ლას ვეგასი და კიდევ რაღაც

AutoSharing Option

"ვივა ლას ვეგას" - აი, რას მღეროდნენ ლონდონური გუნდის, "ლეიტონ ორიენტის" ფეხბურთელები თავიანთი "ბრისბეინ როუდის" გასახდელში კვირა საღამოს. მიზეზი: ფეხბურთის ასოციაციის თასზე "არსენალთან" 1:1 ითამაშეს და ახლა "ემირეით სთედიუმზე" გადათამაშება ელით, ეს კი ინგლისის პირველი ლიგის გუნდისთვის გვარიანი ფულის მოხვეტას ნიშნავს. და რა შუაშია აქ, ლას ვეგასი? საქმე ის გახლავთ, რომ კლუბის თავმჯდომარე ბერი ჰერნმა ბიჭებს მატჩამდე უთხრა, თუ ფრედ ითამაშებთ ლას ვეგასში წაგიყვანთო.
როგორ წარიმართა თამაში? ანგარიში 53-ე წუთზე "მეთოფე" ტომაშ როსიცკიმ გახსნა, მაგრამ დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე მასპინძელთა
26
წლის ფრანგმა ფორვარდმა ჟონატან ტეუმ გაქვითა და...

"როდესაც გასახდელში თავმჯდომარე შემოვიდა ბიჭებმა ელვის პრესლის ცნობილი სიმღერა "ვივა ლას ვეგასს" შემოსძახეს" - უამბო ჟურნალისტებს მწვრთნელმა რასელ სლეიდმა.

და ნუ გგონიათ, რომ ბერი ჰერნი სიტყვებს ჰაერში ფანტავს. აღტაცებულმა თავმჯდომარემ თქვა:

"ჩვენთვის ლას ვეგასში მოგზაურობა კარგად ნაცნობი რამ გახლავთ. პირველ ლიგაში გადასვლაც ლას ვეგასში ვიზეიმეთ. ვფიქრობ, ახლა ბიჭებს ლას ვეგასი და კიდევ რაღაც ენდომებათ და ამას თასიდან "არსენალის" გამოთიშვის შემთხვევაში ვპირდები.
რაც შეეხება ლას ვეგასს, ჩვენ ყველანი ისეთ გუნებაზე ვართ, რომ დღესვე სიამოვნებით დავსხდებოდით თვითმფრინავში და საზეიმოდ გავემგზავრებოდით, მაგრამ რასელი არ დაგვრთავს ნებას. ამ უქმეებზე პირველ ლიგაში "ჰადერსფილდთან" გველის შეხვედრა და იმიტომ.
ამ წუთას, ნერვიულობისგან გულის შეტევისა და უდიდესი სიამოვნების ნაზავს განვიცდი. ფეხბურთის თამაში ხომ ყოველთვის ცრემლით მთავრდება, ხან სიხარულის და ხანაც იმედგაცრუების".

"არსენალისა" და "ლეიტონ ორიენტის" საპასუხო შეხვედრა "ემირეიტ სთედიუმზე" 2 მარტს გაიმართება, გამარჯვებულს კი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ელის დაპირისპირება.

სლეიდმა დასძინა: "რასაკვირველია, "იუნაიტედთან" შეხვედრა უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ ჩვენ ჯერ "არსენალთან" გვაქვს საპასუხო შეხვედრა. ვამაყობთ, რომ შეჯიბრებაში ასე შორს გავაღწიეთ. ვამაყობთ იმით, რაც "არსენალის" წინააღმდეგ შევძელით".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული