"არსენალი": იოზილის და სანჩესის ულტიმატუმი

AutoSharing Option
"არსენალის" ლიდერებმა, 27 წლის ფეხბურთელებმა - მესუთ იოზილმა და ალექსის სანჩესმა ამ სეზონის დაწყებამდე კლუბს ულტიმატუმი წაუყენეს - ან კარგი ტრანსფერები გავაკეთოთ, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა რეალურად შევძლოთ, ანაც კონტრაქტებს აღარ გავახანგრძლივებთ და თვალი წასვლაზე გვეჭირებაო.

"მეთოფეებს", როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სატრანსფერო ბაზარზე დიდად არ უაქტიურიათ, მაგრამ ამის მიუხედავად, არსენ ვენგერის გუნდის საქმეები ამჟამად ცუდად არ მიდის.

ბიჭებმაც იფიქრეს, რომ წასვლაც ასეთი მარტივი ვერ იქნება და გადაწყვიტეს, მეტი ფინანსური სარგებელი მაინც ნახონ. როგორც ირკვევა, ისინი გუნდს ხელფასის კვირაში 250 ათას
ფუნტამდე გაზრდას სთხოვენ - ახალ შეთანხმებას ხელს მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვაწერთო. ვნახოთ, რას გადაწყვეტს "არსენალი".

კიდევ ერთი ახალი ამბავი, რომელიც "მეთოფეებს" ეხებათ, ის არის, რომ გერმანელი მცველი პერ მერტეზაკერი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, შესაძლოა, ბუნდესლიგაში დაბრუნდეს. 32 წლის უკანახაზელს მისი ერთ-ერთი ყოფილი გუნდი "ჰანოვერი" ეპატიჟება.

ამასობაში, პრესასთან ისაუბრა "არსენალის" ერთ-ერთმა ახალწვეულმა შკოდრან მუსტაფიმ. იგი "მეთოფეებმა" ბოლო მომენტში სწორედ მერტეზაკერისა და სხვების ტრავმების გამო დაიმატა, რადგან ვენგერს ცენტრალური მცველი არ ჰყავდა. "ვალენსიადან" მისული გერმანელი კლუბს 35 მილიონ ფუნტზე მეტი უჯდება. ეს სოლიდური თანხაა და შკოდრანს ამის შესახებ ჰკითხეს…

"მე ვიცოდი, რომ "არსენალში" გადასვლა ძალიან მინდოდა და ეს გახლდათ ჩემთვის მთავარი. დანარჩენი კლუბებს შორის მოლაპარაკებას უნდა გაერკვია. ვიცი, რომ ჩემ სანაცვლოდ "მეთოფეებმა" ძალიან დიდი თანხა გადაიხადეს და ეს პასუხისმგებლობაა. თუმცა ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო და ეს ჩემს თამაშზე გავლენას არ მოახდენს. მსურს მინდორზე გავიდე და გუნდს, როგორც შემეძლება, ისე დავეხმარო" - თქვა მუსტაფიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული