სტეფანო პიოლი: ჯერ კიდევ არ ვართ იქ, სადაც გვეკადრება

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ინტერს" სტეფანო პიოლი ჩაუდგა სათავეში, გუნდი შესანიშნავად ათამაშდა. მილანურ გრანდს ბოლო 9 მატჩი აქვს მოგებული და მათ შორის 7 - სერია A-ში. შედეგიც სახეზეა - "ნერაძური" ლიდერებში გაერია, მეოთხე ადგილზე გამაგრდა და მესამეზე მყოფ "ნაპოლის" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. დიახ, "ინტერს" ჩემპიონთა ლიგის ზონიდან ერთი ნაბიჯი აშორებს და ეს მაშინ, როდესაც სულ ახლო წარსულში, გუნდი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იყო.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში სწრაფად იცვლება მოვლენები - დიდი ხნის განმავლობაში, სამეულში "მილანი" იყო, "ინტერი" კი ღრმა
კრიზისში გახლდათ, თუმცა დღეს, სრულიად სხვა ვითარებაა: "მილანი" მე-7 ადგილზეა, ლიგის ზონას მთელი 8 ქულა აშორებს, "ინტერი" კი გაცილებით ხელსაყრელ პოზიციაშია.

"ნერაძურის" აღმასვლა პიოლის დამსახურებაა, რომელმაც "ლაციოსთან" სათასო დაპირისპირების წინ მედიას ინტერვიუ მისცა...

- ელოდით, რომ ასე კარგად განვითარდებოდა მოვლენები?
- როდესაც "ინტერის" მწვრთნელობა შემომთავაზეს, ერთი წუთითაც არ მიფიქრია და მყისვე დავთანხმდი. მიზეზი ის გახლავთ, რომ ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და დავინახე ის რესურსი, რომელსაც უბრალოდ, სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება. ამიტომ არ მიკვირს, რომ წარმატებული მატჩების სერია გვაქვს და გუნდი აღმავლობას განიცდის. ვფიქრობ, "ინტერს" გაცილებით მეტი შეუძლია.

- ჩემპიონთა ლიგის ზონას ერთი ნაბიჯი გაშორებთ...
- ჩვენი მიზანი ყოველი კონკრეტული მატჩის მოგებაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. "ინტერს" ჯერ კიდევ არ უკავია ის ადგილი, რომელიც ამ გუნდის სახელს ეკადრება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ამიტომ კმაყოფილების საბაბი არ გვაქვს და უმჯობესია, რომ მშვიდად გავაგრძელოთ მუშაობა. "ინტერს" აქვს იმის რესურსი, რომ არათუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, სკუდეტოსთვის იბრძოლოს.

- თუმცა, სეზონის სტარტზე ბევრი ქულა დაიკარგა. მაინც, რა არ გამოუვიდა ფრანკ დე ბურს?
- დე ბური კარგი მწვრთნელია, მაგრამ გარემოებებმა არ შეუწყო ხელი. მისთვის იტალიური ფეხბურთი უცხო იყო და გაუჭირდა ვითარების დარეგულირება. ენობრივმა ბარიერმაც გარკვეული როლი ითამაშა და მთლიანობაში, დე ბური ვერ გაუშინაურდა ახალ კლუბს. ფრანკს უჭირდა ფეხბურთელებთან კომუნიკაცია და თუ გუნდი ერთ მუშტად არაა შეკრული, წარმატებაზე ფიქრი გამორიცხულია.

- რობერტო მანჩინიზე რას იტყვით?
- მანჩინის ჰქონდა გარკვეული შედეგები და მის ხელში გუნდი პროგრესირებდა, მაგრამ კლუბის ახალ მესვეურებთან ვერ გამონახა საერთო ენა. ამას მოჰყვა რობერტოს გათავისუფლება და მის ნაცვლად, ფრანკ დე ბურის დანიშვნა. წარსულზე ლაპარაკს არ აქვს აზრი, რადგან წინ უნდა გავიხედოთ. დღეს "ინტერი" გაცილებით უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე სეზონის სტარტზე და პროგრესი უნდა გაგრძელდეს.

- 4-2-3-1 ის სქემაა, რომელიც ამ "ინტერს" ყველაზე კარგად ერგება?
- დღეს სწორედ ასეა. გვყავს გამოკვეთილი ცენტრფორვარდი მაურო იკარდის სახით, რომელსაც ფლანგებიდან პერიშიჩი და კანდრევა ეხმარებიან, გამთამაშებლის პოზიციაზე კი ხშირად როტაციას მივმართავ. ეს სქემა კარგად მოერგო გუნდს, მაგრამ თადარიგში კიდევ არაერთი ტაქტიკური მონახაზი გვაქვს.

- რობერტო გალიარდინიმ მალევე დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი...
- საყრდენ ხაზზე ორ ფეხბურთელს ვათამაშებ, რომელთაგან ერთი უფრო ჩაშლაზეა ორიენტირებული და მეორე შექმნაზე. როდესაც მოედანზე ბროზოვიჩი და კონდოგბია არიან, ეს სწორედ ასეა, გალიარდინის კი ყველაფერი შეუძლია. რობერტო თანაბრად ნაყოფიერია როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში, რაც განსაკუთრებულად დასაფასებელია. რაც მთავარია, გალიარდინი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ინტერმა" სატრანსფერო ფანჯარა დახურა?
- დიახ, ასეა, რადგან გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული. მიმდინარე სეზონში, ამ რესურსით შევეცდებით წარმატების მიღწევას, ზაფხულში კი ვნახოთ, რა იქნება.

- რა სჭირდება "ინტერს" იმისთვის, რომ ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნდეს?
- შრომა და სწორი მიმართულებით განვითარება. შესაძლოა, დღეს "ინტერი" შორსაა ევროპული ფეხბურთის მწვერვალიდან, მაგრამ შეიძლება ვითარება მოკლე დროში შეიცვალოს. მჯერა, რომ ეს ასეც იქნება და ჩვენ ერთად შევცვლით ვითარებას.

- თუმცა, იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა საჭირო, კონკურენცია კი "რომასთან" და "ნაპოლისთან" მოგიწევთ...
- კარგია, რომ დღეს ამ თემაზე ვლაპარაკობთ. სულ ახლო წარსულში, "ინტერს" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას ვერავინ უწინასწარმეტყველებდა. "რომა" და "ნაპოლი" უმაღლესი კლასის გუნდები არიან, რომლებსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ჩემგან განსხვავებით, მაურიციო სარის და ლუჩანო სპალეტის თავიანთ გუნდებში მუშაობის მეტი გამოცდილება აქვთ. მოკლედ, მათ მხარეს ბევრი პლუსია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.

- როდის დაემხობა "იუვენტუსის" ჰეგემონია?
- ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ბოლო წლებში, "იუვენტუსი" კონკურენტებს ორი თავით სჯობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვითარება ძალიან მალე შეიცვლება. მომდევნო სეზონში, "ინტერმა" სკუდეტოსთვის უნდა იბრძოლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული