ეშლი მეთოფე გამხდარა

AutoSharing Option
ეშლი კოულს საკუთარი კლუბი, "ჩელსი" 250 ათასი ფუნტით დააჯარიმებს. მიზეზი: ინგლისის ჩემპიონთა მცველმა კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მავან სტუდენტს პნევმატური თოფით ესროლა.

კოულმა, რომელსაც თავისი საქციელისთვის საჯაროდ ბოდიში ჯერ კიდევ არ მოუხდია, 21 წლის ტომ კოუენი დაჭრა. რასაკვირველია, ეს ამბავი გასულ კვირა დღეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ განა ფეხბურთელს სიფრთხილე არ მართებდა? გასროლის გამო საქმეში ლონდონის იმ რაიონის პოლიციაც ჩაერია და გამოძიება დაიწყო.

ტაბლოიდები წერენ, რომ "ჩელსის", რომელსაც ამ ბოლო დროს პრემიერლიგაში საქმე ცუდად მიუდის, კოულის ამბავი დამატებით პრობლემად დააწვა კისერზე. მოგეხსენებათ,
"ლურჯები" დღეს "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობენ. საქმე ის გახლავთ, რომ კარლო ანჩელოტის ფეხბურთელები ერთთავად ცუდ ფორმაში არიან და თუკი ვინმეს არ აკრიტიკებდნენ, სწორედ ეშლი კოული გახლდათ.

მას მერე, რაც კობჰემის ბაზაზე მომხდარი ამბავი გახმაურდა "ჩელსის" პრეს-მდივანმა განცხადება გაავრცელა:

"კლუბმა ინციდენტი სრულყოფილად გამოიკვლია და ადექვატური ნაბიჯის გადადგმას გეგმავს. აქამდე კომენტარისგან თავს იმიტომ ვიკავებდით, რომ ეს კლუბის შიდა ამბავი იყო".

საერთოდ "ჩელსი" ის კლუბი გახლავთ, რომელიც თავისი წევრების ამბავს საზოგადოებისგან მალავს. ასე მაგალითად, დღემდე არ არის ცნობილი როგორ დასაჯეს "ლურჯებმა" კოული სეზონისწინა შეკრების დროს გუნდის სასტუმროში ქალის შეპარების გამო. სავარაუდოდ, კლუბმა ეს ამბავი საერთოდ ჩაფარცხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული