"მანჩესტერ იუნაიტედი": ჩინეთისკენ ჰერი, ჰერი...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" სამშაბათს ჩინეთში გაემგზავრება. "წითელი ეშმაკების" ახალმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ შესაძლოა, თან არ იახლოს გუნდის ასევე ახალი სუპერვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

აზიურ მინი-ტურნეში "მანჩესტერი" ორ შეხვედრას გამართავს - 22 ივლისს შანხაიში "დორტმუნდთან" და 25 ივლისს პეკინში "სიტისთან". გვარდიოლასა და მოურინიოს პირველი "ინგლისური დუელიც" სწორედ იქ შედგება.

34 წლის იბრაჰიმოვიჩი ევრო 2016-ზე არც ისე შთამბეჭდავი გახლდათ, რისი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, გადაღლაც არის. ამასთანავე, მიკროტრავმაზეც საუბრობენ და მოკლედ, "განსაკუთრებულმა" "მეორე განსაკუთრებული" შესაძლოა, საერთოდ არ წაიყვანოს და საქმეში მოგვიანებით ჩართოს.

ცნობილია, რომ მოუ
თან იახლებს უეინ რუნის, კრის სმოლინგსა და მარკუს რაშფორდს, მაგრამ ეს ტრიო, რომლებმაც ასევე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს. ისინი, უბრალოდ, გუნდთან ერთად იქნებიან და ივარჯიშებენ.

"ოლდ ტრაფორდზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით მისული იბრას პირველი მატჩი ახალი გუნდის მაისურით ალბათ 26 ივლისს, "სელფორდთან" გასამართი ამხანაგური შეხვედრა იქნება.

ყოველ შემთხვევაში, "სელფორდის" თანამფლობელმა და "მანჩესტერის" ექსმცველმა გარი ნევილმა სოციალურ ქსელში დაწერა - ეს ზლატანის პირველი მატჩი იქნებაო!

შემდეგ მანჩესტერელები იბრაკადაბრას სამშობლოში, კერძოდ კი, გიოტებორგში ითამაშებენ, 30 ივლისს "გალათასარაის" წინააღმდეგ. ასევე ცნობილია, რომ 3 აგვისტოს "მანჩესტერი" უეინ რუნის დასაფასებლად მის მშობლიურ "ევერტონს" გაეჯიბრება.

ხოლო 7-ში უკვე სუპერთასის მატჩია "ლესტერთან"... "ვინერი" ჟოზე მოურინიო, მისივე თქმით, "ლუზერის", პრემიერლიგის სენსაციური ჩემპიონის, კლაუდიო რანიერის წინააღმდეგ ჩაატარებს პირველ ოფიციალურ შეხვედრას "მანჩესტერის" თავკაცის რანგში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული