ვის სჯერა სასწაულის?

AutoSharing Option

ჰარი რედნაპს სასწაულების წესით არ უნდა სჯეროდეს, ხოლო "ბლექპულის" თავკაც იან ჰოლოუეის საამისოდ ყველა მიზეზი აქვს: მისი გუნდი "ტოტენჰემთან" შეხვედრაში იმდენჯერ გადარჩა გოლს, რომ მომენტები სამ თამაშს ეყოფოდა. ეს ამბავი ბლექპულში "ბლუმფილდ როუდზე" მოხდა, სადაც მასპინძლებმა საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვეს.

ის ეპიზოდები, სადაც "დეზებს" მოწინააღმდეგის კარში გოლი ვერ გააქვთ, რომ ამოვკრიბოთ და კლიპად შევკრათ, დარჩება შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ცალკარა თამაში. მერედა, ამას უკვე 0:3-ზე რომან პავლიუჩენკოს მიერ 90-ე წუთზე გატანილი ეფექტური გოლიც დაამატეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება - გეგონებათ,
რომ ძლიერმა გუნდმა ოსტატურად მოუგო სუსტს, ოღონდ ეგ ერის, ბევრი გოლი ვერ შეუგდო. მაგრამ, ვაგლახ... პირიქით მოხდა. სამი გოლი "ბლექპულმა" გაიტანა, დაცვაში კი... ჰოლოუეის ფეხბურთელები ცარიელ კარში მაინც და მაინც იქ აღმოჩნდებოდნენ, სადაც ტოტენჰემელი ბურთს არტყამდა. გვარიანად ივაჟკაცა 32 წლის განელმა მეკარემ რიჩარდ კინგსონმაც.

ანგარიში "ბლექპულის" კაპიტანმა ჩარლი ადამმა - რომელიც იანვარში კინაღამ "ტოტენჰემში" გადავიდა — პენალტით გახსნა. პენალტი იმიტომ დაინიშნა, რომ სებასტიან ბასონგმა დი ჯეი კემპბელი საჯარიმოში წააქცია. აქ, კემპბელს გვინდა გამოცდილება შევუქოთ — მომენტი ჩინებულად შეაფასა და ბასონგმა ფეხი რომ მიჰკრა, წაიქცა. რომ არ წაქცეულიყო მსაჯს შეიძლება არც დაესტვინა. არადა, პენალტი არ იყოო, ვერ იტყვი.
ცოტა ხნის შემდეგ კემპბელმა თავად გამოიჩინა თავი. გოლი, რომელიც "დეზებს" გაუტანა მისთვის მიმდინარე სეზონში მეცხრე იყო. ეს პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მოხდა, მან ჯეიმს ბიტის ჩაწოდებულს დაარტყა ოსტატურად — ძალიან ლამაზი, დინამიკური მომენტი იყო. მესამე კი ბრეტ ორმეროდმა მე-80 წუთზე გაიტანა.

მატჩის შემდეგ რედნაპმა ის სიტყვები თქვა, რასაც მის ადგილზე ბევრი ჩვენთაგანი იტყოდა:
"რამდენი წელიწადია ფეხბურთში ვარ და ერთ თამაშში ამდენი გაფუჭებული მომენტი არ მინახავს. ვიდექი და ვხედავდი, როგორ არტყამდნენ ჩემი ფეხბურთელები სამი მეტრიდან, ოთხი მეტრიდან, ხუთი მეტრიდან, ბურთი კი სულ კარის ხაზზე ჩარჩენილ რომელიღაც ბლექპულელს ხვდებოდა. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი...
თამაში ცუდად არ დაგვიწყია, მაგრამ მეტოქეს არაფრისგან პენალტის დარტყმის საშუალება მივეცით. ამით მასპინძლებს, რასაკვირველია, გული მივეცით. მინდა "ბლექპული" შევაქო. ამ გუნდმა, რაც მის ხელში იყო ყველაფერი გააკეთა და, მიუხედავად იმისა, რომ სრულ უპირატესობას ჩვენ ვფლობდით, პირველი ტაიმის მიწურულს ორამდე გაზარდა ანგარიში.

შესვენების შემდეგ მასპინძელთა კართან მომენტს მომენტზე ვქმნიდით, ერთი გოლი რომ გაგვეტანა ყველაფერს ყირაზე დავაყენებდით, მაგრამ ბურთი კარში ჯიუტად არ გადიოდა. ის, რომ "ბლუმფილდ როუდზე" იოლი გასეირნება არ გვექნებოდა, იმთავითვე კარგად ვიცოდით. ჩვენ დაკვირვებით შევისწავლეთ "ბლექპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშის ჩანაწერი. თუ გახსოვთ, მასპინძლები იქაც 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ, შემდეგ, "იუნაიტედმა" სადავეები ხელში აიღო და სამი გოლით უპასუხა. ჩვენც მზად ვიყავით იგივე გაგვეკეთებინა, მაგრამ ამისათვის "ბლექპულის" კარში გოლი უნდა შემძვრალიყო, რაც არ მოხდა".

"ბლექპულის" თავკაცი იან ჰოლოუეი კი სიხარულს ვერ მალავდა - მისი გუნდი გასავარდნთა ზონას 5 ქულით აცდა:
"არა მგონია ვინმეს ოდესმე ეთქვას ან დაეწეროს ის სიტყვა, რომელიც ჩემს კმაყოფილებას გამოხატავს. ასეთი ლექსიკონშიც არ იქნება. ყველა იმ ვარიანტიდან, რომელიც მეორე ტაიმში შეიძლებოდა განვითარებულიყო განვითარდა მაინც და მაინც ის, რომელიც ჩვენ გვაძლევდა ხელს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული