როგორც ჩანს „მანჩესტერ სიტის“ გარემარბმა შონ რაიტ ფილიპსმა სეზონის დასრულების შემდეგ ისტლენდიდან გაქცევა გადაიფიქრა. ყოველ შემთხვევაში, ის ადრე წასვლაზე გაცილებით კატეგორიულად ლაპარაკობდა.
საქმე ის გახლავთ, რომ მას მერე, რაც „სიტიში“ ადამ ჯონსონი გადავიდა, რაიტ-ფილიპსი სათადარიგოთა სკამზე გადასვეს, მაგრამ ჯონსონის დაშავებამ ყველაფერი შეცვალა და რობერტო მანჩინის კვლავ დასჭირდა ლეგენდარული იან რაიტის ვაჟი. რაიტ-ფილიპსი, რომელმაც ამ კვირაში ევროლიგაზე სალონიკის „არისის“ წინააღმდეგ ითამაშა, ახლა ამბობს, რომ მისი გონება შემდგომი სამი თვით არის დაკავებული და არ ფიქრობს იმაზე, თუ რა ელის შემდგომ.
„გულწრფელად რომ გითხრათ,
მე სულაც არ ვგრძნობ, რომ შემიძლია „სიტის“ კარგი სამსახური გავუწიო, მე ეს ზუსტად ვიცი. მერწმუნეთ, ძალიან დიდი განსხვავებაა, როდესაც რაღაცას გრძნობ და როდესაც რაღაც დანამდვილებით იცი. ძალიან ზუსტი წარმოდგენა მაქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, ასე რომ, ყველაფერი ჩემზე კი არა, კლუბზეა დამოკიდებული.
გთხოვთ, ისიც ირწმუნოთ, რომ ჩემი კარიერა სხვა ფეხბურთელის უიღბლობაზე არასდროს ამიწყვია. ადამი ჩემი კარგი მეგობარია და მისი ტრავმა ძალიან მეწყინა. ეს ძალიან ცუდია როგორც კლუბისთვის, ასევე ინგლისის ნაკრებისთვის. ერთი სიტყვით, მე სხვის უიღბლობას სულაც არ ვუდარაჯებ, ჩემთვის ვვარჯიშობ და ვცდილობ, რაც შეიძლება კარგ ფორმაში ვიყო. მთავარი სწორედ ეს არის.
რასაკვირველია, ამ სამ თვეში მოედანზე გასვლის საშუალება მომეცემა, რადგან ჩვენ ორ თასზე და პრემიერლიგაში გამოვდივართ.“
.