სტემფორდბრიჯული ვნებანი

AutoSharing Option

"ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" გადადებულმა შეხვედრამ, რომელიც სამშაბათს ლონდონელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ექოც გვარიანი მოჰყვა. "სანის" მიმომხილველმა სტივენ ჰოვარდმა, რომლის მოსაზრებები "ლელოს" მკითხველისთვის ადრეც გვითარგმნია ყურადღება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელზე, დავიდ ლუიზზე გაამახვილა. მან სტატია ასე დაიწყო: "ის გახლავთ ადამიანი, რომელიც სააბაზანოს ფანჯრიდან შემოძვრა" რა იგულისხმა ჰოვარდმა? ის, რომ ბრაზილიელი მცველი პრემიერლიგაში, კერძოდ კი "ჩელსიში" ამ ზამთარს საპარადო შესასვლელიდან არ შებრძანებულა — სადარბაზო ფერნანდო ტორესს ჰქონდა დაკავებული. ლისაბონის "ბენფიკადან" ლუიზის ინგლისში ჩასვლა მაინცდამაინც არავის შეუმჩნევია, რადგან
ყველა ტორესის ტრანსფერზე ლაპარაკობდა — არადა, "ჩელსის" მასში, არც მეტი არც ნაკლები, 23 მილიონი ფუნტი ჰქონდა გადახდილი. ჰოვარდი წერს:
"და ვინ წარმოიდგენდა, რომ პრემიერლიგის ჩემპიონთა ახალი შენაძენებიდან 50 მილიონად ნაყიდ ტორესზე ადრე გოლს ლუიზი გაიტანდა.

ვინ წარმოიდგენდა, რომ, ეს იქნებოდა გოლი, რომელმაც ჩემპიონატში ახალი ეტაპი დაიწყო, "არსენალის" თავკაც არსენ ვენგერს კი სახეზე ფართე ღიმილი მოეფინებოდა.

ვინ იფიქრებდა, რომ აღელვებული ალექს ფერგიუსონი ყველაზე მასზე გაამახვილებდა მთელ ყურადღებას, იტყოდა, რომ ხავიერ ერნანდესისა და უეინ რუნის წაქცევისთვის ლუიზს გაძევება და მსაჯ მარტინ ატკინსონთან ერთად, ალბათ დახვრეტაც ეკუთვნოდა.
მაგრამ ასეა თუ ისე, "ჩელსიმ" აშკარად იპოვნა რიკარდო კარვალიუს შემცვლელი, ფეხბურთელი, რომლის გვერდში ყოფნითაც ჯონ ტერიმ ამოისუნთქა".

ამის შემდეგ ჰოვარდი ლუიზის თამაშის სტილს აანალიზებს და წერს, რომ კარვალიუს მსგავსად ის ძალიან წინააღმდეგობრივი ფეხბურთელია: ორთაბრძოლებში უკომპრომისო და დაუნდობელი, ბურთთან კი გასაოცრად მსუბუქი და რბილი. გარდა ამისა, თუ იმ ეპიზოდით ვიმსჯელებთ, როდესაც მან "ჩელსსი" თავისი გოლით "იმ ქვეყნიდან დააბრუნა" შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლუიზი კარვალიუზე სწრაფია.

ატკინსონმა ატკინა

თუკი სტივენ ჰოვარდი დავიდ ლუიზის თამაშით მოიხიბლა, ფიფას ყოფილმა მსაჯმა გრემ პოლმა თამაშს პროფესიული კუთხით უყურა და მსაჯის მარტინ ატკინსონის ნამუშევარი შეაფასა. თავისი მოკლე წერილი პოლმა იმით დაიწყო, რომ ხალხს მსაჯები დიდ მატჩებში მიღებული საკვანძო გადაწყვეტილებებით ამახსოვრდება (მაგალითად, თავად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გულშემატკივარს იმით დაამახსოვრა თავი, რომ ხორვატიისა და ავსტრალიის შეხვედრეში იოსიპ შიმუნიჩს სამჯერ აჩვენა ყვითელი ბარათი და მხლოდ მერე მიხვდა, რომ ხორვატი მოედნიდან უნდა გაეგდო), ატკინსონმა კი ორშაბათს "სტემფორდ ბრიჯზე" პრინციპული შეცდომები დაუშვა, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" სამ ქულად დაუჯდა.

"პირველ ტაიმში, როდესაც ჯონ ტერიმ შორიდან დარტყმული ბურთი ხელით შეაჩერა, მანჩესტერელები პენალტს იმსახურებდნენ. სანამ ტერიმდე მივიდოდა ბურთმა კარგა ხანს იფრინა, ასე რომ ფეხბურთელმა ხელით გაზრახ გადაუღობა გზა. ბურთი მას ახლოდან, უცბად, არ მოხვედრია — აშკარა დარღვევა იყო.

მეორე ნახევარში კი, როდესაც ატკინსონმა "იუნაიტედის" კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, იური ჟირკოვს შეეძლო კრის სმოლინგის გამოწეულ ფეხს არ წამოდებოდა. მსაჯმა იყოყმანა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაუსტვინა მასპინძელთა სასარგებლოდ. ამ ეპიზოდში ფეხბურთელებს შორის მსუბუქი კონტაქტი იყო და ამდენად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არბიტრმა სწორად იმოქმედა.
ხოლო დავიდ ლუიზისა და უეინ რუნის მომენტი მეტისმეტად აშკარა იყო. მცველმა უბურთო თავდამსხმელს სარმა გამოსდო და, რასაკვირველია, დასჯას იმსახურებდა. ატკინსონს ის უნდა გაეძევებინა. ერთი ხნის შემდეგ მან ნემანია ვიდიჩის მიმართ სიმკაცრე გამოიჩინა და მისთვის წითელი ბარათის ჩვენება არ მორიდებია.

აღსანიშნავია, რომ წინა ტურში, "უიგანთან" თამაშის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა მწვრთნელმა მაიკ ფილანმა ინტერვიუში თქვა მსაჯის გადაწყვეტილებასთან კამათი შეუძლებელიაო (შეგახსენებთ, რომ იმ დღეს რუნიმ "უიგანის" ნახევარმცველ ჯეიმს მაკარტის სახეში იდაყვი მიარტყა, მაგრამ ის მოედნიდან არ გააძევეს). ალექს ფერგიუსონი, დღეს, საკუთარ თანაშემწეს, ალბათ, აღარ ეთანხმება".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული