ასეთია ბრიტანული ახირება

AutoSharing Option

ალექს ფერგიუსონმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ბრალი დასდო. მისი რწმენით, იმაში, რომ მსოფლიოს გასულ ჩემპიონატზე ამ ქვეყნის ნაკრებმა უსახური ფეხბურთი აჩვენა და შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოაკლდა, დამნაშავე სწორედ ეს ორგანიზაციაა. კერძოდ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი ამტკიცებს, რომ პრემიერლიგაში სხვა ქვეყნების ჩემპიონატების დარად ზამთრის არდადეგებია შემოსაღები. ზამთრის არდადეგების არქონა ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელებს ღლის და ეს, საბოლოოდ, ზაფხულის დიდ ტურნირებს ასვამს დაღს.

ფერგიუსონმა თქვა: „ფეხბურთის ასოციაცია ვალდებულია თავისი ქვეყნის ნაკრებს რაც შეიძლება კარგი პირობები შეუქმნას. საქმე ხომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას ეხება. ზამთრის არდადეგების აუცილებლობაზე შოტლანდიაში

ჯერ კიდევ 30 წლის წინ ვლაპარაკობდი, ინგლისში კი, რაც ამ ქვეყანაში გადმოვედი, მუდმივად ყველას ვუჩიჩინებ, მაგრამ შოტლანდიური და ინგლისური ფეხბურთის ბუნებიდან და სატელევიზიო მოთხოვილებებიდან გამომდინარე, ამ მცდელობებს კაპიკის ფასიც არ აქვს. არადა, ასოციაციაში უნდა ესმოდეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმავალ გუნდს ხელშეწყობა სჭირდება“.

მოგეხსენებათ, ინგლისის ჩემპიონატს ატარებს ორგანიზაცია სახელწოდებით პრემიერლიგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის არდადეგებთან დაკავშირებით ყველაფერი მასა და ფეხბურთის ასოციაციას შორის არის შესათანხმებელი - მარტო ასოციაცია ვერაფერს გახდება. გარდა ამისა, ფერგიუსონი ცამდე მართალია, როდესაც ამბობს, რომ ბრიტანეთში სეზონს თავისებური მოთხოვნები აქვს და სწორედ ამ მოთხოვნების გამო პრემიერლიგასა და ფეხბურთის ასოციაციას შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს - ზამთრის არდადეგების თემა საერთოდ არ განიხილება.

არადა ფაქტია: მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასული ოთხი გუნდიდან სამს ზამთრის არდადეგები აქვს. ლაპარაკია, მეოთხედფინალის ევროპელ მონაწილეებზე ესპანეთზე, ჰოლანდიასა და გერმანიაზე. ფერგიუსონი ამბობს, რომ თუკი არდადეგების არქონამ ვინმე დააზიანა, ეს უპირველეს ყოვლისა ინგლისელთა თავდამსხმელი და მთავარი ვარსკვლავი უეინ რუნი იყო.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ, თავად ფერგიუსონი 28 ივლისამდე ასვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული