იაია ტურე იქადნება, რომ "მანჩესტერ სიტი" რამდენიმე წელიწადში "ბარსელონაზე" ძლიერი გუნდი იქნება, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ დღეს ამ ორი გუნდის შედარება არ შეიძლება. ეს 27 წლის ნახევარმცველი, მოგეხსენებათ, ამ სეზონამდე თავად "ბარსელონას" ფეხბურთელი იყო. ისტლენდელებმა მასში 24 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.
"ჯერჯერობით "სიტის" "ბარსასთან" შედარება არ შეიძლება. კატალონიელებს უმაღლესი დონის გუნდი ჰყავთ, სადაც უმეღლესი კლასის ვარსკვლავები თამაშობენ. ჩავი, ინიესტა, მესი და დანი ალვეში ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვართ დაკომპლექტებული. აი, გავა რამდენიმე წელიწადი და არ გაგიკვირდეთ "ბარსელონაზე" ძლიერები
დღეს ყველა ამბობს, რომ თუ ისტლენდელები პრემიერლიგის ოთხეულში შევლენ და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, კლუბის არაბი მეპატრონეები ახალ ფეხბურთელებში დიდძალ ფულს დახარჯავენ. "სიტი" პრემიერლიგის გარდა ფეხბურთის ასოციაციის თასისა და ევროთასისთვისაც იბრძვის. ევროლიგაში ისტლენდელებმა ბერძნულ "არისთან" პირველ შეხვედრაში 0:0 ითამაშეს და ახლა შინ ელიან მოწინააღმდეგეს.
ტურე ამბობს: "ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ოთხეულში შესვლაა. მომავალ სეზონში აუცილებლად ჩემპიონთა ლიგაში უნდა ვითამაშოთ, თუმცა ამ მიზნის მიღწევა ძნელია, რადგან "ლივერპული" ძალებს იკრებს და მწამს, "ჩელსიც" გამოფხიზლდება".
კვირას "სიტიმ" ფეხბურთის ასოციაციის თასზე "ნოთს ქაუნთის" 5:0 მოუგეს. ორი გოლი გუნდის თილისმამ, არგენტინელმა კარლოს ტევესმა გაიტანა. ეს ისტლენდელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 73 შეხვედრაში მისი 49-ე და 50-ე გოლები გახლდათ.
"კარლოსი ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია ვის მხარდამხარაც ოდესმე მითამაშია. მას საოცარი შედეგი აქვს. თან, ტევესი ძალიან ბევრს მუშაობს რათა სულ უკეთ და უკეთ ითამაშოს. "ბარსელონაში" მე ლეო მესის თანაგუნდელიც ვყავი. ვფიქრობ, ორივენი დიდი ვარსკვლავები არიან, მაგრამ მესის შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი იყოს. ის, მშვიდად რომ არის მაშინაც სახიფათოა".