ინგლისი-ესპანეთი: ახლა ვიცი, რომ შემიძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა მშვენიერი სანახავი გამოდგა, 4 გოლიც გავიდა, მომენტებიც იყო და ვნებათღელვაც. გადავსებულ "უემბლიზე" მასპინძლები დომინირებდნენ და 2:0-საც იგებდნენ, მაგრამ ესპანელებმა 89-ეზე სხვაობის შემცირება შეძლეს, ხოლო მაშინ, როდესაც დამატებულ 5 წუთს 3 წამი გადასცდა, გათანაბრებაც მოახერხეს.

"ლომების" დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თავისი 4 მატჩიდან 2 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. იგი მიიჩნევს, რომ ნორმალურად იმუშავა და ფეხბურთის ასოციაციის პასუხს ელოდება. საუთგეიტს სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება სურს და ეიმედება, რომ ყველაფერი უახლოეს ერთ თვეში გაირკვევა.

"თამაშით კმაყოფილი
ვარ. მეტოქეზე მეტი მომენტი გვქონდა და ვიგებდით კიდეც. ძალიან დასანანია, რომ უპირტესობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, არ გაგვიმართლა. სანამ საქმეში თავს არ გამოსცდი, არ იცი, რა და როგორ იქნება. ახლა კი, ამ ოთხი მატჩის მერე, მიმაჩნია, რომ ამ პოსტზე მუშაობა შემიძლია. მგონი, ეს დავამტკიცე და თუ დავრჩი, ეს ჩემთვის პატივი იქნება. ინგლისის ნაკრებს დიდი მომავალი აქვს, თუმცა ამჟამად წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება მოხდეს. რამდენიმე დღე ოჯახთან ერთად დავისვენებ. იმ თვეში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის წილისყრაა. არ ვიცი, რომელ ოფისში უნდა წავიდე და სად დავაყენო ჩემი მანქანა. იმედია, ყველაფერი მალე გაირკვევა" - განაცხადა საუთგეიტმა.

ინგლისური პრესის ცნობით, ასოციაციამ გადაწყვეტილება შესაძლოა, უკვე უახლოეს 2 დღეშიც კი მიიღოს და 46 წლის საუთგეიტი ავტომობილის პარკინგის დეტალებშიც გაერკვევა.

"როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ინგლისურ ფეხბურთში ბევრი რამ მომწონს და "უემბლიზე" თამაში ჩვენთვის პატივი გახლდათ. პირველ ტაიმში მეტოქე გვჯობდა და მეორე ნახევრის დასაწყისში საქმე კიდევ უფრო გაგვირთულდა, მაგრამ ზუსტად ამ დროს გამოვაჩინეთ ხასიათი. ყველას ვაჩვენეთ, რომ არასდროს ვნებდებით და ბოლომდე ვიბრძვით. ფრე კარგი შედეგია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 89-ე წუთამდე 0:2-ს ვაგებდით. მატჩის ბოლო მონაკვეთი მშვენივრად ჩავატარეთ და ბიჭების რეაქცია მომეწონა" - განაცხადა ხულიენ ლოპეტეგიმ, ესპანელთა 50 წლის დამრიგებელმა.

უსიამოვნო ამბებს რაც შეეხება, 27-ე წუთზე ადამ ლალანა შესაცვლელი შეიქნა. ექიმები ჯერ ზუსტად ვერ ამბობენ, თუ რა სიმძიმისაა ტრავმა, მაგრამ პროგნოზი ოპტიმისტურია. ასეა თუ ისე, არც ისე მცირეა იმის შანსი, რომ 28 წლის ნახევარმცველმა შაბათს "ლივერპულის" დახმარება ვერ შეძლოს. მერსისაიდელები "სენტ მერიზე" "საუთჰემპტონს" სტუმრობენ.

"ძალიან დასანანია, რადგან მე დიდ სიამოვნებას ვიღებდი მასთან მუშაობით. ლალანა ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია. მორიგი გოლიც გაიტანა. იმ სათამაშო სტილში, რომლითაც თამაში გვსურს, ადამი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა" - თქვა საუთგეიტმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ინციდენტს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ანდერ ერერამ, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, "ტოტენჰემის" შუახაზელს, ერიკ დაიერს იდაყვი ჩაარტყა. ახალგაზრდა დაიერი ძალიან გაბრაზდა და მატჩის მერე ისიც თქვა, მისგან ბოდიში არ მჭირდება, მალე ვნახავო… - "დეზები" "ოლდ ტრაფორდს" 11 დეკემბერს სტუმრობენ და 22 წლის დაიერს, რომელსაც სისხლი უდუღს და, როგორც ჩანს, შურისძიება სწყურია, თუ არ დააშოშმინებენ, მისი და ერერას დუელი შეიძლება გაგრძელდეს.

"ხანდახან ასეთი შეტაკებების წინააღმდეგი არ ვარ, რადგან ეს ფეხბურთია და ხდება. თუმცა ბინძური საქციელი იყო, არასაჭირო სიტუაციაში. სახეში ჩამარტყა და ვერ მივხვდი, რატომ. ცუდი საქციელი გახლდათ. მართალია, იგი ამბობს, რომ ეს არ უქნია, მაგრამ მგონი, ყველაფერი ნათლად ჩანს. ფეხბურთია, მართლაც ხდება ხოლმე, მაგრამ უბრალოდ, ვერ გავიგე, რის გამო. ამიტომაც გავბრაზდი. არ მინდა ერერას ბოდიში, მას მალე ვნახავ" - განაცხადა დაიერმა.

დაბოლოს, "ლესტერის" ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ყველაზე აქტიურიც კი იყო. მან პენალტი მოიპოვა, რომელიც ლალანამ შეაგდო და მერე თავადაც გაიტანა ჰენდერსონის პასით, ვარდიმ ვარდნაში თავით შეაგდო. გოლი ჯეიმიმ სტერლინგთან და უოლკოტთან ერთად საინტერესოდ აღნიშნა - ფეხბურთელები რამდენიმე წამით გაშეშდნენ (მანეკენ ჩელენჯი).

"სამი ლომის" ამ აღნიშვნას მოგვიანებით ესპანელებმა სახალისოდ და მცირე ირონიით უპასუხეს. "ფურია როხას" ფეხბურთელები მატჩის შემდეგ, გასახდელში სხვადასხვა პოზაში გაშეშდნენ, რისი ამსახველი ვიდეოც გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტატისტიკა
* 2016 წელს ერიკ დაიერს ინგლისის ნაკრების მაისურით 13 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ყველაზე მეტია.

* "ლომებმა" ბოლო 15 შეხვედრიდან 13-ში გოლის ან გოლების გატანა მოახერხეს. უკანასკნელ 5 თამაშში კი პირველად გაუშვეს.

* ჯეიმი ვარდიმ, საკლუბო და სანაკრებო მატჩების ჩათვლით, ბოლო 15 შეხვედრიდან პირველად მოახერხა გატანა.

* ინგლისს უკანასკნელი 12 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული - 7 მოგება, 4 ფრე.

* ინიგო მარტინესმა 92 პასი გააკეთა, რაც მატჩის საუკეთესო შედეგი იყო. ამ მხრივ, ინგლისელთაგან საუკეთესო ჯორდან ჰენდერსონს (49) მარტინესმა 43 პასით გაასწრო.

* ესპანელებმა 710 პასი გააკეთეს, რაც 340 გადაცემით მეტია ინგლისის მაჩვენებელზე.

* 2001 წლის მერე ესპანეთმა ინგლისისგან 2 გოლი პირველად გაუშვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული