როცა არსენალი ხარ...

AutoSharing Option

არსენალი-ბირმინგემი 1:2
არსენალი (4-5-1): შჩესნი - კოშელნი, კლიში, სანია, დჯურუ - უილშირი, როსიცკი, არშავინი (77. შამახი), სონგი, ნასრი - ვან პერსი (69. ბენდტნერი)
ბირმინგემი (4-5-1): ფოსტერი - ჟირანეკი, რ. ჯონსონი, კარი, რიჯუელი - ბიუსეჟური (50. გარდნერი), ფერგიუსონი, ბოიერი, ფეჰეი (83. მარტინსი), ლარსონი - ჟიგიჩი (90. ჯერომი)
გოლები: 0:1 ჟიგიჩი (28), 1:1 ვან პერსი (39), 1:2 მარტინსი (89)
გაფრთხილება: კოშელნი, კლიში - ლარსონი, ჯერომი, ფერგიუსონი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 11-9; კარში დარტყმა: 20-11 (12-7); თამაშგარე: 2-4; ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 88 851


ექვსი წელიწადია, რაც "არსენალს" არანაირი ჯილდო არ მოუგია და ეს ხელმოცარულობის პერიოდი გრძელდება — გუშინ, "უემბლიზე" არსენ ვენგერის გუნდმა კიდევ ერთი ტიტული გაუშვა ხელიდან. ამჯერად "მეთოფეებმა" ლიგის ანუ "ქარლინგის" თასი "ბირმინგემს" გაატანეს. ბირმინგემელთაგან, რომლებიც ლონდონელებს პრემიერლიგის ცხრილში 26 ქულით ჩამორჩებიან, გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე ობაფემი მარტინსმა გაიტანა.

ცნობილმა ნიგერიელმა თავდამსხმელმა, რომელსაც თავის დროზე "ინტერში", "ნიუკასლში", "ვოლფსბურგსა" და "ყაზანში" აქვს ნათამაშები, არსენალელი მეკარის ვოიცეხ შჩესნისა და მცველ ლორან კოშელნის მიერ ჩადენილი სისულელით ისარგებლა და ტექნიკური თვალსაზრისით, ალბათ, კარიერის უმარტივესი გოლი გაიტანა. კომბინაცია ასეთი გახლდათ: ბირმინგემელთა მეკარემ ბენ ფოსტერმა თავისი საჯარიმოდან ძლიერი დარტყმით ბურთი ლონდონელების საჯარიმოს წინ ჩააწოდა, სადაც ნიკოლა ჟიგიჩი ახტა და ის თავით საჯარიმოში გადააგდო. აქ, უკვე, "ბირმინგემის" ფეხბურთელთაგან სახიფათო პოზიციაზე აღარავინ იყო, მაგრამ... თურმე, სახიფათონი სულ სხვანი ყოფილან. კოშელნიმ შჩესნის ისეთნაირად მიარტყა ბურთი, რომ ის პირდაპირ მარტინსს მიუვიდა და მანაც თამაშს წერტილი დაუსვა, რასაც მერე აკრობატიკა, სალტოები და მოედნის გარეშე სირბილი მოაყოლა. ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, როდესაც "არსენალი" გქვია, პერიოდულად რაგინდ ლამაზ ფეხბურთსაც უნდა თამაშობდე, ბოლოს მაინც წააგებ. თუ მეტოქე ვერ გჯობია, ამას, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი კომიკური შეცდომით ჩაიდენ.

თამაშის შემდეგ "მეთოფეთა" მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თქვა: "მინდოდა უტიტულო პერიოდი დღეს დაგვესრულებინა. "ბირმინგემმაც" ზუსტად ის ფეხბურთი ითამაშა, რასაც ველოდით: ძალისმიერი ბრძოლა, გრძელი პასები და ჩაკიდებული ბურთები დაგვიპირისპირა. გამარჯვებულს გულწრფელად ვულოცავ, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მარტინსის გოლზე ძალიან მწყდება გული. რა ვთქვა ამ ეპიზოდის შესახებ? რასაკვირველია, პოზიტიურად უნდა ვილაპარაკო. შჩესნი ახალგაზრდა ბიჭია და იმედი მაქვს, რომ ამ ტრავმას მალე დაძლევს".

"არსენალის" ნავსიან ამბებს მათი ლამაზი გოლის ავტორის რობინ ვან პერსის მუხლის ტრავმაც დაემატა. მან გოლის გატანისთანავე დაიწყო კოჭლობა, ვერც იზეიმა ხეირიანად.

"ბევრ შეჯიბრებაში ვმონაწილეობთ და ყველგან კარგ პოზიციაზე ვართ. ამიტომაც არ გვაქვს ფეხბურთელების დაკარგვის უფლება. არადა, წინა თამაშში სესკ ფაბრეგასი დაგვიშავდა, ახლა ვან პერსის საქმე ვერ არის კარგად. ხვალ ვნახავთ, რას აჩვენებს სკანირება".
ობაფემი მარტინსმა კი ასე თქვა: "მართლაც, კარიერის ყველაზე ადვილი და იმავდროულად უმნიშვნელოვანესი გოლი გავიტანე. მოედანზე ახალი შესული ვიყავი, სულ მეორედ შევეხე ბურთს. მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა თამაშის წინ მითხრა, რომ ჯობდა მეორე ტაიმში შევსულიყავი. როგორც გაირკვა მართალი ყოფილა".

ალექს მაკლიში: "როდესაც გაიხსენებთ, რა მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ, მიხვდებით, რომ დღეს "ბირმინგემმა" ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. ანონსებში და ტოტალიზატორებში ფავორიტი "არსენალი" იყო, მაგრამ ჩვენ საკუთარი თავისა გვწამდა. დღეს ჩემმა ბიჭებმა ტიტანთა თამაში აჩვენეს. რასაკვირველია გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ ამ გამართლებას ვიმსახურებდით".
შეხვედრის პირველი გოლი კი ჟიგიჩმა შეაგდო — რასაკვირველია, თავურით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული