რა და როგორ იყო, ახლა ამას აღარ მოვყვებით. "დეილი მეილის" მასალებზე დაყრდნობით, გავიხსენებთ სხვადასხვა ისტორიას და დავინახავთ, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელები სკანდალებში ადრეც გახვეულან...
დონ რივი (1974-77)
თამაში: 29, მოგება: 14, ფრე: 8, წაგება: 7; მოგება: 48.3%
1977 წელს დონ რივიმ ნაკრების დატოვება გადაწყვიტა მას მერე, რაც შეიტყო, რომ საფეხბურთო
რივიმაც, როგორც კი ახალი შანსი მიეცა, ხელიდან არ გაუშვა - მალულად გააფორმა კონტრაქტი (წლიური 340 000 ფუნტის ოდენობით, რაც დღეს სასაცილოდ ჩანს) გაერთიანებული საემიროების ფეხბურთის ფედერაციასთან.
გაგიკვირდებათ და, რივიმ ეს ამბავი "დეილი მეილს"... მიჰყიდა. შესაბამისად, ასოციაციის ბოსებმა მწვრთნელის გადადგომის თაობაზე სწორედ საგაზეთო "ჰედლაინით" გაიგეს.
საინტერესოა ისიც, რომ რივის განცხადება დათარიღებულია 1977 წლის 11 ივლისით. არადა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ დღეს ლანკასტერ-ჰაუსის ოფისი (სადაც საფეხბურთო ასოციაცია საქმიანობს) დაკეტილი იყო. გამოდის, რომ რივიმ გადადგომის განცხადება სადღაც სხვაგან დაწერა - შესაძლოა, სულაც "დეილი მეილის" რედაქციაში.
ასევე გვიან გახდა ცნობილი ისიც, რომ არაბებთან კონტრაქტის განსახილველად რივიმ დროებით მიატოვა ინგლისის ნაკრები, რომელიც რიო დე ჟანეიროში ბრაზილიასთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადებოდა.
საფეხბურთო ასოციაციამ რივის სასამართლოში უჩივლა, რის შემდეგაც მწვრთნელი 10 წლით მოკვეთეს ინგლისური ფეხბურთიდან.
ტერი ვენეიბლზი (1994-96)
თამაში: 23, მოგება: 11, ფრე: 11, წაგება: 1; მოგება: 47.8%
ტერი ვენეიბლზს ნაკრები ევრო 96-ის (რომელიც ინგლისში გაიმართა) წინ ჩააბარეს. 1996 წლის იანვარში, ტურნირის დაწყებამდე 5 თვით ადრე, მან განაცხადა, რომ კონტინენტის პირველობის დასრულებისთანავე, მიუხედავად შედეგისა, თანამდებობას დატოვებდა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად ვენეიბლზმა მის წინააღმდეგ "გარკვეული ძალების მიერ ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანია" დაასახელა.
1994 წელს პოლიციამ დაიწყო გამოძიება "ნოტინგემიდან" "ტოტენჰემში" ტედი შერინგემის ტრანსფერთან დაკავშირებით. ვენეიბლზს, რომელიც ნაკრებში მისვლამდე სწორედ "ტოტენჰემის" მწვრთნელი გახლდათ, ბრალად ედებოდა "ნოტინგემის" თავკაც ბრაიან კლაფისთვის 58 750 ათასი ფუნტის ქრთამის სახით გადაცემა. თუმცა მოგვიანებით საქმე შეწყდა, რადგან გამოძიებამ უტყუარი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.
ევრო 96-ის შემდეგ ვენეიბლზი "პორტსმუთში" ერთ-ერთი დირექტორის პოსტზე დაინიშნა.
გლენ ჰოდლი (1996-99)
თამაში: 28, მოგება: 17, ფრე: 6, წაგება: 5; მოგება: 60.7%
1999 წლის იანვარში გლენ ჰოდლმა "თაიმსთან" და "სპორტსვიქთან" ინტერვიუებში პირადი მოსაზრებები აფრქვია რწმენაზე, სულიერებასა და ადამიანების ფიზიკურ ნაკლზე, რამაც საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ხოლო მის სიტყვებს - "ჩვეულებრივ ადამიანს აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ტვინი, თუმცა ზოგი ამის გარეშეც იბადება" - საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა, მათ შორის, თვით ქვეყნის ხელისუფალთა მხრიდანაც.
ჰოდლმა თავის მართლება სცადა - ჩემი სიტყვები არასწორად იყო ინტერპრეტირებულიო, თუმცა ამ ინტერვიუებიდან მალევე (2 თებერვალს) ის იძულებული გახდა, ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დაეტოვებინა.
სვენ-გორან ერიქსონი (2001-06)
თამაში: 67, მოგება: 40, ფრე: 17, წაგება: 10; მოგება: 59.7%
მის პერიოდს ორი სკანდალი უკავშირდება. პირველი იყო რომანი საფეხბურთო ასოციაციის მდივან ქალბატონთან, წარმოშობით ბანგლადეშელ ფარია ალამთან.
მოგვიანებით, სვენ-გორან ერიქსონმა თავის მემუარებში დაწერა ამის თაობაზე: "ფარია ალამი იყო ძალიან სექსუალური და ჭკვიანი ქალი. ის ზუსტად ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში".
მერე გაირკვა, რომ ფარიას მანამდე რომანტიკული ურთიერთობა ჰქონია საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ მარკ პელიოსთან, სწორედ იმ დროს, როცა ერიქსონი იტალიელ ადვოკატ ნენსი დელ'ოლიოს ხვდებოდა.
თუმცა ეს ურთიერთობები შეწყდა მას მერე, რაც შვედმა ფარიასთან გააბა რომანი. ამბავი 2004 წლის ზაფხულში "გასკდა", თუმცა ერიქსონმა პოსტი მაინც შეინარჩუნა.
"ასოციაციაში იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ნაკრებიდან ჩემი გათავისუფლება უნდოდათ, - ესეც ერიქსონის მემუარებიდანაა. - მე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, აბსოლუტურად სუფთა ვარ, რადგან ასოციაციის წესდებაში არაფერი წერია იმაზე, რომ ვინმესთან, თუნდაც თანამშრომელთან, სექსუალური ურთიერთობები მეკრძალებოდა".
18 თვის შემდეგ ერიქსონი ახალ შარში გაეხვა. ერთ მშვენიერ დღეს მასთან მივიდა "არაბი შეიხი", რომელიც, სინამდვილეში, News Of The World-ის ჟურნალისტი მაზერ მაჰმუდი აღმოჩნდა (ასე არ გაება მახეში სემ ელარდაისიც?). სვენი გამოუტყდა ამ ვითომ შეიხს, რომ მზად იყო, დაეტოვებინა ნაკრები, თუ "ასტონ ვილა" წლიურად 5 მილიონ ფუნტს გადაუხდიდა (ეს უკვე დონ რივის ისტორიას ჰგავს), რომ დაიყოლიებდა დევიდ ბექჰემს რომელიმე მდიდარ არაბულ კლუბში გადასვლაზე, რომ რიო ფერდინანდი გამოუსწორებელი ზარმაცი იყო და ასე შემდეგ...
2006 წლის მუნდიალის შემდეგ ერიქსონს ინგლისის ნაკრებში აღარ დაედგომებოდა...
ფაბიო კაპელო (2008-12)
თამაში: 42, მოგება: 28, ფრე: 8, წაგება: 6; მოგება: 66.7%
ფაბიო კაპელოსა და საფეხბურთო ასოციაციას შორის ერთიერთობა გაყრამდე ერთი წლით ადრე დაიძაბა. წარუმატებელი სამხრეთაფრიკული მუნდიალის (2010) შემდეგ სახელოვანი იტალიელი ვეღარ იყო წელგამართული, მან ძლივს შეინარჩუნა პოსტი და ამიტომ ასოციაციამ თავს უფლება მისცა, ხელში აეღო ნაკრებზე კონტროლი (გარდა წმინდა საფეხბურთო ნიუანსებისა).
დაძაბულობამ აპოგეას მიაღწია 2011 წლის ოქტომბერში, როცა ასოციაციამ, კაპელოს დაუკითხავად, ჯონ ტერი ნაკრების კაპიტნობიდან გაათავისუფლა. საქმე ეხებოდა ინციდენტს, რომელიც "ჩელსისა" და "ქუინზ პარკის" მატჩის დროს მოხდა და ანტონ ფერდინანდის მიმართ რასობრივ დისკრიმინაციად მოინათლა.
პოლიციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რასაც ავტომატურად მოჰყვა ასოციაციის მხრიდან ტერისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა, თუმცა, მოგვიანებით, ვესტმინსტერის სასამართლომ ნაკრებისა და "ჩელსის" ცენტრალური მცველი უდანაშაულოდ სცნო...
რაც შეეხება კაპელოს პოზიციას: "ველაპარაკე ასოციაციის თავმჯდომარეს და ავუხსენი, რომ არ შეიძლება ვინმე დაისაჯოს მანამ, სანამ არ არსებობს ოფიციალური ვერდიქტი. ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ოღონდ, არა - სპორტულმა, არამედ - სამოქალაქომ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ტერის უნდა შეენარჩუნებინა კაპიტნის სამკლავური", - უთხრა მაშინ კაპელომ იტალიურ ტელეკომპანია "რაიუნოს".
...და ორ დღეში ის პოსტიდან გადადგა. საფეხბურთო ასოციაციამ კი ტერის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და ზედაც 220 ათასი ფუნტის გადახდა დააკისრა.
ინგლისის ნაკრების მწვრთნელები
1946-62 უოლტერ უინთერბოთომი
1963-74 სერ ალფ რემზი
1973 ჯო მერსერი (დროებითი)
1974-77 დონ რივი
1977-82 რონ გრინვუდი
1982-90 სერ ბობი რობსონი
1990-93 გრემ ტერნერი
1994-96 ტერი ვენეიბლზი
1996-99 გლენ ჰოდლი
1999 ჰოვარდ უილკინსონი (დროებითი)
1999-00 კევინ კიგანი
2000 ჰოვარდ უილკინსონი (დროებითი)
2000 პიტერ ტეილორი (დროებითი)
2001-06 სვენ გორან ერიქსონი
2006-07 სტივ მაკლარენი
2008-12 ფაბიო კაპელო
2012 სტიუარტ პირსი (დროებითი)
2012-16 როი ჰოჯსონი
2016 სემ ელარდაისი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"