ფაბრეგასი ოპტიმისტად რჩება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ კვირას "ქარლინგის" თასის ფინალში "არსენალმა" ბირმინგემთან" წააგო, გუნდის კაპიტანი სესკ ფაბრეგასი ამბობს, რომ ჩრდილოლონდონელებს უდიდესი პოტენციალი აქვთ. მოგეხსენებათ, "უემბლიზე" გამართული შეხვედრის ბოლო წუთზე "მეთოფეთა" მეკარის ვოიცეხ შჩესნისა და მცველის ლორან კოშელნის კომიკურ შეცდომას ობაფემი მარტინსის გამარჯვების გოლი მოჰყვა და ფაბრეგასის გუნდი ისევ უტიტულოდ დარჩა - "არსენალს" 2005 წლის მერე არაფერი მოუგია.

კაპიტანს, ისევე როგორც გარემარბ თეო უოლკოტს, "ბირმინგემის წინააღმდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია, რამაც, ალბათ, დაასვა კიდეც ფინალს თავისი დაღი. მაგრამ, აკი მოგახსენეთ, რომ ესპანელმა ვ
არსკვლავმა გული არ გაიტეხა და იმედით უყურებს იმ შეხვედრებს, რომლებიც მის გუნდს ჩემპიონთა ლიგასა და ფეხბურთის ასოციაციის თასზე ელის.

შეგახსენებთ: ასოციაციის თასის მეხუთე ეტაპზე "არსენალს" "ლეიტონ ორიენტთან" აქვს სათამაშო, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი "კამპ ნოუზე" "ბარსელონასთან, რომელსაც პირველ შეხვედრაში 2:1 მოუგო.

"ტვიტერზე" ფაბრეგასმა ასე დაწერა: "მინდა "ბირმინგემს" მთელი გულით მოვულოცო გამარჯვება. დიდებული გუნდია, ჩვენ კი წინ კიდევ გველის გამარჯვებები. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს".

"ტვიტერის" საშუალებით გულშემატკივარს "არსენალის" ერთადერთი გოლის ავტორმა ჰოლანდიელმა რობინ ვან პერსიმაც მოუხადა: "ძალიან ვწუხვარ "ქარლინგის" თასი კვლავ რომ ვერ მოვიპოვეთ. დიდ ბოდიშს ვიხდი და მხარდაჭერისთვის მადლობას მოგახსენებთ".

ხოლო 19 წლის ჯეკ უილშირმა იმავე სოციალური ქსელის მეშვეობით ფანებს ასე მიმართა:

"ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ბოდიშია. ვიცი, ყველას ძალიან დაგვწყდა გული, მაგრამ ახლა ერთმანეთის მხარში დგომა გვმართებს. ჩვენ კიდევ ორ თასზე გამოვდივართ და ორივეგან შეგვიძლია გამარჯვება".

ყველაზე ლაკონური კი ბაკარი სანია იყო: "მეცხვენია. ბოდიში".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული