ანდერსონი დაშავდა, ევრამ მოაწერა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სეზონში სამი ჯილდოს მოპოვება უნდა, მაგრამ ამიერიდან მიზნისთვის ბრძოლა ანდერსონის გარეშე მოუწევს - ბრაზილიელ ნახევარმცველს შაბათს, ფეხბურთის ასოციაციის თასზე, "ქროულისთან" შეხვედრაში, მუხლში მიარტყეს და როგორც სკანირებამ აჩვენა, ხრტილი აქვს ძლიერ დაზიანებული. ამრიგად, ანდერსონს ორი თვის განმავლობაში მოუწევს მკურნალობა. ორშაბათს ნახევარმცველმა ქერინგტონის საწვრთნელი ბაზა ყავარჯნებით დატოვა.

"იუნაიტედში" ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელის გამოჯანმრთელება ოპერაციის გარეშეც არის შესაძლებელი, მაგრამ ის, რომ მას აპრილის შუამდე უნდა გამოეთხოვონ, უკვე აშკარაა. შეგახსენებთ, რომ დიდი ხანი არ არის რაც ანდერსონმა ჯვარედინი მყესების ტრავმა
მოირჩინა და მოედანს დაუნრუნდა.

ფერგიუსონმა დეკემბერში მასთან ახალი, 4,5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ბრაზილიელი მას ძალიან სჭირდებოდა, რადგან დარენ გიბსონი და მაიკლ ქერიკი დამაჯერებლად ვერ თამაშობდნენ. მოკლედ, ანდერსონის დაშავება "იუნაიტედისთვის" დიდი დარტყმა იყო, რადგან ის არ არის პირველი ვინც გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. მოგეხსენებათ, სერ ალექს ფერგიუსონს სწორედ ნახევარდაცვაში აქვს ყველაზე მეტი პრობლემა და არა მარტო იმიტომ, რომ ქერიკი და გიბსონი კარგად ვერ თამაშობენ. ტრავმებიც ყველაზე მეტად ამ ამპლუის ხალხს დაერია: ოუენ ჰარგრივზი დიდი ხანია მკურნალობს, ანტონიო ვალენსია და პარკ-ჯი სუნი სულ ახლახან გადაბარგდნენ მოედნიდან სამედიცინო კაბინეტში.

აი, პატრის ევრამ კი ბოლოს და ბოლოს გააფორმა კლუბთან ახალი ხელშეკრულება, რომელზეც ბოლოხანს სულ ლაპარაკობდნენ. კონტრაქტი 3,5-წლიანია. ამბობენ, რომ ფრანგი მცველით დაინტერესებული იყვნენ "რეალი" და "ბარსელონა", მაგრამ ფეხბურთელმა "ოლდ ტრეფორდზე" დარჩენა ამჯობინა. 29 წლის ევრას ახალი ჯამაგირი კვირაში 90 ათასი ფუნტი იქნება.

"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ძალიან ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ კოდევ მინდა რომ გავიმარჯვო. კარგად ვიცი, ამ კლუბში ყველას იგივე მიზანი აქვს და ამიტომაც გადავწყვიტე დარჩენა" - თქვა კმაყოფილმა ევრამ.


ანდერსონ ოლივეირა
22 წლის
შემტევი ნახევარმცველი
კლუბები: გრემიო, პორტუ
8 თამაში ბრაზილიის ნაკრებში

პატრის ევრა
29 წლის
მარცხენა მცველი
კლუბები: ნიცა, მონაკო
32 თამაში საფრანგეთის ნაკრებში



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული