რობინ ცუდი

AutoSharing Option

რობინ ვან პერსის უთხრეს, რომ მის მკურნალობას შესაძლოა ექვსი კვირა დასჭირდეს — სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთში "არსენალის" მდგომარეობა, მოულოდნელად, დამძიმდა. მოგეხსენებათ, ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა კვირას, "ქარლინგის" თასის ფინალში გოლი გაიტანა, მაგრამ ამ გოლმა "მეთოფეებს" ვერ უშველა — მათ სამარცხვინოდ და სამწუხაროდ ჯილდო პრემიერლიგის ცხრილში 14 ადგილით დაბლა მდგომ "ბირმინგემს" დარჩა. ვან პერსისთვის კი ეს შეხვედრა ორმაგად სამწუხარო გამოდგა, რადგან ის დაშავდა და, როგორც გაირკვა, დიდი შანსია შუა აპრილამდე ფეხბურთს ტრიბუნიდან ადევნოს თვალი.

არადა "მეთოფეებს" შემდეგ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი
ელით ბარსელონაში. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში "არსენალმა" 2:1 გაიმარჯვა. უკვე ცნობილია, რომ იმ შეხვედრაში მათ ვან პერსის გარდა თეო უოლკოტიც არ ეყოლებათ. მუხლი სტკივა ალექს სონგსაც, ლორან კოშელნის კი ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს — "ქარლიგის" თასის ფინალში გუნდმა სწორედ მისი და მეკარე ვოიცეხ შჩესნის უხეში შეცდომის გამო წააგო.

თუმცა, ცუდ ამბებთან ერთად არის კარგი ამბებიც — საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კაპიტანი სესკ ფაბრეგასი ორთავა კუნთს მოიშუშებს და თავის მშობლიურ "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზად იქნება. და მაინც, "მეთოფეთა" ბანაკში მიიჩნევენ, რომ ჩამოთვლილ ამბავთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ვან პერსის დაშავებაა.

"სამწუხაროდ, ნატკენი მუხლის სკანირებამ გვაჩვენა, რომ საქმე ცუდად არის — თქვა "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა — "ბარსელონასთან" თეოს თამაშიც გამოირიცხა. ჩვენმა ექიმებმა ყველა ღონე იხმარეს მის მწყობრში ჩასაყენებლად, მაგრამ ჩანს, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. სესკის დაბრუნება კი ნამდვილად არ არის გამორიცხული. მისი გამოჯანმრთელების საქმე კარგად მიდის, ფაბრეგასი ყოველ დღე უკეთ გრძნობს თავს.

რაც შეეხება შჩესნისა და კოშელნის ეპიზოდს, მათგან მომხდარი ლორანმა უფრო განიცადა და დასვენება სჭირდება".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული