ზდენეკ ზემანი: "იუვენტუსის" ჰეგემონიას მილანელები დაამხობენ

AutoSharing Option
ცნობილი ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი, რომელსაც სამწვრთნელო კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში აქვს გატარებული, ბოლოს შვეიცარიულ "ლუგანოს" წვრთნიდა, დღეს კი უმუშევარია და პერიოდულად, ჟურნალისტებისთვისაც იცლის. ზემანი ყოველთვის კარგი რესპოდენტია, რადგან სათქმელს პირდაპირ ამბობს - დროა, სიტყვა 69 წლის სპეციალისტს გადავცეთ...

ვინ გააჩერებს იუვენტუსს?
ვფიქრობ, ამის ყველაზე კარგი შანსი მილანურ კლუბებს აქვთ. იცით ჩემი დამოკიდებულება "რომას" მიმართ, რადგან სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ამ გუნდში გავატარე, თუმცა არის გარკვეული ფაქტორები, რაც "ჯალოროსის" დიდი წარმატების მიღწევაში ხელს უშლის.

ეს არის ტრადიციები, გამარჯვებულის მენტალიტეტი
და კლუბში დღეს არსებული ვითარება. არ მომწონს ის საკადრო პოლიტიკა, რომელსაც "რომას" მესვეურები ატარებენ - ფეხბურთელთა დიდი ნაწილი მუდმივად იჯარით მიჰყავთ და შემდეგ, მათ გამოსყიდვას ცდილობენ. ასე დიდი გუნდები არ კეთდება და ვერც მომავალში გაკეთდება. ასე რომ, უნდა ველოდოთ მილანური გრანდების გამოღვიძებას.

აზიელი ინვესტორები
არ მიმაჩნია, რომ აზიელები იტალიურ ფეხბურთს აუცილებლად დააზარალებენ. საერთოდ, ადამიანებზე მათი წარმომავლობის მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ მილანური გრანდების გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, დიდი იმედი მაქვს, რომ აზიელი ინვესტორები ამ გუნდებს ძველ დიდებას დაუბრუნებენ, რადგან ეს იტალიურ ფეხბურთს სჭირდება.

კლუბების იტალიელები მეპატრონეები ერთი თვისებით განსხვავდებიან სხვებისგან - ხშირ შემთხვევაში, ისინი მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებენ - ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ასეთ მიდგომას ბევრჯერ მოვსწრებივარ და ამის გამო, მუდმივად მქონდა უსიამოვნებები. დარწმუნებული ვარ, ჩინელს, ან ინდონეზიელს აზრად არ მოუვა, რომ მწვრთნელის საქმეში ჩაერიოს და ეს უდაოდ მათი პლუსია.

იტალიური გუნდები ევროასპარეზზე
ყველაზე დიდი ინტერესით "ნაპოლის" და "რეალის" დაპირისპირებას ველოდები. ეს იქნება ორი უაღრესად დაძაბული მატჩი და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მადრიდელები იოლად გავლენ მომდევნო ეტაპზე, ძალიან ცდება. მაურიციო სარი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია ევროპაში და მან იცის, თუ როგორ უნდა მოამზადოს გუნდი ასეთი მატჩებისთვის.

"იუვენტუსს" ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპალიგას "რომა" სერიოზულად მოეკიდება და ამ ტურნირის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. იტალიურ საკლუბო ფეხბურთს ძალიან სჭირდება საერთაშორისო სარბიელზე წარმატება.

რა მინდა ჩინეთში?
მქონდა თუ არა ჩინური კლუბებისგან შემოთავაზება? - კონკრეტული წინადადება არ ყოფილა, მაგრამ იყო გარკვეული ინტერესი რამდენიმე კლუბის მხრიდან. სიმართლე გითხრათ, ჩინეთში მუშაობა არ მაინტერესებს და იქ წასვლას არ ვაპირებ. ევროპაში და კერძოდ, იტალიაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ჩინეთში გადაბარგების აზრს კი უბრალოდ ვერ ვხედავ. რა მინდა ჩინეთში? - ფული? - გმადლობთ, მაგრამ საჭმლის ფული მაქვს, ფუფუნება კი არასდროს მიზიდავდა.

სამომავლო გეგმები
მქონდა რამდენიმე შეთავაზება, მაგრამ უარი განვაცხადე. ვეძებ გუნდს, რომელსაც ჯანსაღი ამბიციები ექნება და რომლის პრეზიდენტი მწვრთნელის საქმეში არ ჩაერევა. სამწუხაროდ, იტალიაში ასეთი გუნდები ცოტა დარჩნენ. უკვე 69 წლის ვარ და ვცდილობ იმ რეგიონს არ მოვწყდე, სადაც ვცხოვრობ. იტალიაში თავს კარგად ვგრძნობ, ჩემი სახლი აქაა და ამიტომ, დიდი სურვილი მაქვს, რომ აქვე ვიმუშავო. ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონიდან განვაახლებ სამწვრთნელო საქმიანობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი !
edemi
15:44 22-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული