გემუდარები, არსენ!

AutoSharing Option
კვირას ინგლისში "ქარლინგის" ანუ ლიგის თასის ფინალია: "არსენალი" "ბირმინგემს" ხვდება. მეთოფეთა ლეგენდა იან რაიტი ამბობს, რომ არსენ ვენგერისა და მისი გუნდისთვის ამ შეხვედრაში გამარჯვებასა და ჯილდოს მოპოვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რა უნდა ქნას ვენგერმა? დაასვენოს თუ არა უძლიერესი ფეხბურთელები "ბარსელონასთან" გადამწყვეტი მატჩის წინ?

"თუ "არსენალი" გაიმარჯვებს, წერტილი დაესმება ექვსწლიან პერიოდს, რომლის განმავლობაშიც კლუბმა ერთი ჯილდოც კი ვერ მოიპოვა. ეს იქნება "მეთოფეთა" ზურგიდან უდიდესი ფსიქოლოგიური ტვირთის ჩამოხსნა. გარდა ამისა, "ქარლინგის თასის" მოპოვება ლონდონელებს სეზონის ბოლომდე სხვა შეჯიბრებებში თამაშის უდიდეს სტიმულს მისცემს,
დამარცხების შემთხვევაში კი კრიტიკოსები კვლავ ერთ ამბავს ატეხავენ. ვენგერს ხომ ისედაც საყვედურობენ, რომ სატრანსფერო ბაზარზე პასიურობს და ლამაზი თამაშის მიუხედავად
წარმატებებს ვერ აღწევს. შესაბამისად, "არსენალს" "უემბლიზე" საუკეთესო შემადგენლობით თამაში მართებს".

"ფინალში "არსენალის" ნაცვლად "მანჩესტერ იუნაიტედი" რომ თამაშობდეს ალექს ფერგიუსონი უეჭველად საუკეთესო შემადგენლობას გამოიყვანდა, მაგრამ არსენზე ვერასდროს იტყვი რას გააკეთებს. და მაინც, ვფიქრობ ვენგერმაც ის უნდა გააკეთოს, რასაც ფერგიუსონი გააკეთებდა. მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ "არსენალის" დღევანდელ ფეხბურთელთა დიდ ნაწილს ინგლისში არასდროს არაფერი მოუგია. ჰოდა, გთხოვთ, ნუ დამიწყებთ ახლა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ "ქარლინგის" თასია. ეს არასწორი მიდგომაა, გულგრილ დამოკიდებულებასა და წაგებას ყოველთვის უარესი გაგრძელება მოსდევს. მე ლიგის თასი 1993 წელს მოვიგე და დამიჯერეთ, იმ გამარჯვებისთვის მიღებული მედალი შინ ფეხბურთის ასოციაციის თასის, პრემიერლიგის ჩემპიონის და თასების მფლობელთა თასის მფლობელის მედლებთან ერთად მიდევს. 20 წლის შემდეგ არავის უნდა თქვა: ჩვენ კარგი გუნდი გვყავდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ვიყავით, მაგრამ არაფერი მოგვიგია. ამიტომაც, არსენ, გემუდარები, "ბირმინგემთან" საუკეთესო შემადგენლობა ათამაშე.

მე რომ ვენგერი ვიყო, რასაკვირველია, საუკეთესო შემადგენლობით ვითამაშებდი და თან იმედი მექნებოდა, რომ ბიჭები საქმეს 60-70 წუთში მოათავებენ. სწორედ ამას აკეთებდა ფერგი თავის დროზე და, არ დაგავიწყდეთ, სეზონში სამი შეჯიბრებაც კი მოუგია.
რასაკვირველია, იმას, რასაც ქვემოთ ვიტყვი ფერგი არ მომიწონებს, მაგრამ კაცმა ბედის იმედად რისკიც უნდა გასწიო. განა 1999 წელს, სამი ჯილდო რომ მოიგო, "მანჩესტერ იუნაიტედს" ბედმა არ გაუღიმა? გაიხსენეთ, დენის ბერგკაპმის აცილებული პენალტი ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში, მეოთხე რაუნდში, "ლივერპულის" კარში ბოლო წამს გატანილი ორი გოლი და, ბოლოს და მოლოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც მოწინააღმდეგემ მთელი მატჩის განმავლობაში აჯობა, "იუნაიტედმა" კი მხოლოდ ბოლო სამი წუთი ითამაშა უკეთ".


იან რაიტი
47 წლის
ყოფილი ფეხბურთელი, საფეხბურთო ექსპერტი, მსახიობი
კლუბები: კრისტალ პალასი, არსენალი, ვესტ ჰემი, ნოტინგემი, სელტიკი, ბარნლი
კარიერა: 501 თამაში, 239 გოლი
ინგლისის ნაკრებში: 33 თამაში, 9 გოლი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული