვარსკვლავებთან არის გადაღებული და „კობჰემის“ საწვრთნელ ბაზას ათვალიერებს.

ამ ამბავმა ყველაზე მეტად ჰოლანდიის ლეიბორისტული პარტიის წევრი, პარლემნტარი ტიაედ ვეკენი აღაშფოთა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში კოლეგებს საქმე გააცნო და გამოძიება მოითხოვა.

„ეს ბავშვებით ვაჭრობა და ძალიან საშიში დანაშაულია“ - თქვა მან.

ვეკენს მხარი ქვეყნის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა დენი ჰესპმა დაუჭირა. „ბარსელონას“ ყოფილი მეკარის რუუდ ჰესპის ძმამ თქვა: „კანონში მკაფიოდ წერია, რომ 16 წლამდე ბავშვს ვერ მიეკარები, ხსენებულმა აგენტმა კი 15 წლის ბავშვი მიჰყიდა „ჩელსის“, ასე რომ, საქმეს გამოძიება სჭირდება“.

ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ, რომელიც ახლა განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ მოექცა, განაცხადა, რომ თავად გამოიძიებს ყველაფერს, თუმცა ყველაზე ჭკვიანური განცხადება მაინც „ჩელსის“ პრეს-ატაშესი გახლდათ:

„ჩვენ ნათან აკესადმი ჩვენი ინტერესის შესახებ „ფეიენოორდი“ იმთავითვე ჩავაყენეთ საქმის კურსში და შევუთანხმდით კიდეც, რა პირობებზე ვიყიდით ამ ფეხბურთელს ივნისში“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული